ტელეწამყვანი, პლატფორმის – „ვეძებ“ შემქმნელი, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ რვაწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა.
„ბევრმა გაიგო უკვე და სანამ სხვებისგან გაიგებთ, მირჩევნია მე ვთქვა. მოკლედ, 8-წლიანი ძიება დასრულებულია, მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე.
ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ მეტ დეტალებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ როდესაც მას პირადად ვნახავ, მომეცემა იმის საშუალება, რომ სხვა დანარჩენ ინფორმაციაზეც მოგაწოდოთ სიახლე“ – ამბობს თამუნა მუსერიძე ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში.
2023 წელს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე BBC-მ 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა. გამოცემა წერდა, რომ მუსერიძის ცხოვრება, რომელიც 18 წლიდან ჟურნალისტად საქმიანობს, 31 წლის ასაკში შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო, ბიოლოგიური ოჯახის ძებნა დაიწყო და ამ პროცესში იპოვა მტკიცებულებები, რომ საქართველოში 1950-იანი წლებიდან უკანონო გაშვილების „შავი ბაზარი“ მოქმედებდა.
2024 წლის 8 მარტს, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამუნა მუსერიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისთვის, პიროვნული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.