დღეს, 29 ნოემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეებს მიმართა.
„მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო დღეს, რომ დღეს ყველა უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დიდ კონსენსუსს მიაღწიეს – ეს არის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი.
აქ არ უნდა იყოს საუბარი მხოლოდ 4 პოლიტიკურ ძალაზე, უნდა იყოს საუბარი „ოცნებაზეც“, იმ ადამიანებზეც, რომლებმაც ხმა მისცეს „ოცნებას“, ან არიან „ოცნების“ წევრები, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჭეშმარიტი კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ევროპულ სივრცეში. ეს პოლიტიკური თაღლითები, „ოცნების“ ბოსები, მოაჯდნენ დღეს სახელმწიფოს, პოლიტიკური უვარგისი ელიტა ატყუებს არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას, ატყუებს თავის მხარდამჭერებს.
ამ ხალხსაც მოვუწოდებ, მათაც გააკეთონ სწორი არჩევანი და დადგნენ იქ, სადაც საქართველოს ინტერესებია, ქართველი ხალხის ინტერესებია, სადაც საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს დღევანდელი ხელისუფლება სცემს, ძალადობს მათზე, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ იქ და აუცილებლად ვიქნებით იქ.
მინდა მივმართო ყველა საჯარო მოხელეს და ვთხოვო მათ, მესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, თითოეული მათგანისგან მოვითხოვოთ გმირობა, მაგრამ ყველა ჩვენგანს უნდა გვქონდეს ღირსება და ყველაზე მინიმუმ, რის გაკეთებაც შეგვიძლია, შეგვიძლია ავიმაღლოთ ხმა. ჭეშმარიტი და სამართლიანი შეფასებები მივცეთ იმას, რაც დღეს ქართულ სახელმწიფოში ხდება. საჯარო მოხელეებმა ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს ქვეყნის ევროპული მომავლის მკვლელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
გუშინდელი დღე დარჩება საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც შავი ლაქა. 26 ოქტომბერსვე არჩევნების მოპარვის შემდეგ „ქართული ოცნება“ შევიდა ანტიკონსტიტუციური მოქმედებების სპირალში, ეს იყო პარლამენტის სხდომის პირველი, უკანონო დღე, უკანონოდ დამტკიცებული მთავრობა, უკანონოდ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე.
ყველაფერმა ამან მიიღო საქართველოს მოქალაქეების პროტესტი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი შეფასებები. ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ლეგიტიმაციის ჰაერში ჩამოკიდებამ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ მიიყვანა ყველაზე მძიმე ნაბიჯამდე – გაცხადებული სახელმწიფოს ინტერესების კოლექტიური ღალატი, რომელიც განხორციელდა პირდაპირ ეთერში, ივანიშვილის დავალებით, უკანონოდ არჩეული პრემიერის მიერ, რომელმაც ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებით ისინი აჩერებენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.
დღეს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთად ყველამ უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
___
გუშინ, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
დღეს, 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.
მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა, ასევე თავდაცვის სამინისტროს 50-მდე თანამშრომელმა.
გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.