დღეს, 16 იანვარს, ზუგდიდში ფეიერვერკის გაშვების გამო დააკავეს არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესაბუა და მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
აქტივისტების დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობასთან ხმაური მოჰყვა. შენობასთან დაკავებულების მხარდასაჭერად, სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები მივიდნენ. სანამ კერენ ესაბუას და მარიამ სიჭინავას პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, ადგილზე ისმოდა მათი შეძახილები – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”
დაკავებულების გასამხნევებლად ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მივიდა მასწავლებელი მიკო მიქავა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მარიამ სიჭინავა და კერენ ესაბუა წაიყვანა, მიკო მიქავამ პოლიციის შენობის ეზოში პიროტექნიკა აუშვა. ფეიერვერკის აშვებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს მიკო მიქავაც.
კერენ ესაბუასთან და მარიამ სიჭინავასთან იმყოფებოდა საიას ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი, კესო ჩახაია.
„ორივე დაკავებული მოვინახულეთ. ედავებიან სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს და 174-ე პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილს. ისინი გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. მარიამ სიჭინავა წაყვანილია ფოთის დროებითი დაკავების იზოლატორში, კერენ ესაბუა გადაიყვანეს სამტრედიის დროებითი დაკავების იზოლატორში”, – ამბობს კესო ჩახაია.
ზუგდიდის პოლიციასთან შეკრებილი არიან მოქალაქეები.
მარიამ სიჭინავა 13 იანვრის ღამესაც დააკავეს პიროტექნიკის გამოყენების გამო.
„ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ მცნო ბრალდებულად 7 საქმეში და შთანთქმის პრინციპით დამაჯარიმა ათასი ლარით, რომლის გადახდასაც არ ვაპირებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ სიჭინავამ, გუშინ, 15 იანვარს.
ამავე თემაზე:
სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო






