„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ ბათუმში კოტეჯების ნაცვლად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს.
განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] ცვლილებების შეტანაზე კომპანიამ ბათუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა. კომპანიის წინადადებას მერია დათანხმდა, ცვლილებები კი ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 თებერვალს დაამტკიცა.
გეგმარებითი ერთეულის [მათ შორის მიწის ნაკვეთების] საერთო ფართობი 25 773 კვადრატული მეტრია და ბათუმში, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავგიის ქუჩის პირველ ჩიხში მდებარეობს. ტერიტორია შემაღლებულ ფერდობზეა, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება.
ბათუმის საკრებულოში ქალაქის მერიისგან გაგზავნილ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, მათში საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, ასევე ავტოსადგომებისა და გამწვანების ადგილების მოწყობა.
დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში იცვლება შემდეგი: კოტეჯები ჩანაცვლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 56,4 მეტრს.
შენობები 4, 5, 7 და 9-სართულიანი იქნება.

საცხოვრებელი კომპლექსი – განაშენიანების დეტალური გეგმიდან. ამ გეგმის მიხედვით აშენდება თითო ორ-ხუთ და შვიდსართულიანი კორპუსი და 4 ცხრასართულიანი კორპუსი.
გდგ-ს დოკუმენტის მიხედვით, აშენდება სულ 650 საცხოვრებელი ბინა [ჯამში 31 000 კვ.მ.] და 176 ავტოსადგომი [მიწისქვეშა სართულში 112 და მიწისზედა 64].
„განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გადამეტებისათვის მაკომპენსირებელი განისაზღვროს [შეთანხმებული პროექტის მიხედვით გადამეტებული] კ 1/2 მაჩვენებლის 10 პროცენტის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
თავდაპირველი პროექტის მიხედვით კომპლექსი ორ მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს [კოტეჯს] აერთიანებდა.

არსებული და საპროექტო ხედები / ფოტო გდგ-დან
გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების“ დეპუტატია არალეგიტიმურ პარლამენტში. ის „ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიცაა. მან „ოცნებას“ 2024 წელს 51 000 ლარი, 2023 წელს კი – 60 000 ლარი შესწირა.
საერთო ჯამში 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით გიორგი ჭყონიას 461 000 ლარი აქვე შეწირული „ოცნებისთვის“.
ამ თემაზე: „ოცნებას“ ყველაზე ბევრი აჭარიდან შესწირეს – მშენებლების „ფანდრაიზინგი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ერთ-ერთი [2023 წლის] კვლევის მიხედვით კი ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.
გიორგი ჭყონია იმ ბიზნესმენებს შორისაა, ვინც 2022 წელს აჭარის მთავრობას კუნძულ მალიორკაზე ვიზიტი დაუფინანსა.
ვრცლად ამ თემაზე:
გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს