მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი მარცხისთვის განწირულია, მოსკოვში ასლანი და ბიძინა მშვენივრად გამონახავენ საერთო ენას – ინტერვიუ

17.12.2024
ივანიშვილი მარცხისთვის განწირულია, მოსკოვში ასლანი და ბიძინა მშვენივრად გამონახავენ საერთო ენას – ინტერვიუ
„ოცნებას“ საყრდენი საერთოდ არ აქვს. ნაძვის ხესთანაც ხალხი ვერ შეაგროვეს, მიუხედავად იმისა, რომ გამგეობებში სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული,“ – პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გადადება აჩვენებს, რამდენად საგრძნობი გახდა „ოცნების“ სიყალბე ამ პარტიის მხარდამჭერებისთვისაც კი. გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი მარცხისთვის განწირულია, თუმცა შედეგის სწრაფად მისაღწევად საჭიროა, პირველ რიგში, საჯარო მოხელეებმა დროულად დაინახონ „წითელი ხაზი“, რომ ივანიშვილი მართლაც გვიკეტავს გზას ევროპისკენ და ის არაა ყოვლის შემძლე. ივანიშვილს აღარც მორიგი ტრიუკები გაუვა. „ასადიც მოსკოვშია, ასლან აბაშიძეც ხომ იქაა? დასხდებიან ასე საღამოობით და იქნებიან ბედნიერად. ასლანი და ბიძინა მშვენივრად გამონახავენ საერთო ენას,“ – გვიყვება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გია, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩებითო – განაცხადეს „ქართული ოცნების“ მთავრობაში, როცა ესტონეთმა და ლიეტუვამ „ოცნების“ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს. რას აჩვენებს თქვენთვის „ოცნების“ ეს გზავნილი? 

მათი ტაქტიკა ასეთია: ადამიანებში უნდა შექმნან განცდა, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი ხდება,  რომ თითქოს შესაძლებელია, ეს პროცესი უკან შემოტრიალდეს და ყველაფერი დალაგდეს. ბიძინა ეუბნება სისტემას, ცოტა ხანი მაცადეთო.

ბიძინას ყველაზე მეტად სისტემის ჩამოშლის ეშინია. ბიძინას ბოლო განაცხადი ხომ გახსოვთ: 29 დეკემბერს ინაუგურაცია შედგება და შემდეგ დაისადგურებს მშვიდობა და სიყვარული. მისი ტაქტიკა ყოველთვის ასეთი იყო: როცა უჭირს, პირობას დებს, მერე სულს მოითქვამს და ყველაფერს ფეხებზე იკიდებს.

თავდაპირველად იყო ის, რომ აი, მეოთხე წელს იბერია უნდა გაბრწყინებულიყო. კი ვნახეთ, რაც გაბრწყინდა. მერე 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოვიდა ცრემლმორეული და კიდევ ერთი წელი მადროვეთ, ავაყვავებ ქვეყანასო.

ამჯერად ბიძინა გრძელ ვადაზე აღარ თვლის გეგმას, ცდილობს, როგორმე ყოველი დღე გადააგოროს და ამასობაში რამე ახალ მამაძაღლობას მოიფიქრებს. იმედი აქვს, რომ 29-ში საცივში ჩავძვრებით და აღარ დაგვაინტერესებს პოლიტიკა იანვრის ბოლომდე.

  • ფიქრობთ, ივანიშვილი აჯერებს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს, რომ ახალი ტრიუკით ისევ შეძლებს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას? 

რა თქმა უნდა, საუბრობენ ტრამპზე, რომ აი, ტრამპი ჩვენია და ასე შემდეგ. გასაგებია ეს ტრუკაჩობა, მაგრამ ამასობაში ქვეყანას რუსეთისკენ მიაგორავებს და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია.

ხელისუფლება ბუნკერშია, რამდენიმე შენობაში არიან და ხალხთან კომუნიკაცია არ აქვთ, 5 ათას ნიღბიანს არიან ამოფარებული, უზურპირებული ძალაუფლებით აღჭურვილი.

„ოცნებას“ საყრდენი საერთოდ არ აქვს, იგერ ნაძვის ხესთანაც ხალხი ვერ შეაგროვეს მიუხედავად იმისა, რომ გამგეობებში სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული. 40 წლით გადამწიფებული, აგრესიული, კუნთმაგარი, უსაქმურთა რაღაც რაოდენობა მიიყვანეს და მერე კალაძე აცხადებს, ბავშვებს ახალი წელი წაართვესო.

გია ხუხაშვილი

  • რატომ ვერ შეაგროვეს მხარდამჭერები ნაძვის ხესთან, თქვენი აზრით? 

ნაძვის ხესთან დაკავშირებით „ოცნების“ სპეცოპერაცია დაიწყო ერთი კვირით ადრე და ეს დაიწყო სუსის ცნობილი განცხადებით, რომ 14-ში რაღაც დიდი პროვოკაცია მზადდებოდა. მერაბიშვილზე და ორ გვამზე რომ წაიღეს ტვინი 12 წელი, ახლა თვითონ გამოაცხადა სუსმა 2-3 გვამი და რაღაც.

ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ ხალხი მოერიდებოდა პროვოკაციას და ცოტა ხალხი შეიკრიბებოდა პარლამენტის წინ. თავად აპირებდნენ, რომ მიეყვანათ სადღაც 5 ათასი კაცი და მერე პოლიციის კორდონი საპროტესტო აქციაზე მისულ 500 კაცს, როგორც თვითონ ჰქონდათ ნაანგარიშები, გაწევდა იქეთ. საბოლოოდ კი, ამ კუნთმაგარ, 40 წლის „ბავშვებს“ აცეკვებდნენ ნაძვის ხესთან…

თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი არ შეშინდა და მაინც მივიდა საპროტესტო აქციაზე, ამათ გამგეობებს პირდაპირ უბრძანეს, მოვიდნენ მხარდამჭერებიო, მაგრამ არავინ მივიდა, სადღაც 300 კაცი მივიდა მხოლოდ. არ მივიდნენ, რადგან ეს ძალიან დიდი აბსურდი გამოდიოდა. ამ სიტუაციის აბსურდულობა დასანახი გახდა „ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაც.

მე განსაკუთრებით შემეცოდა ე.წ. სამართალდამცავი სისტემა. ძალიან მიჭირს უკვე მათ სამართალდამცველები ვუწოდო, რაც მათ ჩაიდინეს. ამჯერად ისინი მიიყვანეს ნაძვის ხის ანთების დღესაც ჯგროდ სპეცოპერაციისთვის და კუდამოძუებულები უკან გააბრუნეს, კაცობაშიც ჩაიჭრნენ – დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი შეურაცხყოფილი წავიდოდა იქიდან იმიტომ, რომ გააფარჩაკა „ოცნებამ“.

  • სპეცრაზმელები და პოლიციელები ნაკლებად აპროტესტებენ იმას, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო ბრძანების შესრულება უწევთ…

კი, მყარად ჩანან, მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, უპრეცედენტოა. ისეთი შემართებით გვყავს ახალგაზრდები, აი, ზუსტად რომ იციან, რას იცავენ და როგორ იცავენ.

იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კონკრეტული შედეგები და ეს შედეგი დაჩქარდეს, საჭიროა სისტემა ჩამოიშალოს. სანამ სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს, მას მეტი კუნთები აქვს. ადამიანების ნაწილი გამოდის და ემიჯნება სისტემას, მაგრამ ამას ჯერ კიდევ არ აქვს სისტემური ხასიათი. ამას უნდა მიეცეს საყოველთაო დაუმორჩილებლობის სახე.

ბიძინა დღეს ეყრდნობა ამ სისტემას, თვითონ ხომ არ იხმალავებს ქუჩაში? სისტემა სერიოზულად უნდა შეზანზარდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გამოსავალი ვიპოვოთ. ვიდრე სისტემა სტაბილურია, მაღალია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სისტემა თუ მოირყევა, მერე უკვე მშვიდობიანად და ძალიან წყნარად მოხდება ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება.

  • ხედავთ ამ მოცემულობაში იმის წინაპირობას, რომ სახელისუფლებო სისტემა ჩამოიშლება? 

აქეთკენ მიდის პროცესი – ყოველდღიურად სისტემაში მეტი და მეტი ბზარი ჩნდება, მეტი სოციალური ჯგუფი უერთდება ამ ყველაფერს. ხომ ხედავთ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც რა ცვლილებები შეიტანეს? ისინი ხედავენ, რომ აქედან შეიძლება საფრთხე შეექმნათ. პოლიციურ ძალებსაც უფართოებენ უფლებამოსილებას: სახეზე რომ ვიღაც არ მოეწონებათ, შეუძლიათ უკვე დაიჭირონ „პრევენციული მიზნით“…

ნელ-ნელა ავტორიტარიზმი გადაჰყავთ დიქტატურაში. ამ საკანონმდებლო ცვლილებების დროსაც ცინიკურად გვესაუბრებიან ევროპულ გამოცდილებაზე. პუტინიც ასე იქცეოდა, მისი „შპარგალკებით“ მოქმედებენ. პუტინიც ამბობდა: რას ვაშავებ? ჩვენი „ომონი“ ბევრად ცივილურად მოქმედებს, ვიდრე დასავლეთში მუშაობს პოლიცია სხვადასხვა სიტუაციაშიო.

ესენი სიტყვებსაც კი არ ცვლიან, იმავე ტექსტებს ვისმენთ ახალ მდინარაძისგან, თუ კობახიძისგან – მათ ჩვენი სპეცსამსახურები აქციეს „ომონად“, ამათი პოლიტიკური ინტერესის მსახურად, მდაბიო ინსტრუმენტებად. ამ ადამიანებს არ დაუტოვეს არაფერი პროფესიული, ადამიანური.

სუსის განცხადება რაც იყო ერთი კვირის წინ, ეს ხომ წმინდა პროპაგანდისტული განცხადება იყო. ასეთ სისტემებში როგორ შეიძლება ენთუზიაზმი ან ღირსება შეინარჩუნო? მოკლეს განცდა, რომ სახელმწიფოს ემსახურები, მათ ეს ინსტიტუციები აქციეს ერთი კაცის მომსახურე პერსონალად. ფაქტობრივად ესენი ხელისუფლება კი არა, ბიძინას თანამშრომლები არიან.

  • დღეს, როცა ცალსახად ჩანს, როგორ ემსახურება რუსეთის ინტერესებს „ქართული ოცნება“, თქვენი აზრით, რატომ არჩევენ საჯარო მოხელეები დუმილს? 

საჯარო სექტორისთვის დამახასიათებელია კონფორმიზმი, რაც არაა გასაკვირი. ამ კონფორმიზმსაც აქვს თავისი წითელი ხაზები, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ ახლა.

პრობლემაა ის, რომ თავისთავად ეს პროტესტი ყველაფრის შემძლეა, მაგრამ პოლიტიკური კომპონენტის გარეშე რთულია ბრძოლა. ჩემი აზრით, ოპოზიცია ვერ ასრულებს ამ პროცესში სათანადოდ თავის როლს. პროტესტი დღეს ოპოზიციაზეც გაბრაზებულია: ამომრჩეველს ხომ მათთვის არ მიუცია ხმა, ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე ევროპული არჩევანისთვის და პარტიებს ხედავდა ინსტრუმენტებად. შესაბამისად, ხალხი მათ დღეს ვერ აღიარებს ლიდერებად და ისევ არაფერს აკეთებენ, რომ დავინახოთ მათი ლიდერობა.

ივანიშვილი ფიქრობს, რომ ახალი წელი მოდის, იანვრის ბოლომდე როგორმე გაქაჩავს, მერე ტრამპი მოვა და ახლა ეძებენ ტრამპის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, რომ როგორმე მასთან კომუნიკაცია გაჩნდეს. მერე კიდევ რამე ახალ ტრიუკს მოიფიქრებს ბიძინა და ასე მიგვაჩოჩებს რუსეთისკენ.

  • რა არის ამ დროს მთავარი ფაქტორი, რაც ისე გააძლიერებს წინააღმდეგობას, რომ ივანიშვილს უკან დახევა მოუწიოს? 

ამ წინააღმდეგობას საქართველოში აქვს მსოფლმხედველობრივი საფუძველი. ის ისეთ ფუნდამენტზე დგას, შეუძლებელია, ჩაქრეს. როგორ, ამ ბავშვებს აღარ მოუნდებათ ხვალ ევროპაში ცხოვრება? მე არ მაქვს შიში, რომ ეს პროტესტი სადმე წავა. შეიძლება, ცოტა ხნით სამზარეულოში გავიდეს, მაგრამ ის ისევ დაბრუნდება. ეს პროტესტი ვერ გაქრება, მან შეიძლება მხოლოდ ფორმა შეიცვალოს.

მეორე მხარეს კი, არაფერია პირადი კეთილდღეობის დაცვის და საკუთარი ჭიის გახარების გარდა, ეს ხომ მედროვეების დაჯგუფებაა და იქ არაფერი ფასეულობით არ არის?

  • შეუძლებელია, თქვენი აზრით, ამ პირობებში ივანიშვილს შერჩეს მიტაცებული ძალაუფლება? 

შეუძლებელია, ივანიშვილი ამას ვერ შეძლებს. შეიძლება, ეს პროცესი დროში გაიწელოს, რადგან მას მობილიზებული აქვს რესურსები და ამ რესურსებთან ბრძოლა რთულია, მაგრამ ის განწირულია დამარცხებისთვის.

მნიშვნელოვანია, საჯარო სექტორმა დროულად დაინახოს ეს სიყალბე, მათ შორის, ფსევდორელიგიური გზავნილები. კობახიძეა მორწმუნე, თუ მდინარაძე? როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანი იმ რიტორიკით იყოს დაკავებული, რასაც ისინი აკეთებენ? ან სპეცრაზმელებს ბავშვებს აცემინებდნენ? ეს არის ფსევდორელიგიური და ურაპატრიოტული ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიები, რასაც ისინი ამუშავებენ რუსეთიდან ჩამოტანილი „შპარგალკების“ შესაბამისად.

  • მაგრამ თქვენ აღნიშნეთ, რომ საჯარო სექტორისთვის დამახასიათებელია კონფორმიზმი. რატომ გგონიათ, რომ საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები გამოვლენ კომფორტის ზონიდან? 

როგორც კი საჯარო სექტორში დარწმუნდებიან, რომ ევროპისგან საქართველოს დაშორება შეუქცევადი პროცესია, როგორც კი, ბიძინას უძლეველობის მითოლოგია მსხვრევას დაიწყებს, საჯარო სექტორიც დაიწყებს ჩამოშლას.

სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. საჯარო მოხელეები იფიქრებენ, ჩვენ როგორღა დაგვიცავს ივანიშვილი, საკუთარ თავს ვერ იცავსო და ამ წერტილიდან დაიწყება სერიოზული რღვევა.

  • ესეც გათვლილი აქვს ივანიშვილს, როგორ ფიქრობთ? 

ბიძინას ახლა სხვა გზა არ აქვს, მას ეშინია ყველასი, მისი მოკავშირე დედამიწის ზურგზე აღარ დარჩა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც პუტინის ეშინია. შეიძლება, მას ყველა ვერჩით, მაგრამ ფიზიკურად არ ვერჩით, პუტინს კი, რაღაც თუ არ მოეწონა, ცუდ რამეზეც შეიძლება იფიქროს. ის მძევალია უკვე.

მერე ან გაიქცევა სადმე, ან ისიც მოსკოვში წავა, ქონებაც აქვს რუსეთში, იანუკოვიჩი გაიქცა, ასადიც მოსკოვშია, ასლან აბაშიძეც ხომ იქაა? დასხდებიან ასე საღამოობით და იქნებიან ბედნიერად. ასლანი და ბიძინა მშვენივრად გამონახავენ ერთმანეთში საერთო ენას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: