13 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის საპროტესტო აქციების 11 მონაწილის საქმე უნდა განიხილოს, რომლებსაც 2024 წლის 16 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობის დროს გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავებიან.
სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა 16 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საავტომობილო გზის ჩაკეტვა, რითაც ფერხდებოდა ავტომობილების გადაადგილება და რიგ შემთხვევებში ავტომობილებს უკან გაბრუნება უწევდათ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი არეგულირებდნენ ავტომობილების გადაადგილებას.
იმავე ოქმის მიხედვით შსს აქციის მონაწილეებს: აზა გაბუნიას, თორნიკე კაკალაძეს, ნიკოლოზ მირცხულავას, ლაურა ქარცივაძეს, ირმა ზოიძეს და სხვებს საავტომობილო გზის ბლოკირებას ედავება.
აქციის მონაწილეების უფლებებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] იცავს. საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, მოსამართლეს 20- 20-წუთიანი შუალედი აქვს 11 პირის საქმის განსახილველად.
„20 წუთი შეიძლება ერთი მხარისთვისაც არ იყოს საკმარისი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. საფუძვლები იდენტურია, ყველას ედავებიან გზის გადაკეტვას“ – ამბობს თამარ წულუკიძე.
პოლიცია ოქმში წერდა:
„ვინაიდან მანიფესტანტთა რაოდენობა არ შეადგენდა იმდენს, რომ გზა ყოფილიყო ბლოკირებული, პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს გადასულიყვნენ საფეხმავლო ბილიკზე და იქ გამოეხატათ პროტესტი. დამატებით მიეცათ გონივრული ვადა, რომ საავტომობილო გზა გაეთავისუფლებინათ. აქციის მონაწილეთა გარკვეულმა პირებმა არ გაითვალისწინეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მოთხოვნა და კვლავ მოახდინეს საავტომობილო გზის ბლოკირება“.
თამარ წულუკიძის განმარტებით, აქციებზე თითქმის ყოველდღე იმდენი ადამიანი იყრის თავს, რამდენიც იმ დღეს იყო:
„მაშინ შეიძლება ყოველდღე მოუწოდო დაშლისკენ, რაც არასწორია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არავინ შეფერხებულა, არასამუშაო საათები იყო. იქ არის მთავრობის სახლი, ღამის რვის ნახევარზე სამუშაოდ არავინ მისულა. სწორედ ამ პერიოდში ედავებიან აქციის მონაწილეებს გზის უკანონო გადაკეტვას.
ასევე, იქ არც საცხოვრებელი სახლებია განლაგებული.
თვითონ პოლიციის თანამშრომლები ქმნიდნენ ხელოვნურ დაბრკოლებებს იმისთვის, რომ გადაადგილება შეფერხებულიყო ხელოვნურად, მათი მანქანები იყო ძალიან დიდი რაოდენობით, არცერთ სხვა დღეს ამდენი პოლიციის მანქანა იმ ტერიტორიაზე სხვა დროს არ ყოფილა. არსებობს ეს კადრები.
საინტერესოა, რა მასალა აქვთ წარმოდგენილი მათ საქმეში. ჩვენ ჯერ არ ჩაგვბარებია მასალები და ვნახავთ ვიდეომასალებს. ჩვენც ვაპირებთ ჩვენი მხრივ მტკიცებულებების წარდგენას და პოზიციის დაფიქსირებას“.
ეს საქმეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უნდა განიხილოს.
ვრცლად ამ თემაზე: