მთავარი,სიახლეები

„რაც თეთრ სახლში ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება“ – ინტერვიუ

01.03.2025 •
„რაც თეთრ სახლში ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება“ – ინტერვიუ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. მანამდე არსებობდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნებოდა წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა.

დღეს, პირველ მარტს „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

რა აჩვენა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

  • ბატონო კორნელი, 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას მსოფლიომ ნახა სურათი, რომ აშშ-ი უკრაინას სთხოვს იმ ომის დასრულებას, რომელიც მათ არ დაუწყიათ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას, რაზე მეტყველებს აშშ-ს ეს პოზიცია?

რაც თეთრ სახლში ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება და ჩვენ ვხედავთ პირველ ნაბიჯებს ტრამპის ეგრეთ წოდებული დოქტრინის, რომლის ძირითადი აზრი არის ის, რომ ტრამპი ეყრდნობა რეალპოლიტიკის პრინციპებს. ეს იმას გულისხმობს, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც საკუთარი მოკავშირეების პოზიციები, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ამ ყველაფერზე უარს ამბობს.

რეალურად ხდება რევიზია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი საერთაშორისო წესრიგის, რაც იწვევს უამრავ პრობლემას.

მათ შორის ვნახეთ ის, რომ ეს შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო აშშ-ის დიპლომატიაში – ასეთი რამ არასდროს მომხდარა თეთრ სახლში, რომ სტუმარი გაეძევებინათ.

ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ, რომ სატელევიზიო ეთერში, მთელი მსოფლიოს თვალში, საკუთარი მომხრეების თვალში გაეშავებინათ ზელენსკი და წარმოეჩინათ ისე, თითქოს ზელენსკი მშვიდობის წინააღმდეგია და ტრამპის ადმინისტრაციას უნდა მშვიდობა.

  • რა დგას ამის უკან, რის სანაცვლოდ შეიძლება მოხდეს ეს?

რამდენიმე მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით.

პირველი ის, რომ დღეს შეერთებული შტატები კარგავს მსოფლიოში დომინაციას და აქედან გამომდინარე მსოფლიო უფრო მულტიპოლარული ხდება.

ახლა ტრამპი ცდილობს ჩინეთის საპირისპიროდ იმოქმედოს რუსეთის მხარდაჭერით, როგორც ეს თავის დროზე მოხდა ნიქსონის პერიოდში, როდესაც აშშ-მა ჩინეთთან გააუმჯობესა ურთიერთობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, მათ აქვთ ილუზია, რომ რუსეთს გამოიყენებენ ჩინეთის საწინააღმდეგოდ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის გადახედოს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებს.

ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთი არ არის მისი პრობლემა, ამავე დროს ის არ იქნება წინააღმდეგი თუ რუსეთი გაძლიერდება და ევროკავშირი, რომელსაც ტრამპი ასევე განიხილავს, როგორც მის ეკონომიკურ მოწინააღმდეგეს, დაკავებული იქნება რუსეთთან დაპირისპირებით. საბოლოო მიზანი ეს არის, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს ამერიკის ეკონომიკური ძლევამოსილებას.

ეს გამოჩნდა გუშინაც და ამ ბოლო პერიოდშიც ვხედავდით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა ერთი ერთშია რუსეთის ხელისუფლების რიტორიკასთან. ამას რუსი კომენტატორები და ექსპერტებიც აღნიშნავენ. რამდენიმე მათგანმა იწინასწარმეტყველა კიდეც დაახლოებით, რა მოხდებოდა ამ შეხვედრაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, აშშ-ს და რუსეთის ხელისუფლებას ერთნაირი იდეოლოგიური ხედვა აქვთ.

  • ყველა შეთანხმება, რაზეც კი რუსეთი ხელს აწერდა, იყო დარღვეული, მათ შორის „ბუდაპეშტის მემორანდუმის” სახელით ცნობილი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ბირთვული იარაღის დათმობის ხარჯზე. რა აძლევს ამ იმედს ტრამპს, რომ მას არ უმუხთლებს პუტინი?

ტრამპი არის ტრანსაქციული პოლიტიკის მომხრე, რომლისთვისაც საერთოდ არაფერს წარმოადგენს დემოკრატიული ღირებულებები და პირდაპირ ამბობენ ამას. აქედან გამომდინარე, ისინი ამბობენ, რომ რადგან მულტიპოლარული ხდება მსოფლიო, ამერიკამ თავისი თავი უნდა გააძლიეროს და ნებისმიერ სხვას, პირველ რიგში ჩინეთს, განიხილავენ მოწინააღმდეგედ, მათ შორის ევროკავშირსაც.

თითქოს მე-19 საუკუნის იზოლაციონისტურ პოლიტიკას უბრუნდება, თუმცა, დღევანდელ სიტუაციაში ეს შეუძლებელია.

აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის რიტორიკა არ ემთხვევა ამერიკელი ხალხის პოზიციებს, რაც სხვადასხვა კვლევით დასტურდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა საზოგადოებამ ამოიღოს ამაზე ხმა, თუ რამდენად პასუხობს ეს პოლიტიკა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. პირიქით, ბევრი საუბარია იმაზეც, ხომ არ ასუსტებს ეს ამერიკის, დასავლეთის გავლენებს და საერთოდ თავდაყირა აყენებს არსებულ საერთაშორისო წესრიგს.

მშვიდობა კი არ მყარდება, პირიქით, ქაოსისკენ უბიძგებს არსებულ საერთაშორისო სისტემას.

ამ დაშოშმინების პოლიტიკამ წლების წინ რა მოიტანა, თუ ამაზე არ სწავლობს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, რომ აგრესორ სახელმწიფოს დაშოშმინების პოლიტიკით უფრო უჩნდება სურვილი, რომ იერიში მარტო უკრაინაზე კი არა, ნატოს წევრ სახელმწიფოებზეც მიიტანოს…

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ პუტინის გაცხადებული გეგმაა საბჭოთა კავშირის აღდგენა და ასევე ნატოს ჯარების გაყვანა აღმოსავლეთ ევროპიდან, როგორც ეს იყო საბჭოთა პერიოდში. ეს წარმოუდგენელია დღევანდელ ვითარებაში.

ამიტომ, როცა ეს იცის ტრამპის ადმინისტრაციამ და აქვთ ყველა ინფორმაცია, მათ შორის იმაზეც, თუ რა არის რუსეთის მიზნები და როცა უკრაინის სახელმწიფო ლიდერს ექცევიან ასე, არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინთან შეხვედრაც იმის მსგავსად გაიმართება, რაც ვნახეთ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.

  • ტრამპი ამბობდა, რომ ზელენსკის არ უნდა მშვიდობა. ანუ რას გულისხმობს ის მშვიდობაში, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები რუსეთის სასარგებლოდ? ეს ხომ კაპიტულაციას ნიშნავს.

სწორედ ეს არის ტრაგედია – ვერ დაინახა ზელენსკიმ, რომ ის მიიღებდა მშვიდობის გარანტიებს თუნდაც იმ მინერალების დათმობის სანაცვლოდ, რაზეც მიდიოდა მოლაპარაკებები.

ზელენსკიმ უკეთ იცის, რას ნიშნავს პუტინის სიტყვა. აშშ-ს უნდა ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ რა პირობებში, არ არის ნათელი. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება და ამაზე დასავლური მედიაც მიუთითებს, რომ ტრამპი უკვე პუტინის მხარესაა.

  • ზელენსკიმ FOXnews-თან აღნიშნა: „გაგვიჭირდება თქვენი დახმარების გარეშე. თქვენი ხალხი ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარება. ამიტომ ვართ აქ“. თუ შეწყვეტს ამერიკა დახმარებას, რა ელოდება უკრაინას, როგორ შეიძლება დავინახოთ მოვლენების განვითარება?

FOX-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თითქოს შეარბილა რიტორიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უკან დახევას აპირებს, რადგან უკრაინას არ აქვს უკან დასახევი გზა.

იმედია, მაინც იპოვიან საერთო ენას. მეორე მხრივ, შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის შანტაჟი დაიწყოს და იყო ამის ნიშნები, როცა თქვეს, რომ სტარლინკზე წვდომას შეუწყვეტენ ან სამხედრო დახმარება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ ევროპის ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას. ვხედავთ, რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ამერიკის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.

იმედია, რაღაც შეიცვლება ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაში.

თუ გახსოვთ, ბოლო მოლაპარაკებებზეც ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდათ, ითხოვდნენ უკრაინისგან, რომ ეს დახმარება ვალად ეღიარებინათ და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს რაღაც შეცვალეს.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან დგას შეერთებული შტატების რეპუტაცია და არა მგონია „რესპუბლიკელებს“ მოსწონდეთ რუსეთის მიმართ მაამებლური დამოკიდებულება.

ეს ძირს უთხრის ამერიკის პრესტიჟს მსოფლიოში და ტრამპის პერსონალურ იმიჯსაც, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ მას ძალიან უნდა ნობელის პრემია მიიღოს. მაგრამ ასეთი „მშვიდობით“, როგორსაც ის აპირებს, ნებისმიერ ფასად, უსამართლობაზე დამყარებული „მშვიდობით“, არა მგონია მან ასეთ რამეს მიაღწიოს და მით უმეტეს, საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს.

  • ამ ფონზე, რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს? სამ თვეზე მეტია ხალხი ქუჩაშია და ითხოვს ახალ არჩევნებს. უნდა გვქონდეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დემოკრატიის მხარდაჭერის იმედი?

ობიექტურად თუ ვიტყვით, საერთაშორისო გარემო კომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“, რადგან რაც უფრო არეულია საერთაშორისო პოლიტიკა, მით უფრო ასხამს ეს „ოცნების“ წისქვილზე წყალს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გვქონდეს ქართული საზოგადოების იმედი, რომ ის დადგება თავისი ინტერესების სადარაჯოზე.

ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ წნეხი შიდა და გარე, ორივე ერთად იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-დან ამას არ უნდა ველოდეთ, ალბათ ეს უფრო ევროკავშირის მხრიდან იქნება – მთავარი გასაღები მაინც აქ დევს, რადგან ჯერ ისევ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

იქ, სადაც უკრაინის ინტერესები მეორეხარისხოვანია ამერიკისთვის, საქართველო საერთოდ არ წარმოადგენს არავითარ ღირებულებას. ეს საშუალებას აძლევს „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმი უფრო გაამყაროს.

ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ აშშ-ს ჯერჯერობით საქართველოსთან მიმართებით არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. იმედი მაქვს ევროკავშირი ბოლომდე მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, თუმცა ვხედავთ, რომ იქაც არ არის ერთგვაროვანი აზრი ამ საკითხზე.

არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ ამ ერთიანი ევროპული იდეის აყირავებას. თუმცა მაინც უნდა ვიქონიოთ მათი მხარდაჭერის იმედი.

ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს ამ პროცესებში, არის „ქართული ოცნების“ დაყოფის პოლიტიკა, რადგან ისინი უპირისპირდებიან ქართულ საზოგადოებას. მათ შორის საჯარო მოხელეებს, მედიას, ახლა უნივერსიტეტების წინააღმდეგ აპირებს რეგულაციების შემოღებას. მათი პოლიტიკა მიდის დაყოფის, ესკალაციისკენ და არა იქითკენ, რომ ერი გააერთიანონ.

_____________________

მთავარ ფოტოზე: ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE

გადაბეჭდვის წესი


ასევე: