მთავარი,სიახლეები

2 თებერვლის აქციის დროს პოლიციელებისთვის შსს-მ 56 925 ლარის საკვები იყიდა

09.02.2025 •
2 თებერვლის აქციის დროს პოლიციელებისთვის შსს-მ 56 925 ლარის საკვები იყიდა

თბილისში 2 თებერვალს გამართული პროევროპული საპროტესტო აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უტენდეროდ, გამარტივებული წესით, 56 925 ლარის საკვები შეისყიდა – „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შსს-ს მოსამსახურეებისთვის“.

2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, პოლიციამ თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავა. მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგინებენ და სცემენ პოლიციელები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილის [ხარება] ჩათვლით, აქციის მონაწილეებს და დაკავებულებს.

შსს-ს მიერ, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, 2 თებერვლისთვის სულ შეძენილი იქნა 5 500 ცალი ლანჩის ნაკრები.

„გთხოვთ თქვენს განკარგულებას შესაბამის სამსახურზე, განხორციელდეს 5 500 ცალი ლანჩის ნაკრების  [ლანჩის ნაკრების შემადგენლობაში შედის: 1 ცალი სენდვიჩი (პური – არანაკლებ 100გრ. ყველი – არანაკლებ 50გრ. ლორი – არანაკლებ 70გრ.), 1 ცალი შოკოლადი (50-55გრ.) და 1 ცალი კოკა-კოლა (0,5ლ)] შესყიდვისათვის საჭირო პროცედურები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეებისათვის,“ – აღნიშნულია შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მალხაზ ნებიერიძის მიერ ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორ თია მელაძისთვის პირველ თებერვალს გაგზავნილ წერილში.

რაც შეეხება 5 500 ცალ ლანჩის ნაკრებს, შსს განაცხადში წერს, რომ ეს „რაოდენობა გამომდინარეობს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან, ღონისძიებაში ჩართული შსს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლების რიცხოვნობიდან და ღონისძიების ხანგრძლივობიდან.“

2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 2 თებერვლამდე პერიოდში, მხოლოდ თბილისში გამართული აქციების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერის გარეშე ჯამში 1 161 175 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში [ამ თანხით სამინისტრომ აღნიშნულ პერიოდში ჯამში 135 390 ცალი ლანჩის ნაკრები შეისყიდა გამარტივებული წესით.]

ამ და სხვა გამარტივებული შესყიდვების დროს ვისთან, რა პერიოდით და რა თანხაზე აფორმებს ხელშეკრულებებს შსს, უცნობია. შესაბამის დოკუმენტებს შესყიდვების პორტალზე შსს 2019 წლის შემდეგ არ აქვეყნებს და არც იძლევა. აქედან გამომდინარე, უცნობია – ვის და რამდენს უხდის სამინისტრო.

რა ხდება

ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 74-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-მდე ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე 29 დღეა შიმშილობს.

 

 

 მთავარი ფოტო: აქცია „თბილისი მოლთან“ 2025 წლის 2 თებერვალს / ფოტო: „ნეტგაზეთი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: