7 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ე.წ. რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 627,5 მილიონი დოლარი გაყიდა. საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვები 4.08 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.
ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას სხვადასხვა გზით ყიდის. აუქციონის გზით გაყიდული უცხოური ვალუტის ოდენობა საჯაროა და მას ყოველდღიურ რეჟიმში შეუძლია დაინტერესებულმა პირმა მიადევნოს თვალი. ბლუმბერგის პლატფორმა Bmatch-ზე გაყიდული ვალუტის ოდენობა კი მხოლოდ 55 დღეში ერთხელ ხდება ცნობილი.
რა ზიანი მიადგა საქართველოს სავალუტო რეზერვებს დიდი ოდენობით დოლარის გაყიდვის გამო და რას შეიძლება ველოდეთ უახლოეს მომავალში – „ბათუმელების“ კითხვებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე პასუხობს:
„დღეს 4 მილიარდი დოლარის რეზერვის ქონა ნიშნავს, რომ რეზერვები დაბრუნდა 2020 წლის დონეზე. 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, 3 მილიარდი დოლარი იყო ქვეყნის სავალუტო რეზერვი. ეს ნიშნავს, რომ 12 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი მილიარდი არის განსხვავება.
ენმ-ის მმართველობის 9-წლიან პერიოდში, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ რეზერვები ორმაგდებოდა. 3 მილიარდი გადმოაბარა ამ ხელისუფლებას. 12 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები არ გაორმაგებულა.
„ქართული ოცნების“ ორთვიანმა დანაშაულებრივმა, პრორუსულმა, მოღალატურმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა ლარს, ვიდრე პანდემიამ. ამ რეზერვების აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება.
- მოდით მარტივად ავხსნათ, რა არის სავალუტო რეზერვები და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის?
მარტივად ავხსნი რაში გვჭირდება უცხოური ვალუტის რეზერვები. ქვეყანას აქვს გადასახდელი საგარეო ვალი და ამ ვალის გადახდას სჭირდება უცხოური ვალუტა – დოლარი ან ევრო. თუ რეზერვები არ გაქვს, ბუნებრივია, ამ ვალს ვერ მოემსახურები. მთავრობა ეროვნული ბანკიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტას, რომ ვალი გაისტუმროს.
დოლარი ასევე სჭირდება ბიზნესს იმისათვის, რომ უცხოეთში იყიდოს საქონელი და შემოიტანოს საქართველოში.
რაც უფრო მეტი საქონელი შემოდის იმპორტით, მაგალითად იქნება ეს ტკბილეული, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი, სამშენებლო მასალები თუ სხვა, მით მეტი დოლარი გადის ქვეყნიდან და, შესაბამისად, ლარი სუსტდება. ბაზარზე რაც უფრო მეტი დოლარის გადარიცხვა დაგჭირდება, ესე იგი უფრო მეტი ლარი გადის და ამ შემთხვევაში ლარი სუსტდება.
თუ უცხოეთიდან ნაკლები დოლარი შემოდის, ან ქვეყნიდან გადის დიდი ოდენობით, ამ შემთხვევაში ლარი უფასურდება. ეროვნული ბანკი ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ყიდის რეზერვებს. მაგალითად, რეზერვები რომ არ გაეყიდა პანდემიის დროს, ლარი ჩამოინგრეოდა.
პანდემიის დროს, რადგან საკმარისი რეზერვები არ გვქონდა, სავალუტო ფონდმა მომენტალურად გვასესხა 800 მილიონი დოლარი. შემდეგ კი დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა და აშშ-მა. ლარი ამით გადარჩა. ანუ რეზერვები კრიტიკულ ვითარებაში ფინანსური კრიზისების დროს დამხმარე როლს თამაშობს.
თუ რეზერვები არ გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ინტერვენციას განახორციელებ და ვერც ლარის სტაბილურობას შეუწყობ ხელს.
- როგორ უნდა მივხვდეთ რეზერვები არის თუ არა ადეკვატური ოდენობის?
უნდა ვიცოდეთ რა ოდენობის ვალი გვაქვს ყოველწლიურად გადასახდელი. უნდა იცოდე ასევე მთავრობა საგარეო სექტორში რას ხარჯავს – მაგალითად, საელჩოების დაფინანსება იქნება თუ სხვა. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ ბიზნესი რამდენს ხარჯავს საქონლის იმპორტისათვის. ანუ საგარეო ხარჯებთან მიმართებით რა რაოდენობის რეზერვები გვაქვს დადგენილია ნორმატივი.
ეს უნდა იყოს სულ მცირე იმპორტის სამი თვის მოცულობის, ან მთლიანად ერთობლივი საგარეო გადახდებთან მიმართებაში, ან მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
ჩვენი რეზერვები უკვე ფიტჩის დასკვნით კრიტიკულ ზღვარს ჩამოცდა. რაიმე პატარა კრიზისი რომ იყოს ან საგარეო შოკი ეროვნულ ბანკს არ შეეძლება ლარის კურსის შენარჩუნება. ფაქტობრივად, ვართ რისკის ზღვარზე.
თუმცა აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ ეს ანალიზი დადო მაშინ და საგანგაშო უწოდა, როცა 4.7 მილიარდი დოლარი იყო რეზერვები. დღეისათვის უკვე 4.1 მილიარდია. კიდევ უფრო შემცირდა. „ფიტჩს“ დღეს რომ დაეწერა მსგავსი დასკვნა, კიდევ უფრო საგანგაშოდ აღწერდა შექმნილ ვითარებას.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
გამოსავალი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლაა, მაგრამ როგორ შემოვა, როდესაც იზოლაციაში ვართ მოქცეულები. ევროკავშირმა და ამერიკამ შეგვიწყვიტა დახმარებები. მათ შორის გრანტები.
ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს ინვესტიციები, მაგრამ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობაა, როდესაც გყავს რუსეთის და ივანიშვილის ინტერესების მსახური ხელისუფლება, ინვესტიციების შემოსვლის ნაცვლად პირიქით – იქით გავა კაპიტალი.
ამიტომ დღეს უკვე ეკონომიკურ სფეროში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გასაღები არის პოლიტიკურ სფეროში. ამ ხელისუფლების მმართველობის შენარჩუნების პირობებში, ძალიან მძიმე დღეები გველის.
ეროვნული ბანკის იტერვენციები და რეზერვები
2012-2024 წლებში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების სახით 344 მილიონი დოლარით მეტი იყიდა, ვიდრე გაყიდა, ხოლო 2014-2024 წლებში 56 მილიონი დოლარით უფრო მეტი გაყიდა, ვიდრე იყიდა. თუმცა ამ პერიოდში რეზერვების მოცულობა იზრდებოდა საგარეო ვალების ხარჯზე.
ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია 2023 წლის აგვისტოს თვეში და შეადგინა 5,43 მილიარდი დოლარი.
წელიწადსა და ორ თვეში იგი 1,4 მილიარდი დოლარით შემცირდა.


