დღეს, 3 დეკემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ განაცხაა, რომ „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეციალურად შექმნილი არაფორმალური დაჯგუფებების მეშვეობით არბევს.
„ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან, სპეციალური, სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შს სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს.
ეს არაფორმალური დაჯგუფებები დიდი ალბათობით წარმოადგენენ კერძო დაცვის კომპანიებს. ჩვენ ვაკვირდებით ამ ხალხს. მათი მოძრაობა, მათი აღჭურვილობა, მათი ტანსაცმელი და ის თუ როგორ იქცევიან – ადამიანებს განსაკუთრებული სისასტიკით სცემენ მაშინ, როცა ისინი დაკავებული არიან.
ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი გუშინაც განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, ორი მათგანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ორიც დროებითი მოთავსების იზოლატორში და ასეთი შემთხვევები არ ეხება მხოლოდ ჩვენს გუნდს. არიან დაზარებული ადამიანები, რომელთა ფიზიკური, ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არავინ იცის, რა ხდება, რამდენია ასეთი ადამიანი და სად იმყოფებიან.
განსაკუთრებული სისასტიკით სცემენ თავის და სახის არეში ახალგაზრდებს, ქალებს მათ შორის და არავინ არ გვეუბნება, სად ჰყავთ ეს ადამიანები და რა მდგომარეობაში არიან. ასეთი შემთხვევები არის ყოველღამე 100-200-250. არ ვიცით რამდენია, რადგან არცერთი სამინისტრო, არც ჯანდაცვის და არც შს სამინისტრო, აღარ ვლაპარაკობ სახალხო დამცველზე, არ გვაწვდის ინფორმაციას.
ეს არის ხალხი, რომელსაც აკავებენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო გვიცავდეს და ჩვენს შვილებს იცავდეს აი, ამ ქაოსს და ძალადობას აწყობს ღამღამობით ქუჩებში“, – ამბობს გახარია.
მისი თქმით, ნიღბიანი ადამიანები არა მარტო ძალადობენ მოქალაქეებზე, არამედ მაროდიორობენ კიდეც. „რადგან მათ ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს.
მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს არამოტივირებული ძალადობა და სისასტიკე თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე. მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები, ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ კიდევ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს.
მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სამინისტროს, ბოლოს და ბოლოს, მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დაზარალების მდგომარეობის, რაოდენობის და მათი ადგილსამყოფლის შესახებ.
და ასევე მოვუწოდებ შს სამინისტროს, ის ადამიანები, რომლებიც გადაყვანილი გყავთ დროებითი მოთავსების იზოლატორში, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, სად არიან, რა მდგომარეობაში არიან, როდის გადაიყვანენ სასამართლოში ან როგორ დავუკავშირდეთ მათ.
ასევე, გაათავისუფლეთ ყველა უკანონოდ დაკავებული, მოხსენით ამ ხალხს ნიღბები და სასწრაფოდ შეწყვიტეთ ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც გამოთქვამენ აზრს. და როცა ამ ყველაფერს მორჩებით, გამოაცხადეთ ახალი არჩევნების თარიღი.
ეს ყველაფერი რჩება, ყველაფერი ჩაწერილია. დაახლოებით 1500 ადამიანია სხვადასხვა დაწესებულებაში და ეს ხალხი ხომ გამოვა, ამათი ფოტოები ხომ გამოჩნდება და ამათ თუ ჰგონიათ, რომ ყოველ ღამე გამოვლენ და ფეხებს დააბაკუნებენ, ძალიან ცდებიან, რადგან ადამიანების მოთმინებას აქვს ზღვარი“ – ამბობს გახარია.
___
თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათევენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი, ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.