მთავარი,სიახლეები

ბარცხანაში, შენობაში შეჭრილი უსახლკაროები პოლიციამ იძულებით გამოიყვანა

13.10.2024
ბარცხანაში, შენობაში შეჭრილი უსახლკაროები პოლიციამ იძულებით გამოიყვანა

დღეს, 13 ოქტომბერს, 30 უსახლკარო ადამიანი ბარცხანაში, ნონეშვილის 63 ნომერში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრა. თუმცა უსახლკაროებს შენობა პოლიციამ დაატოვებინა.

„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთ მოქალაქეს, ნაილი ბეჟანიძეს, რომელიც ამჟამად პოლიციის მიერ გამოსახლებულ უსახლკარო ადამიანებთანაა.

„ეს შენობა ყოფილა კერძო საკუთრება, ამიტომ გამოიყვანა პოლიციამ ეს ხალხი შენობიდან, რადგან ამბობენ, რომ შენობა შპს „საზღვაო ტექსერვისს“ ეკუთვნის.

12:00 საათზე მოვიდა პოლიცია და დაატოვებინეს შენობა ამ ადამიანებს. არც კი ვიცი, სად წავლენ ეს ადამიანები ამ საშინელ წვიმაში“- გვითხრა ნაილი ბეჟანიძემ.

25 უსახლკარო ოჯახი ასევე შეჭრილია ბუკნარში. ისინი რამდენიმე დღეა იმყოფებიან აქ, შენობაში და მოითხოვენ, რომ მთავრობამ დაიწყოს მათთან მოლაპარაკება, თუმცა როგორც უსახლკაროებმა გვითხრეს, ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები ნაბიჯები არ გადადგმულა.

ათეულობით უსახლკარო ადამიანი მთელი წელია საპროტესტო აქციებს მართავს ბათუმის მერიასა და მთავრობის შენობასთან. ისინი ითხოვენ, მერიამ საბინაო ფონდიდან დააკმაყოფილოს უსახლკარო ადამიანები.

უსახლკაროები ასევე ითხოვდნენ გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებში შესახლებასაც. კორპუსები კერძო საკუთრებაა, ამიტომ აქციის მონაწილეები სთხოვდნენ მთავრობას, მოელაპარაკოს მესაკუთრე კომპანიას ამ კორპუსების დათმობაზე, შემდეგ კი ისინი ამ კორპუსებში შეასახლოს.

უსახლკაროებმა მორიგი საპროტესტო აქცია 10 ოქტომბერსაც გამართეს, როდესაც „ქართული ოცნება“ შეხვედრას მართავდა ბათუმში მხარდამჭერებთან. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა უსახლკაროებს მმართველი პარტიის ხელმძღვანელებმა ყურადღება არ მიაქციეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: