მთავარი,სიახლეები

პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება – საია

30.11.2024
პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„შსს, თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას.

ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების წესის დარღვევით.

23:03 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რის შემდეგაც აღნიშნულ საშუალებას პერიოდულად იყენებენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. წყლის ჭავლს იყენებენ ჭიჭინაძის ქუჩაზეც. აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცალსახად არასათანადო მოპყრობას წარმოადგენს.

წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს.

23:44 საათიდან სპეცრაზმმა ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე დაიწყო აქციის მონაწილეთა დევნა და ძალადობრივი დაკავება. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავებულ პირებზე სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა.

ჩიტაძის ქუჩაზე ძალადობრივი დაკავებების პროცესში დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან პირდაპირი ჩართვისას დააკვეს ადვოკატი ბექა ბასილაია.

პოლიცია ძალადობრივად აკავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ასევე ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს თანამშრომლები ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს.

აშკარაა, რომ შსს-ს მიერ მიღებული ზომები კვლავ პროტესტის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად და ლეგიტიმური, მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიული მექანიზმებით ჩახშობას ემსახურება.

საპოლიცო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან სამოქალაქო პოზიციებით აქტიურ ადამიანებს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რაც, სავარაუდოდ, გარდა ამ ადამიანების დასჯისა, საზოგადოებაში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და შიშის დანერგვას ემსახურება“-ნათქვამია საიას განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: