უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომს დროს, 23 წლის ასაკში, ტყვედ ჩავარდა.
გიორგი ანწუხელიძე სასტიკი წამების შემდეგ, ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს.
2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. იქამდე, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.
2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები.
ეროვნული გმირის წამების კადრებში ჩანს, ზურგსუკან ხელებშეკრულ გიორგი ანწუხელიძე როგორ ჰყავთ წრეში მოქცეული სამხედრო ფორმიანებს და სასტიკად აწამებენ.
ფორმიანები სამხედრო ჩექმით თავსა და ზურგზე ფეხს ადგამენ ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს. შემდეგ კი თავზე ბოთლით წყალს ასხამენ.
2013 წლის 15 აპრილს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
ასევე, გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.
2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.
2018 წლის ნოემბერში ახმეტაში მდებარე მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს.
2024 წლის 18 აგვისტოს, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე, მის მშობლიურ თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, გაიხსნა ეროვნული გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.






