მთავარი,სიახლეები

მდინარაძე აღიარებს, რომ მოქალაქეს აგინა

29.03.2025
მდინარაძე აღიარებს, რომ მოქალაქეს აგინა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღიარებს, რომ მოქალაქეს აგინა.

„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ათობით ადამიანიდან ერთ-ერთმა, უსაზიზღრესი სიტყვებით, პირადი მიმოწერის დროს,  დაიწყო შეურაცხყოფა და როგორც კი თქვა, რომ გოგო იყო (რისი წარმოდგენაც მის მიერ გამოყენებული სიტყვების გამო აქამდე შეუძლებელი მეგონა:), ბუნებრივია, აღარ გავაგრძელე იმ ფორმით პასუხის გაცემა…

საკმაოდ ვრცელი მიმოწერიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაასაჯაროვა და მოიტყუა, რომ თითქოს თავად არ იყო შეურაცხყოფის ინიციატორი. ზოგადად, ასეთი მდარე მანიპულაციებით საზრდოობს ნაცური პიარი…“ – წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქზე და ასე ეხმაურება მოქალაქის პოსტს, რომელიც წერდა, რომ „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აგინა.

გუშინ, 28 მარტს, მოქალაქე ანა ყაულაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა მიმოწერის სქრინი, მასსა და მამუკა მდინარაძეს შორის.

სქრინის მიხედვით, მამუკა მდინარაძე მოქალაქეს უშვერი სიტყვებით აგინებს და მოიხსენიებს როგორც „გაბლატავებულ ქათამს“.

მამუკა მდინარაძისა და მოქალაქის მიმოწერის ამსახველი სქრინი

მოგვიანებით ანა ყაულაშვილმა ამ მიმოწერის შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ის არის „საქართველოს 23 წლის მოქალაქე“, რომელსაც განსხვავებით მამუკა მდინარაძისგან, არ აქვს არანაირი თმენის ვალდებულება, როდესაც ხედავს, როგორ ეპყრობიან მის ქვეყანას.

დღეს თავად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დაადასტურა ამ მიმოწერის ნამდვილობა და აღიარა, რომ მოქალაქეს აგინა.

მამუკა მდინარაძემ მის მიერ მოქალაქისადმი გინება დაუკავშირა ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და კომისიის მუშაობას, რომელიც ოცნების პარლამენტმა შექმნა. „ქართული ოცნება“ ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არ ეთანხმება მმართველი პარტიის პოლიტიკას და პარტიულისგან განსხვავებული, თავისუფალი აზრი გააჩნია.

„ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც: დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე. ⁠ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც: აღიარეს ომის დაწყება, ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული

შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ“,” – წერს მამუკა მდინარაძე.

სინამდვილეში, ის რასაც მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგად და ახალ ამბად ასაღებს, აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ არის დადგენილი, რომელი კომისიაც ომიდან მალევე, 2008 წელს შეიქმნა.

ამის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებშიცაა ხელმისაწვდომი.  თუ ქართულ ვიკიპედიას გახსნით და აგვისტოს ომის შესახებ მოიძიებთ ინფორმაციას, იქ იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წელს გენერალი გოგავა წარსდგა აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წინაშე და მისცა ჩვენება:

„2008 წლის 7 აგვისტოს 23:35 საათზე დახურული სპეცკავშირის ტელეფონზე უმაღლესი მთავარსარდლისგან [პრეზიდენტ სააკაშვილისგან] ირეკება და ვიღებ ბრძანებას: 1. შეაჩერეთ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ყველანაირი ძალები; 2. ჩაახშვეთ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც ესვრიან ქართულ პოსტებს და 3. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დროს დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა,“ – თქვა ზაზა გოგავამ 2008 წელს და იგივე გაიმეორა 2025 წლის 27 მარტსაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაზე.

სქრინი ვიკიპედიიდან

ამ დრომდე, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ვრცლად და ქრონოლოგიურადაა აღწერილი თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები 7 აგვისტომდე. კერძოდ, როგორ იბომბებოდა ქართული სოფლები და მშვიდობიანი მოსახლეობა რუსი სამხედროების და ოსი სეპარატისტების მხრიდან.

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა. ასობით ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ომის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისა და სროლების შედეგად. ასევე ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება. ათასობით მოქალაქის ქონება გაიძარცვა და განადგურდა, შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა საკუთრებაზე. ამასთან, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს სტრასბურგის გადაწყვეტილება აგვისტოს ომზე 

—————————-

„ქართული ოცნების“ პარლამენტში 2025 წელს შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულები უნდა გამოიძიოს. ამ კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე 2008 წლის ომის საქმეზე დაიბარეს გაერთიანებული შტაბის მაშინდელი უფროსი, გენერალი ზაზა გოგავას და იმ დროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი, გენერალი მამუკა ყურაშვილი.

გენერლები კომისიის წინაშე 27 და 28 მარტს წარსდგნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: