მთავარი,სიახლეები

„პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია“ – განცხადებები

25.11.2024 •
„პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია“ – განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, დადგენილების პროექტში, ასახავს არჩეული დეპუტატების სახელებს უფლებამოსილების ცნობის მიზნით. დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის (100 წევრი) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. თუ დადგინდა, რომ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“.

„2024 წლის 25 ნოემბერს მმართველი პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოში იკრიბებიან ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად 150 წევრის არჩევის კანონიერება. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი.

ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

უნდა აღნიშნოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო სასამართლოებში ასეულობით სარჩელი წარადგინეს ცალკეულ უბნებსა და ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით.

არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობაში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. არჩევნების შედეგი არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის, რომელიც საარჩევნო დარღვევებს შეისწავლის. საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია წარდგენილი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს არჩევნების ფარულობის დარღვევისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევის გამო. საქართველოს პრეზიდენტს არ მოუწვევია იმ პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობაც და შესაბამისად, მისი წევრების არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 25 ნოემბერს დაანონსებული ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, შეწყვიტოს სხდომა და არ ცნოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: