მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ახალგაზრდა ქართველი პიანისტები ფრანგი კომპოზიტორის, მიშელ სონის მასტერკლასს გადიან

07.09.2019 • 3488
ახალგაზრდა ქართველი პიანისტები ფრანგი კომპოზიტორის, მიშელ სონის მასტერკლასს გადიან

ლიზა მეგრელიშვილი 9 წლის პიანისტია ქუთაისიდან. პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ და ფრანგმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა და ფილოსოფიის დოქტორმა მიშელ სონიმ მისი მუსიკალური ტალანტი შარშან აღმოაჩინა – როცა ლიზამ ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ მასტერკლასზე დაუკრა და ფრანგმა მაესტრომ ის მოსმენისთანავე მიიწვია პარიზში. ლიზამ პარიზელი მსმენელისთვის კონცერტზე იდეალურად შეასრულა ურთულესი ნაწარმოებები.

9 წლის პიანისტი 6 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ მიშელ სონის მასტერკლასზეც იყო მიწვეული. ლიზა ახლა სწორედ მიშელ სონის მეთოდით ეუფლება საფორტეპიანო ხელოვნებას იშვიათი ნიჭით გამორჩეულ რამდენიმე სხვა ბავშვთან ერთად – ისინი ელისო ბოლქვაძის ფონდ ,,ლირასა“ და მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდის „Sos Talents“-ის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

9 წლის ლიზა მეგრელიშვილი მიშელ სონის მასტერკლასზე

ორივე ფონდის მიზანი ახალგაზრდა ვირტუოზი ქართველი პიანისტების აღმოჩენაა, რომლებიც მიშელ სონის მასტერკლასებს გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსებში.

5,6 და 7 სექტემბერს მიშელ სონის მასტერკლასები ბათუმის დრამატულ თეატრში უკვე შერჩეულ ახალგაზრდა პიანისტებთან ჩატარდა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში.

მაესტრო მიშელ სონის საფორტეპიანო ხელოვნების სწავლების მეთოდი ინოვაციური და შემოქმედებითია. ფრანგმა კომპოზიტორმა ეს მიდგომა, როგორც თავად ამბობს, 40 წლის წინ შეიმუშავა, მისი ერთ-ერთი პირველი მოსწავლე კი ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე იყო.

,,როცა მიშელ სონის მეთოდს გავეცანი უკვე შემდგარი პიანისტი ვიყავი, მაგრამ მივხვდი რამდენი რამ შეიძლება კიდევ გაიხსნას ადამიანში და დაინახო მეტი, ვიდრე ხედავდი. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო პროცესი – ახალი სამყაროს დანახვის, მუსიკის სხვანაირად აღქმის.

21-ე საუკუნეში ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება, ვითარდება მუსიკისადმი მიდგომაც, არ უნდა დავრჩეთ ძველ წარმოდგენებსა და მეთოდებში. მიშელ სონის მეთოდი სწორედ ამ სიახლეების მატარებელია, ჩვენ ვეძებთ ბავშვებს, რომლებსაც მათი ასაკის ბავშვებთან შედარებით სხვაგვარი, გაცილებით დიდი მუსიკალური შესაძლებლობები აქვთ, რამდენიმე მათგანს ახლა მაესტროს მასტერკლასზე ხედავთ. როცა ისინი პარიზში ჩამოდიან, უკრავენ და საერთაშორისო კონკურსებში ერთვებიან, იზრდება მათი პასუხისმგებლობა და ეს არის გზა პროფესიონალ პიანისტად ჩამოსაყალიბებლად“, – ამბობს ელისო ბოლქვაძე.

ილია ლომთათიძე

ილია ლომთათიძეც ლიზა მეგრელიშვილის მსგავსად 8 წლის ასაკიდანაა მიშელ სონისა და ელისო ბოლქვაძის ფონდების რჩეულია. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია. სულ ცოტა ხნის წინ კი მანჩესტერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ყოველ წელს იღებს მონაწილეობას ბათუმის ფესტივალის მასტერკლასებში, უკრავს პარიზში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში. მიაჩნია, რომ განსაკუთრებული წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია, რადგან საკუთარი თავისგან ბევრს ელის და გეგმავს, რაც მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა.

„არ ვთვლი, რომ განსაკუთრებულად წარმატებული ვარ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ბევრი რამ უნდა გავაკეთო. მაესტრო მიშელ სონის სწავლების მეთოდი ძალიან დამეხმარა განვითარებაში, ეს მიდგომა ტექნიკის და ბგერის დახვეწის პროცესს აჩქარებს“, – ამბობს ახალგაზრდა პიანისტი, ლუკა ლომთათიძე.

,,ბათუმელებს“ საფორტეპიანო ხელოვნების სწავლების საკუთარ, ინოვაციურ  მეთოდზე

მიშელ სონის მასტრეკლასი

მიშელ სონის მასტრეკლასი

თავადაც ესაუბრა. როგორც ფრანგი კომპოზიტორი ამბობს, შესრულების ტექნიკური მეთოდის გარდა მისი მიდგომა პიანისტის, როგორც ხელოვანის ფორმირებაცაა.

,,არტისტში შესაძლებელია მუსიკის სხვადასხვაგვარად აღქმის უნარის განვითარება, ნელ-ნელა და მეთოდურად. როცა ეს ემოციური განვითარება მომწიფდება, მერე უკვე პიანისტს შეუძლია თვითგამოხატვა, თითების ბალიშებისა და ტექნიკის საშუალებით იმის გადმოცემა, რაც მან იგრძნო და დაინახა.

შეუძლებელია საფორტეპიანო ხელოვნება ისწავლო მოცარტის, შოპენისა თუ ბეთჰოვენის ნაწარმოებებით, ეს ურთულესი მუსიკაა და კომპოზიტორები ნაწარმოებებს არ ქმნიდნენ დამწყებთათვის. წარმოგიდგენიათ რომ ინგლისურის სწავლა გინდოდეთ და მაშინვე შექსპირის ტექსტებით დაიწყოთ? ეს ხომ შეუძლებელია. ასეა მუსიკაშიც, ამიტომაც შევქმენი სავარჯიშოების სასწავლო ბაზა, ემოციის ჩვენება და ბგერის გამოხატვა – ესაა ჩემი მეთოდის მიზანი, ეს მეთოდი კიბესავითაა, საფეხურებს შორის გარკვეული მანძილია და ვინც სიმაღლეზე ავა დაბლა აღარ ჩამოვარდება“, – ამბობს მაესტრო მიშელ სონი.

ფრანგი კომპოზიტორის მოსწავლეები ამბობენ, რომ მიშელ სონის მეთოდით საფორტეპიანო შესრულების ტექნიკის სწავლა სიამოვნებად იქცევა, რადგან პიანისტს ინტერპრეტაციის და თავისუფლად აზროვნების დიდი შესაძლებლობა ეძლევა.

მიშელ სონის მასტერკლასები ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, ფესტივალი UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით უკვე მეშვიდე წელია იმართება.

ფესტივალი წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსმენელს კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების და ახალგაზრდა ვირტუოზების მოსმენის შესაძლებლობა ბათუმში პირველიდან ათ სექტემბრამდე აქვს.

ლიზა მეგრელიშვილი, ანაჰიტ სტელმაშოვა, ეკა ნიკოლაძე, ბარბარე ჩხაიძე, ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაძე – 10 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში ფესტივალს სწორედ ამ ახალგაზრდა ვირტუოზების საფორტეპიანო კონცერტი დაასრულებს, რომლებიც ფრანგი კომპოზიტორის მასტერკლასებს ესწრებოდნენ 6, 7 და 8 სექტემბერს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: