სინდისის პატიმარმა, ირაკლი ქერაშვილმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომლითაც ის მებრძოლ ქართველ ქალებს მადლობას უხდის.
„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ სინდისის პატიმრის წერილს.
“ეს წერილი მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ქართველ ქალებს, დედებს და დებს.
მადლობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა სინდისის პატიმარ, ძლიერ და გაუტეხელ ქალს, მზია ამაღლობელს!
„გავრილოვის ღამიდან“ მოყოლებული არა ერთგზის მითქვამს ეს სიტყვები – „ამ პროცესში ქალების იმედი უფრო მაქვს“.
ჯერ კიდევ გნეუს პომპეუსის ლაშქრობის დროინდელ ისტორიულ წყაროებში ვხვდებით ამბავს, თუ როგორ შეუპოვრად იბრძოდნენ „ქართველი ამორძალები“.
არაერთხელ ვიყავი ქალების მარშის მონაწილე და მინდა გითხრათ, რომ ვამაყობ თქვენით.
დღეს უშიშარ ქალთა, დედათა, დათა და ცოლთა წვლილი ჩვენს ბრძოლაში უაღრესად დიდია!
არ შემიძლია არ შევეხო იმ უძლიერეს ემიგრანტ დედებს, რომელნიც გადახვეწილნი არიან შორს სამშობლოსგან და ოჯახებისგან, რათა უზრუნველყონ მათი შვილები და ოჯახები, ქვეყნის ეკონომიკაც მათზე დგას. თქვენ გმირი დედები ხართ, როგორც დედაჩემი.
მე ვიცი, რომ სულ მალე ერთად ავაშენებთ ისეთ საქართველოს, როგორზეც ვოცნებობთ!
თქვენ, ქართველი ქალები, ჩვენი დროის მარო მაყაშვილები ხართ. და ეს ფაქტი მე მარწმუნებს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!
პატივისცემით! თქვენი თანამებრძოლი ირაკლი ქერაშვილი“.
25 მარტს გაიმართა ირაკლი ქერაშვილის და სხვა 10 პატიმრის სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დარბაზში არ დაუშვა დამსწრეები.
მოსამართლემ სხდომაზე არ დაუშვა არც ირაკლი ქერაშვილის ემიგრანტი დედა, რომელიც საქართველოში შვილის დაპატიმრების შემდეგ ჩამოვიდა და უკან, იტალიაში დაბრუნებამდე შვილის ნახვის ბოლო შანსი ჰქონდა. ადვოკატებმა და ბრალდებულებლმა არაერთხელ მიმართეს მოსამართლეს გამონაკლისის დაშვების თხოვნით, რასაც პროკურორებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ წესი წესია და პატიმრის დედას უარი უთხრა სასამართლო დარბაზში დაშვებაზე.
პროევროპული აქციების 11 მონაწილეს — ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რევაზ კიკნაძეს, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგი კუხარჩუკს ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში, ამ შემთხვევაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.