მთავარი,სიახლეები

ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ

04.12.2024
ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ

დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით, ქალები პოლიციის სამმართველოებთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ჩვენ, საქართველოს ქალები და დედები, პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის.

ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს.

ჩვენ არაფერს ველით იმ ნიღბიანი, უნომრო, ოლიგარქის მონა „ხარებას“ ხუნტის წევრებისგან, რომლებიც კრიმინალები არიან და პატივს არ სცემენ კანონს და კონსტიტუციას.

მოვუწოდებთ უწყებაში დასაქმებულ ყველა პოლიციელს, თუ ისინი არიან ქართველები, თუ ისინი არიან კაცები და აქვთ ღირსების ნატამალი, წინ აღუდგნენ ჩვენი და ჩვენი შვილების მწამებლებს, შეასრულონ ფიცი და დაგვიცვან უნომრო ბანდიტებისგან!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

პოლიციის სამმართველოების წინ საპროტესტო აქციები დაიწყება 15:00 საათზე.

ბათუმში აქცია გაიმართება ტბელ აბუსერიძის 11 ნომერში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან.

საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას გაწევრიანების თაობაზე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია, სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება. დაკავებულია და მძიმედ არის დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

სპეცრაზმი განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობს დაკავებულ პირებზე. ალყაში აქცევს დემონსტრანტებს, არბევს წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: