მთავარი,სიახლეები

„აპირებს აქ ჩაიკეტოს და ჩაკეტოს ქვეყანაც“ – ივანიშვილის აქტივები ოფშორიდან საქართველოში

30.01.2025 •
„აპირებს აქ ჩაიკეტოს და ჩაკეტოს ქვეყანაც“ – ივანიშვილის აქტივები ოფშორიდან საქართველოში

რა ზიანს მოუტანს ქვეყანას ივანიშვილის ბიზნესაქტივების ოფშორიდან საქართველოში შემოტანა და რა ბერკეტი რჩება რეჟიმის შესაცვლელად ხალხს, რომელიც ორი თვეა უწყვეტად ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. რას აპირებს დასავლეთისგან დასანქცირებული ივანიშვილი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანს, სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო სოსო, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის? 

ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა, როგორც ჩანს, და ემზადებოდა. ეს არის გზა მისთვის, რომ სანქციებს თავი აარიდოს და საქართველო კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქციოს, რადგან, მაგალითად, ბრიტანეთის იურისდიქცია ოფშორებზე ვრცელდება და ბრიტანეთიც დაასანქცირებს ივანიშვილს დიდი ალბათობით.

ეს არის გაგრძელება იმისა, რაც გაზაფხულზე მოხდა. როცა ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონის მიღებით გაუიაფდათ და გაუმარტივდათ საგადასახადო ტვირთი მათ, ვინც აპირებდა აქტივების შემოტანას საქართველოში.

მაშინაც ვსაუბრობდით ამაზე და იყო საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა თავისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვის [ეს იგივე თვითონ არის] ან მის ბიზნესთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქებისთვის.

სინამდვილეში, ძალიან ცუდი ამბავია, რადგან, ერთი მხრივ ეს ეხმარება ივანიშვილს, რომ დასავლეთის სანქციებს ნაწილობრივ მაინც აარიდოს თავი და მეორე მხრივ, ჩვენ გვაქცევს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში, რადგან აღარ იქნება ივანიშვილზე ზემოქმედების ბერკეტები, რაღაც სისტემას, რაღაც წესრიგს რომ დაემორჩილოს. ეს იზოლაცია ნიშნავს ძალის მეტ კონსოლიდაციას ამ ქვეყანაში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე.

  • როცა თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი ამით თავს აარიდებს სანქციებს, ეს შემოტანილი აქტივები რას ნიშნავს? თუ ფული შემოიტანა, სად ინახავს ამ ფულს, თუკი მას, როგორც სანქცირებულ პირს, ბანკები აღარ მოემსახურებიან. როგორ გამოიყენებს ამ თანხას?

აქტივებმა და ფულმა, რომელსაც შემოიტანს ბიძინა ივანიშვილი, ან სხვა რუსი ოლიგარქი, შესაძლოა გარკვეულწილად პოზიტიური შედეგი მოიტანოს იმ თვალსაზრისით, რომ ფული შემოვა ეკონომიკაში და ეკონომიკურ ზრდაში გვექნება კარგი რიცხვები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამით რაიმეს ისარგებლებს, ამით სარგებლობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქები. ეს არის ამბავი.

  • ფიქრობთ, რომ ივანიშვილი შემოტანილი ფულის დაბანდებას საქართველოში აპირებს?

ან გაჩერებას საქართველოში. არ ვიცი, რას აპირებს კონკრეტულად, მაგრამ მთავარია, რომ ის გაურბის დასავლეთის ზემოქმედებას და მის სანქციებს. მეორე მხრივ, ეს გაქცევა საქართველოს აქცევს იზოლაციაში, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენნაირი ქვეყნის ეკონომიკისთვის. იზოლაციაში უბრალოდ ვერ გაძლებს ჩვენი ეკონომიკა, რადგან იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. მაშინ სხვა ქვეყნები უნდა ჩავანაცვლოთ და ისევ რუსეთს ჩამოვეკიდოთ.

ეს არის ამბავი და ეს არის კიდევ ერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილის, რომ დაგვაშოროს დასავლეთს, მათ შორის ეკონომიკურად და უფრო მეტად გავხდეთ დამოკიდებული ისევ რუსეთზე, რადგან საიდანღაც ხომ დაგვჭირდება პროდუქციის შემოტანა.

  • როგორც ითქვა, ივანიშვილი ახალ კომპანიებს შვილის, უტა ივანიშვილის და მეუღლის სახელზე აფორმებს. 12 ოფშორული კომპანია გადმოიტანეს ამ გზით, მაგრამ ხომ შეიძლება უტა ივანიშვილიც დასანქცირდეს ან ივანიშვილის მეუღლე, რადგან მათ სანქცირებაზეც იყო საუბარი. როგორ ფიქრობთ, ეს ფული მხოლოდ რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში იმოძრავებს?

დიახ, რადგან დიდი ალბათობით უტასაც დაასანქცირებენ და ეკა ხვედელიძესაც, რომელიც ამ ბოლო დროს რატომღაც ეკატერინე ივანიშვილია და მაგათაც შეეხებათ ეს სანქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ განახორციელებენ ტრანზაქციებს ამერიკაში. ან სანქცირება მარტო ამერიკაში ტრანზაქციების შეზღუდვას ხომ არ ნიშნავს, მიბმული ხარ საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე და ამათ ყველას მაინც შეექმნებათ პრობლემები. ეს იმას ნიშნავს, რომ გზა ექნებათ ჩაკეტილი დასავლეთთანაც.

თუმცა მეორე მხრივ, ეს ჩვენთვისაც ჩაკეტვას ნიშნავს.

  • თუ ივანიშვილი ავტორიტარული ქვეყნების იმედზეა, რა გარანტია არსებობს, რომ თუნდაც ასეთ ქვეყნებში ივანიშვილის აქტივებს პრობლემა არ შეექმნება? მაგალითად, ჩინეთმა სანქციების გამო შეაჩერა რუსული ნავთობის შესყიდვა.

არანაირი გარანტია არ არსებობს. ავტორიტარულ ქვეყნებსაც თავისი განსხვავებები აქვთ. ჩინეთი არის ავტორიტარული ქვეყანა, მაგრამ მეორე მხრივ, არის უზარმაზარი ეკონომიკა, რომელსაც დასავლეთი – ევროკავშირიც და ამერიკაც სჭირდება.

ამიტომ, ჩინეთი კიდევ ბევრჯერ დაფიქრდება, ვიდრე ივანიშვილთან საქმეს დაიჭერს. ვხედავთ როგორი გაურკვევლობაა იგივე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ხომ?

არაფერი ვიცით რა ხდება და ესეც იმის მანიშნებელია, რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და, სავარაუდოდ, ჩინეთსაც ნაკლებად აინტერესებს ქვეყანა, რომელიც კარგ ურთიერთობაში არ არის დასავლეთთან. რადგან ჩინეთს საქართველო სჭირდება კარიბჭედ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იგივე სავაჭრო გზებისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ჩავიკეტეთ, ჩინეთს საქართველო როგორც ბაზარი, თავისთავად არ აინტერესებს.

  • თუ რუს ოლიგარქებსაც აქ შემოაქვთ თავიანთი აქტივები, მაშინ რუსეთს რაში სჭირდება ჩაკეტილი საქართველო?

რუსული იმპერიალიზმი სხვანაირია. ნორმალური ქვეყანა რომ იყოს რუსეთი, მაშინ მასაც არ უნდა აინტერესებდეს ჩაკეტილი საქართველო, მაგრამ რუსეთს სჭირდება საკუთარი გავლენის სფეროები, ამიტომ ყოველთვის რაციონალურად და ეკონომიკურად არ აზროვნებს.

რუსეთს სჭირდება საქართველო იყოს მისი, ჩაკეტოს კავკასია და გავლენა ჰქონდეს, რომ მერე ივაჭროს.

  • დავუშვათ, შემოიტანა ეს აქტივები ივანიშვილმა, როგორ იმოძრავებს ეს კაპიტალი, ფული, თუ საბანკო მომსახურებასაც ვერ მიიღებს თუნდაც ამ ქვეყანაში. რა სფეროში შეიძლება დააბანდოს ეს ფული, რომ, ვთქვათ, არ დაკარგოს. ამის შესაძლებლობა არსებობს საქართველოში?

ნაღდი ფულით, როგორც კრიმინალებს შეეფერება. სხვანაირად არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია.

გააჩნია, რა ტიპის სანქციები იქნება და როგორ დაკონკრეტდება შემდეგ ეს ყველაფერი. თუმცა, შეზღუდვები აუცილებლად შეექმნებათ. მინიმუმ გადარიცხვებზე, მაგრამ ალბათ ირანულ სისტემაში ჩაერთვებიან, ან რაღაცას იზამენ.

სამწუხარო ის არის, რომ ხელისუფლების ყველა შტო მიტაცებული აქვს, ეროვნული ბანკიც იმას აკეთებს, რაც უნდათ.

სოსო ბერიკაშვილი

კომერციული ბანკები დასანქცირებული პირების მომსახურებას ვერ დათანხმდებიან, რადგან მათ თავიანთი ვალდებულებები აქვთ ინვესტორებთან, მაგრამ ეროვნული ბანკი, იგივე „ქართული ოცნებაა“, რადგან გვახსოვს ალბათ შარშან რაც გააკეთა ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მერე მოჰყვა კიდევ დიდი კრიზისი და ხალხიც წამოვიდა ბანკიდან.

კრიმინალები ხომ ამიტომ ატარებენ ფულს ფიზიკურად, მაგრამ ეს ქეშიც [ნაღდი ფული] ასე მარტივი ხომ არ არის. აქ განაღდებას სჭირდება ვალუტა, დოლარი და ეს დოლარიც შეზღუდული რაოდენობით არის.

  • რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ რუსეთში გაიტანოს აქედან ეს აქტივები, ან სხვა რომელ ქვეყანაში შეიძლება კიდევ წაიღოს?

არ ვიცი. ემირატებში მაგალითად, სადაც ნაკლები კონტროლია და სადაც ჩათვლის, რომ ნაკლები საფრთხე ემუქრება, რადგან მისთვის ეს ქონება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.

  • ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკურ კონტექსტში და ის, თუ როგორ აისახება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ივანიშვილის აქტივების აქ შემოტანა. ორი თვეა ხალხი დგას ქუჩაში, ითხოვს ახალ არჩევნებს, გვყავს პოლიტიკური პატიმრები და როცა ივანიშვილი მთელ თავის აქტივებს საქართველოში ეზიდება, ეს რას ნიშნავს?

მაგის დეკლარირებაა – გვეუბნება, რომ ამ ქვეყნის ჩაკეტვას აპირებს და აქ აპირებს ყოფნას.

  • რა ბერკეტი რჩება მაშინ ხალხს რეჟიმის დასამარცხებლად?

ცხადია, რთულია ავტორიტარიზმის დამარცხება, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი და იმედია, ძალიან დიდხანს არ მოგვიწევს. ვფიქრობ, მაინც მოუწევთ უკან დახევა.

  • აქამდე ეს ფული იყო ივანიშვილის სავაჭრო თემა დასავლეთთან, თუ აქ შემოიტანს ყველაფერს და გარკვეულწილად დააზღვევს მის ქონებას, მაშინ რა დაახევინებს მას უკან, რა დარჩა სავაჭრო თემა?

სანქციებს თავისი შედეგი მაინც ექნება. ძალიან დიდ ფულზეა აქ საუბარი, მისი ქონება ძალიან დიდია. თუ უკან დაიხევს და ამ ქვეყანაში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, რა თქმა უნდა, წააგებს და ამისთვის თუ არის მზად ან რა ხდება მის თავში, ვერ გეტყვით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: