„თეთრიწყარო“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში გუშინდელ სხდომაზე ყველაზე ხშირად ისმოდა, თუმცა სააპელაციოს მოსამართლეებმა უარი თქვეს მტკიცებულებად მიეღოთ, მაგალითად, ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო, რომლითაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დააფიქსირა.
5 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დარღვევებზე დასავლეთ საქართველოს ოლქებში დაწერილი საჩივრები განიხილა, მათ შორის, საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად მიჩნევის საკითხი იმის გამო, რომ ხმის ფარულობა დაირღვა.
ხმის ფარულობის პრინციპი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ უფლების დარღვევა ყველა სხვა დარღვევას საარჩევნო პროცესში თავისი სიმძიმით ფარავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოებმა თეთრიწყაროს გამოკლებით ძირითადად ცესკოს არგუმენტი გაიზიარეს, რომლის მიხედვითაც ბიულეტენებზე შესაძლოა მარკერი ჟონავდა, მაგრამ ეს ხმის მიცემის პროცესში აღქმადი არ შეიძლება ყოფილიყო, თუ ამომრჩეველი წესებს დაიცავდა.
საიას წარმომადგენლებმა სხვადასხვა საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეებს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები აჩვენეს, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩარჩო-კონვერტიდან ბიულეტენების ხმის მთვლელ აპარატში შეცურების დროს ბიულეტენზე ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების დანახვა შესაძლებელი იყო.
„ადგილები აღარ გვაქვს“ – კატეგორიული ტონით დაგვხვდა მანდატური ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესასვლელში.
„რატომ გააერთიანეთ ყველა ერთად, სად გეჩქარებოდათ?“- რიგში მდგომებმა გააპროტესტეს საარჩევნო სარჩელების გაერთიანება.
ვიდრე მოსამართლეები ხალხით სავსე დარბაზში საქმის განხილვას შეუდგებოდნენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ლელა მოწონელიძემ საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის – შოთა სირაძის აცილება მოითხოვა. ეს მოსამართლე შს მაღალჩინოსნის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამაა, ასევე მოსამართლეობამდე იგი 2014-2015 წლებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ხობის საკრებულოში.
პარტია „ქართული ოცნება“ ამ საარჩევნო დავაში მესამე პირად არის ჩართული.
მოსამართლის აცილებაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქმე შოთა სირაძესთან ერთად, მოსამართლეებმა – ხათუნა ხომერიკმა და ზაზა რამიშვილმა განიხილეს.
„არანაირი ფარულობის დარღვევა არ მომხდარა, არცერთ ამომრჩეველს არ განუცხადებია პრეტენზია“, – მიმართა მოსამართლეებს დარბაზიდან წყალტუბოს საოლქო კომისიის წარმომადგენელმა.
სასამართლომ უარი თქვა სამოქალაქო ორგანიზაციების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე – შემთხვევითობის პრინციპით უბნებზე მოსამართლეებს ბიულეტენები და ხმის მთვლელი აპარატი ენახათ ისე, როგორც ეს თეთრიწყაროს სასამართლოში გააკეთა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ და დაადგინა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დარღვეულია.
საიას თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ონიანმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოფაილის ნახვა შესთავაზა.
„ექსპერიმენტით დასტურდება, პატივცემულო მოსამართლევ, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეულია“, – უთხრა მოსამართლეებს იურისტმა თამარ ონიანმა.
„თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი ვერ იქნება ვერანაირი სამართლებრივი საფუძველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის“, – თეთრიწყაროს სასამართლოში მომხდარი ამბის მტკიცებულებად დართვა ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად სურმანიძემ გააპროტესტა.
„უნდა დაერთოს?“- დისკი ხელში დაიჭირა მოსამართლე ზაზა რამიშვილმა.
„არა, არა, არ უნდა დაერთოს“, – ერთხმად თქვეს და უარყოფის ნიშნად თავი გააქნიეს დასავლეთ საქართველოს საოლქო კომისიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც სასამართლოს ერთ მხარეს დაიკავეს ადგილი.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც თეთრიწყაროს სასამართლოს ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოს მტკიცებულებად დართვაზე უარი თქვეს.
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა აქვე დასძინა, რომ თეთრიწყაროს სასამართლოსთვის „რაიმე სახის საპროცესო მოქმედების ჩატარება ჩვენ არ დაგვივალებიაო“.
„თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება რომ დაურთოთ საქმეს?“ – უკან მაინც არ დაიხიეს იურისტებმა.
„ეს დროის გაჭიანურებაა უკვე“ – შეწუხდა ვიღაც დარბაზში, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ფლიგელში.
„გასაჩივრებულია ეს… კანონიერ ძალაში არ არის შესული ეს გადაწყვეტილება“, – წალკის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების მტკიცებულების სახით რომ არ დართვოდა საქმეს, ეს არგუმენტი მოიფიქრა ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.
„დაერთოს საქმეს“ – თქვა ამჯერად მოსამართლე ზაზა რამიშვილმა.
„ამ პროცესის მასშტაბურობა დავინახეთ ყუთების გახსნის შემდეგ“ – აღნიშნა საიას იურისტმა, თამარ ონიანმა იმის პასუხად, თუ რატომ არ დაიწერა ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ საჩივრები კონკრეტულად საარჩევნო უბნებზე.
საიას იურისტმა მოსამართლეებს ცესკოდან კენჭისყრის დღემდე მიღებული წერილიც წაუკითხა – ცესკო საიას ჰპირდებოდა, ბიულეტენს შესაბამისი სისქე ექნება და ხმის ფარულობა უზრუნველყოფილი იქნებაო.
„შეუძლებელია იმის დადგენა, ამა თუ იმ ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა“, – ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძე ისევ გააქტიურდა.
ქუთაისის საოლქო კომისიის წარმომადგენელიც არ დაეთანხმა საჩივრებს. ამ კომისიის წარმომადგენლებმა იმას გაუსვეს ხაზი, რომ წალკის შემთხვევა არ შეძლება მთელ ქვეყანაზე განზოგადდეს.
„კენჭისყრის დღეს ქუთაისში ფარულობის დარღვევაზე საჩივარი არც საიას დაუწერია, არც გამჭვირვალობას, ან რომელიმე მოქალაქეს…“ – სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გახედა ქუთაისის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა.
შემდეგ კი, რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა:
„ერთ ამომრჩეველს ორჯერ მიაცემინეს ხმაო, ორჯერ კი არ მისცა ხმა, ფსიქიკურად იყო ცოტა ისე და მეორედ უნდოდა ხმის მიცემა… არ მიუცია იმას მეორედ ხმა.
დამკვირვებელი შეჰყვა ამომრჩეველს კაბინაშიო. მერე გაირკვა, ეს მოქალაქე დამკვირვებელი რომ იყო… ის ადამიანი ისე შევიდა უბანზე, არ დარეგისტრირდა“, – აღნიშნა ქუთაისის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა.
„უკან ბრუნდებოდა ბიულეტენიო“, – საუბარში ამჯერად წყალტუბოს საოლქო კომისიის წარმომადგენელი ჩაერთო, – „აპარატი აჩვენებდა, რომ ბიულეტენს ჰქონდა ხარვეზი და ამომრჩეველი მას ისევ ახვედრებდა ჩარჩო-კონვერტს“, – აღნიშნა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომაა შეუძლებელი ბიულეტენის ისევ კონვერტში მოთავსების პროცესში კომისიის წევრს დაენახა, რა არჩევანი ჰქონდა გაკეთებული ამომრჩეველს?
„მადლობა მინდა გადავუხადო ცესკოს“, – სათქმელი შეაჯამა წყალტუბოს კომისიის წარმომადგენელმა.
„ზესტაფონის სასამართლომ მიიღო დასაბუთებული და სწორი გადაწყვეტილება“, – თერჯოლის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა იმ მოსამართლეს გადაუხადა მადლობა, რომელმაც ცესკოს არგუმენტებს დაუჯერა და წალკის მოსამართლის მსგავსად ექსპერიმენტების ჩატარებით და ფაქტების უშუალოდ გადამოწმებით არ დაკავდა.
სხვა საოლქო კომისიის უფროსობასაც ერთი და იგივე გზავნილი ჰქონდათ: თუ ფარულობა დაირღვა, კენჭისყრის დღეს რატომ არ დაიწერა საჩივრები?
საიას იურისტებმა კი, მოსამართლეს განუმარტეს, რომ ელექტრონულ პორტალზე საჩივრების დარეგისტრირება კენჭისყრის დღეს პრობლემა იყო.
საიამ ასევე დააკონკრეტა, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაანალიზა და მასშტაბურად დაინახა ის, რომ ხმის ფარულობა მთლიანობაში დარღვეული იყო.
„ეს ფოტო და ვიდეო მასალა სახელდობრ ამ უბნებს შეეხება, თუ სხვა უბნებშია გადაღებული?” – მოსამართლემ შეკითხვა საიას იურისტებს დაუსვა იმ ფოტოსა და ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ ფარულობა ირღვევა.
„მე ვერ გიპასუხებთ, რომელ უბანზეა ეს გადაღებული. იდენტიფიცირებულია ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზეა გადაღებული…“ – აღნიშნა თამარ ონიანმა.
საიას კიდევ ერთმა იურისტმა, ნიკოლოზ ოდიკაძემ კი დასძინა: „ერთგვაროვანი იყო ბიულეტენები, მარკერები და ასე შემდეგ. თუ პრობლემა არსებობდა ერთ ბიულეტენზე, იქნებოდა პრობლემა სხვა ბიულეტენზეც“, – თქვა მან.
საიასთან შეკითხვა გაუჩნდა მოსამართლე ხათუნა ხომერიკსაც: რატომ არ საუბრობდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ხმის ფარულობის დარღვევების რისკზე არჩევნებამდე?
იურისტმა ნიკოლოზ ოდიკაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ შუალედურ ანგარიშებში საია საუბრობდა ხმის ფარულობის დარღვევის რისკზე.
„რა დრო სჭირდება ბიულეტენის აპარატში შეშვებას?“ – ორივე მხარეს გადახედა მოსამართლე შოთა სირაძემ.
„ცესკოს სასწავლო ვიდეოში შეგვიძლია ეს გავზომოთ“, – გამოსავალი შესთავაზა მოსამართლეს საიას იურისტმა, თამარ ონიანმა.
„ერთი წამი სჭირდება“, – თქვა ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ცეცხლაძემ.
„ერთი წამი მთლიან ფურცელს?“ – ცესკოს არგუმენტს აღარ გაჰყვა მოსამართლე შოთა სირაძე.
მოსამართლეებს პროცესზე ვიდეოჩანაწერები აღარ უნახავთ – საქმის განხილვით გადაღლილმა საოლქო კომისიების უფროსებმა მოსამართლეებს შესძახეს, რომ ეს მტკიცებულება სადავო არაა და მტკიცებულება თავად მოსამართლეებმა უნდა შეაფასონ, მაგალითად, ვიდეო, სადაც ჩაბრუნებულ ბიულეტენზე მარკირების კვალი ჩანს.
ცნობილია, რომ ბიულეტენის დასაწყისში ოპოზიციური პარტიები იყო ჩამოთვლილი, ბოლოს – „ქართული ოცნება“. შესაბამისად, იოლი დასადგენია, გააფერადა თუ არა მაგალითად „ოცნება“ ამომრჩეველმა.
საქმის განხილვა მოსამართლეებმა ღამის 11 საათზე დაასრულეს.
„ხვალ შეგატყობინებთ გადაწყვეტილების შესახებ“ – დარბაზის დატოვებამდე კიდევ ეს თქვა მოსამართლე ზაზა რამიშვილმა.