მთავარი,სიახლეები

აფხაზეთი აცხადებს, რომ გაეროში გაწევრიანება აქვს გამიზნული – რუსული მედია

02.09.2024
აფხაზეთი აცხადებს, რომ გაეროში გაწევრიანება აქვს გამიზნული – რუსული მედია

აფხაზეთს გაეროში გაწევრიანება აქვს გამიზნული – ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია „იზვესტიასთან“, დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესს აშშ და ევროკავშირი აფერხებს.

„რა თქმა უნდა, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა. ეს არის თავად პროცესის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარებისთვის. ეს ყველაფერი ლოგიკურად ურთიერთკავშირშია. რა თქმა უნდა, შესანიშნავად ვხვდებით, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით, არ გაუქმებულა“, – თქვა შამბამ.

„… აფხაზეთს აქვს უარყოფითი გამოცდილება, როდესაც შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენდნენ იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც აფხაზეთს უკვე ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ კონტაქტები მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ პირდაპირი ზეწოლა გარკვეულ ქვეყნებზე“, – თქვა დე ფაქტო მინისტრმა. – „მიუხედავად ყველა სირთულისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლისა, ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლებლობების ძიებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კავშირებისა და კონტაქტების დასამყარებლად და ვეძებთ ახალ პარტნიორებს“.

მისივე თქმით, ამ საკითხებში მათი სტრატეგიული მოკავშირის – რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

რუსეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

„იზვესტია“ წერს, რომ 2024 წლის ივნისში სოხუმმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტარეშს მიმართა „საბოლოოდ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და უზრუნველყოს აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობა გაეროს შესაბამისი კომიტეტების მუშაობაში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: