დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად ბარიერი გადალახა, რადგან როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს, სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, დაირღვა ამომრჩევლის ორი ძირითადი უფლება – ფარულობა და საყოველთაობა.
არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, 34 ოპოზიციონერი დეპუტატი. ამ სარჩელებით გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.
სწორედ ამიტომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული სხდომა არალეგიტიმურად, თვითგამოცხადებული პარლამენტი კი ანტიკონსტიტუციურად.
ანტიკონსტიტუციურ პარლამენტის სხდომას ესწრებოდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც.
დღევანდელ სხდომას გამოეხმაურნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და არაკონსტიტუციური პარლამენტის სხდომაზე ომბუდსმენის დასწრებაც გააკრიტიკეს.
„ყველა, ვინც დღეს ამ პროცესში იღებს მონაწილეობას, არღვევს კონსტიტუციას. ძალიან სამწუხაროა, სახალხო დამცველის, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, ამ პროცესში ხილვა.
საქართველოს მომავალი არის ევროპაში და არა მონობაში და კონფორმიზმში“ – წერს მაკო არაბული, რომელიც როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, აპარატის თანამშრომელია.
მაკო არაბულის პოსტს გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატის მეორე თანამშრომელი მარიამ მოსეშვილიც.
„ასეთი თანამშრომლების და ღირებულებების გამო შევიყვარე ეს ინსტიტუტი 8 წლის წინ. ეტყობა ყველაფერში 8 წლის თავზე უწევს იმედების გაცრუების პიკი და დამშვიდობებაზე ფიქრი“, – წერს ფეისბუქში მარიამი.
ომბუდსმენის აპარატის მესამე თანამშრომელი, რომელმაც ასევე ღიად გამოხატა კრიტიკა დღევანდელი სხდომის მიმართ, გიორგი ტყებუჩავაა.
„საქართველოს კონსტიტუციის დაცვა და პატივისცემა, ამა თუ იმ პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, ყოველი მოქალაქის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების ვალდებულებაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარლამენტის დეპუტატების მანდატების კანონიერების საკითხის განხილვის პროცესში, პარლამენტი ვალდებულია დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არა მხოლოდ ინსტიტუტების პატივისცემის ფორმალური ჟესტია, არამედ კონსტიტუციური წესრიგის დაცვის სამართლებრივი ვალდებულებაა.
ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუციაც, სასამართლოც და თავმოყვარეობაც!“ – წერს გიორგი ტყებუჩავა.
___
დღეს, ანტიკონსტიტუციური პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. რკინის ჯებირით ჩარაზულ პარლამენტის შენობას მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ფეხები, მუშტები და კვერცხები დაუშინეს.
მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომელიც არ აღიარებს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, აცხადებს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსული სპეცოპერაციის შედეგად მიიტაცეს ხელისუფლება, არ შეეგუებიან არალეგიტიმურ ხელისუფლებას და იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები გამოცხადდეს.
ანტიკონსტიტუციური პარლამენტის სხდომას არც მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატიური კორპუსი დასწრებია.
არჩევნების შედეგები არ უღიარებიათ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებსაც.
__________
მთავარ ფოტოზე: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ანტიკონსტიტუციური პარლამენტის სხდომაზე