უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2023 წელს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამის უტყუარი მტკიცებულებაა.
რას აკეთებს სახელმწიფო დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად და რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში?
„ბათუმელები“ დედებს ესაუბრა, რომლებმაც შვილები ახლახან გააჩინეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის გაჩენა, გაზრდა და განათლების მიცემა ძვირია.
სახელმწიფო არცერთ ეტაპზე დედებს და ახალბედა ოჯახებს არ ეხმარება. კვების, ტანსაცმლის, ჯანდაცვის სერვისების და ხარისხიანი განათლების სიძვირე, ხდება მთავარი ფაქტორი, რის გამოც ახალგაზრდა ოჯახები ერთი ან ორზე მეტი შვილის გაჩენისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი გენოფონდზე აისახება.
- რა ღირს ბავშვის გაჩენა და გაზრდა საქართველოში
გვანცა თოთაძე სამი თვის წინ გახდა დედა. სამშობიაროში ორი ჩანთით წავიდა. ერთში მისი პირადი ნივთები ჰქონდა, მეორეში ახალშობილის ტანსაცმელი.
„ბავშვის ჩანთაში რაც მეწყო – ტანსაცმელი, საფენები, პირველადი საჭიროების ნივთები, დამიჯდა დაახლოებით 200 ლარი. წინასწარ ვიფიქრე იმაზე, რით გამომეყვანა, კალათით თუ „ქარსითით“. რადგან კალათს სამი-ოთხი კვირის მერე ვეღარ გამოვიყენებდი, თანხა დავზოგე. პირდაპირ „ქარსითი“ ვიყიდე, 500 ლარი გადავიხადე. ამას დამატებული სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი. უხეშად რომ დავთვალო, მარტო სამშობიაროში წასვლა და გამოსვლა დედას დაახლოებით 900-1000 ლარი უჯდება, ისიც იმ შემთხვევაში თუკი ძალიან ეკონომიურად მიუდგება ხარჯებს,“ – გვიხსნის გვანცა.
ფეხმძიმობის პერიოდში გვანცამ ისარგებლა ყველა იმ უფასო სერვისით, რასაც სახელმწიფო სთავაზობდა, თუმცა ამბობს, რომ რიგი ანალიზები და ექოსკოპიები არ დაუფინანსდა. შესაბამისად, ამისთვის საჭირო თანხების მოძიება თავად დასჭირდა.
გვანცა ამბობს, რომ აუცილებელი ხარჯების მეორე ეტაპი სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ იწყება. ბავშვს სჭირდება საკვები, პამპერსი, ტანსაცმელი, საწოლი და სასეირნო ეტლი.
„ყველაფერს მივუდექი ეკონომიურად. თავს ვერ მივეცი იმის საშუალება მეყიდა ყველა ის ნივთი, რისი ყიდვის სურვილიც მქონდა. ძალიან ძვირია სათითაოდ რომ მიჰყვე და თვეების მიხედვით იყიდო – საწოლი, მანეჟი, ეტლი. აქციის ფარგლებში ვიყიდე საწოლ-მანეჟი და დამიჯდა 500 ლარი. კალათა ვიყიდე შუადღის ძილისთვის 250 ლარად. ტანსაცმელებში – ბოდეები, წინდები, რომპერები – 400 ლარამდე გადავიხადე.
კვირაში 1 შეკვრა პამპერსი სჭირდება. ყველაზე იაფი პამპერსი ფასდაკლებით შეგიძლია იყიდო 41 ლარად. მე გამიმართლა, ძუძუთი ვკვებავ, მაგრამ ორ თვეში აუცილებლად დასჭირდება დამატებითი საკვები. უძვირესია. ყველაზე იაფიანი საჭმელი, რომელიც ბავშვს 1 კვირა შეიძლება ეყოს მხოლოდ, 35 ლარი ღირს,“ – ამბობს გვანცა.
გვანცა დასაქმებულია. გადასახადებს იხდის და კუთვნილი დეკრეტული ანაზღაურებაც მიიღო – 2000 ლარი. თუმცა ამბობს, რომ ეს თანხა პირველი თვის საჭიროებებსაც კი არ ეყო. ამასთან, თანხა მშობიარობიდან სამი კვირის შემდეგ ჩაერიცხა. მაშინ, როცა ყველა აუცილებელი ხარჯი გაწეული ჰქონდა.
განსხვავებით დასაქმებული ქალებისგან, რთულ დღეში არიან შინ შრომაში ჩართული ქალები: ისინი ოფიციალურად არსად მუშაობენ და არც სოციალურ შემწეობის მიმღებთა ბაზაში არიან რეგისტრირებულები.
ასეთ დედებს სახელმწიფო უბრალოდ ვერ ხედავს. შესაბამისად, ყველა აუცილებელი ხარჯის გაწევა, რომელიც ბავშვის გაჩენას მოჰყვება, მათ თავად უწევთ.
„ახლა რომ მკითხო რა მინდა სახელმწიფოსგან, ერთ რამეს ვისურვებდი, რომ ბავშვის საკვები და ჰიგიენის ნივთები ცოტა იაფი ღირდეს,“ – გვეუბნება გვანცა თოთაძე.
გვანცას თქმით, არსად, არცერთ კომპონენტში არ ჩანს, რომ სახელმწიფოს რეალურად აინტერესებს დემოგრაფიული სურათის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის გაზრდისა და გამოკვებისთვის საჭირო ნივთები, თუ სურსათი ასეთი ძვირი არ იქნებოდა.
„ძვირია“ – ამას ვამბობ იმ ფონზე, რომ ჩემი შემოსავალი 4 ნიშნაა. ის ოჯახები, რომელთა შემოსავალიც სამ ნიშნა რიცხვით გამოისახება, როგორ ახერხებენ თან საკვების ყიდვას, თან ბავშვის გაზრდას და თან ათას საჭიროებასთან გამკლავებას თვიდან თვემდე, მართლა არ ვიცი,“ – ამბობს გვანცა.
- რას სთავაზობს სახელმწიფო ოჯახებს
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება. კერძოდ იკლებს შობადობა და იმატებს სიკვდილიანობა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. სხვაობა შობადობასა და გარდაცვალებას შორის 2 542 ადამიანია.
2023 წელს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება.
2023 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება. დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანას, გაუტკივარების საფასურს, მედიკამენტების, კვების და პალატის ხარჯებს.
სახელმწიფო არ აფინანსებს იმ შემთხვევებს, როცა პაციენტს საკეისრო კვეთის გაკეთება სამედიცინო ჩვენების გარეშე სურს, ასევე თუ უნდა ე.წ. VIP პალატის სერვისით სარგებლობა.
ქალები, რომლებიც დასაქმებულები არიან, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებას იღებენ. ეს კანონით განსაზღვრულია და ჯამურად 2000 ლარია.
იმ შემთხვევაში, თუკი ფეხმძიმე ქალი არც დასაქმებულია და არც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, ვერანაირ დახმარებას ვერ იღებს და ყველა აუცილებელი ხარჯის გაწევა თავად მას ან მის ოჯახს უწევს.
თუ ოჯახი სოციალური დახმარების მიმღებია მაშინ ოჯახის თითოეულ წევრს, მათ შორის ახალშობილსაც ეძლევა სოციალური დახმარება თითო წევრზე 20 ლარიდან 60 ლარამდე. თანხა დამოკიდებულია ოჯახისთვის მინიჭებული ქულების ოდენობაზე.
- როგორ ახალისებენ ევროკავშირის ქვეყნებში შობადობას
მეოცე საუკუნის დასაწყისში ფინეთში, იმ დროისთვის ღარიბ ქვეყანაში, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო – ყოველი 1000 ახალშობილიდან 65 კვდებოდა.
სწორედ ახალშობილთა სიკვდილიანობის შესამცირებლად მოიფიქრა ფინეთის მთავრობამ ე.წ. საბავშვო ყუთი, რომელშიც ყველა ის პირველადი ნივთი ჩადო, რომელიც ჩვილებს სჭირდებოდათ.
საბავშვო ყუთების გაცემა ფინეთის მთავრობამ 1938 წელს დაიწყო და მას თავდაპირველად მხოლოდ ის დაბალშემოსავლიანი ოჯახები იღებდნენ, სადაც ბავშვი იბადებოდა.
ასე ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომელმაც არაერთ ოჯახს მისცა საშუალება, მისი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, საბაზისო პირობები შეექმნა ახალშობილისათვის.
საბავშვო ყუთში მოთავსებული იყო ახალშობილისთვის აუცილებელი ყველა ნივთი, ასევე ყუთის გამოყენება შეიძლებოდა საწოლად, რადგან ღარიბ მოსახლეობას ყოველთვის არ ჰქონდა სახლში სუფთა ადგილი ბავშვის დასაძინებლად.
1949 წლიდან შეიცვალა ყუთის გაცემის წესი და მას იღებს ყველა მომავალი დედა, რომლებიც ორსულობის პირველ ოთხ თვეში გაივლიან კონსულტაციას და დადგებიან აღრიცხვაზე ექიმთან ან სამშობიარო კლინიკაში.
წლების განმავლობაში ფინეთში ცხოვრების დონე იზრდებოდა, ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდა, თუმცა ფინეთის მთავრობას ტრადიციაზე უარი არ უთქვამს.
წლების განმავლობაში იცვლებოდა საბავშვო ყუთის შიგთავსი. მაგალითად, თავდაპირველად ყუთში ნაჭრებს ათავსებდნენ, რომლითაც მშობლებს თავად შეეძლოთ ახალშობილისთვის ტანსაცმლის შეკერვა. თუმცა მოგვიანებით ნაჭრები მზა ტანსაცმლით ჩანაცვლდა.
დღეისათვის ყუთში დედებს ხვდებათ ზამთრისა და ზაფხულის ტანსაცმელი, ზამთრის ქუდი, წინდები, მრავალჯერადი გამოყენების საფენები, ნახატებიანი წიგნი და სათამაშოები, პატარა ლეიბი, თერმომეტრი და სხვა ისეთი ნივთები, რომელიც ბავშვს პირველი ერთი წელი სჭირდება. ძირს დასაგები ლეიბის საშუალებით, მუყაოს ყუთი ხდება ბავშვის პირველი საწოლი. ყუთს იღებს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალი.
ეს ყუთი არის ერთგვარი თანასწორობის სიმბოლოც. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ღარიბ ან მდიდარ ოჯახში იბადება ბავშვი, სახელმწიფო ყველა ახალშობილს უზრუნველყოფს პირველადი საჭიროებებით.
გვანცა თოთაძემ იცის ფინეთის პრაქტიკის შესახებ, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო ოჯახებზე და ახალშობილზე. გვანცას თქმით, ქვეყანა, რომელსაც დემოგრაფიის რეალური პრობლემა აქვს და ეს პრობლემა სტატისტიკურად არის დადასტურებული, უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ოჯახებმა მოინდომოს ბავშვის გაჩენა.
გვანცას თქმით, მხოლოდ მრავალშვილიან ოჯახებზე თუ იქნება გათვლილი სახელმწიფო დახმარება, ეს დიდად ვერ შეცვლის სურათს, რადგან პირველი შვილის გაჩენის/გაზრდის პროცესში არსებული გამოწვევების გამო იწყებენ ოჯახები ფიქრს, რომ მეტ შვილს აღარ გააჩენენ.
საქართველოში მრავალშვილიან ოჯახად განსაზღვრულია ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.
„ჩემ თაობაში არათუ ოთხი, სამი შვილიც კი არ ჰყავს არავის. იმდენად ძვირი ჯდება ბავშვის გაჩენა, მოვლა, ორსულობა, მშობიარობის შემდგომ პროცესი, აღზრდა. უმეტესობას ჰყავს ორი შვილი, რადგან პირველ ბავშვზე რა დანახარჯებიც გაქვს, ის გიმცირდება მეორეზე – საწოლის, ტანსაცმლის და რიგი საჭირო ნივთების ყიდვა აღარ გიწევს. ვფიქრობ, ბევრი ოჯახი თავს შეიკავებს ან იკავებს მესამე და მეტ ბავშვზე. მაგალითად, მე მინდა, რომ სამი შვილი მყავდეს, მაგრამ იმდენად ძვირი ჯდება ეს ყველაფერი, რომ თავი უნდა შევიკავო.
თუ სახელმწიფო ზრუნვაზეა საუბარი, ვფიქრობ ის პირველივე ბავშვზე უნდა ვლინდებოდეს. იდეალურია ის მიდგომა, რაც ფინეთს აქვს. სახელმწიფო ახალშობილს პიროვნებასავით ექცევა, რომ თანასწორუფლებიანი საზოგადოების ნაწილად იქცეს. ყველას, მდიდარს და ღარიბს თანაბარი სასტარტო მხარდაჭერა აღმოუჩინოს და კავშირს ამყარებს უკვე მოქალაქესთან. ბავშვს აღიქვამენ ადამიანად და მას სახელმწიფო ეგებება უხვად – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სამყაროში“, – ასე აღვიქვამ ამ ჟესტს სახელმწიფოს მხრიდან ახალშობილისადმი.
რაც მთავარია, ამ გზით უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს ახალბედა მშობლების ემოციურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას,“ – ამბობს გვანცა თოთაძე.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).
ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.
ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.