ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ გაწერეს, თუმცა ის ციხეში ჯერ არ გადაჰყავთ.
საიას განცხადებით ამ დრომდე არ აქვთ ოფიციალური ინფორმაცია რატომ არ გადაჰყავთ მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში.
„მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება. გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან.
ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა.
დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც, რომელიც პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებს საკვების მიღებაზე,“ – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ადვოკატებმა მზია ამაღლობელი კლინიკაში ინახულეს. ციხეში გადაყვანა თავად მისი სურვილიცაა, თუმცა ჯერჯერობით ის ისევ კლინიკაში რჩება.
თავდაპირველი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ციხეში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ. ადვოკატებიც მის მონახულებას დღეს უკვე ციხეში აპირებდნენ და ამ ვითარებაში გაირკვა, რომ პენიტენციურ სამსახურს ციხეში არ გადაუყვანია.
პენიტენციურ სამსახურში ნეტგაზეთის ზარებს არ უპასუხეს.
საიამ სასამართლოს საჩივრით მიმართა, მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი






