მთავარი,სიახლეები

2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს

02.08.2024 •
2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს

ლაზარე მებონია ორ წლისაა. როგორც ლაზარეს დედა, ნინი ცინცაძე ამბობს, ლაზარე ტერფების გამრუდებით დაიბადა. იგივე დიაგნოზი წერია ბავშვის ფორმა 100-ში, რომელიც იაშვილის კლინიკას გაუცია თბილისში. ქალის თქმით, ლაზარე ორი თვის იყო, როდესაც გაუკეთეს ერთი ოპერაცია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა უშედეგო გამოდგა.

„ბავშვს არაფერი ეშველა. ექიმებიც მეუბნებოდნენ, საზღვარგარეთ წაიყვანეო. ცოტა ხნის წინ თურქეთში წავიყვანე, იქ 10 დღე ვიყავით. გადაუღეს რენტგენი და დაგვპირდნენ, რომ ოპერაციას გაუკეთებენ და ბავშვი ჩვეულებრივად შეძლებს გავლას, გარკვეული პერიოდის შემდეგ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლაზარეს დედან, ნინიმ.

დედის თქმით, რადგან ბავშვს ძვლის ფორმა აქვს დარღვეული, თურქულ კლინიკაში ამ ოპერაციის ჩატარებას, ანუ ორივე ტერფის გასწორებას, 20 ათასი დოლარი სჭირდება, ლაზარეს დედას კი ეს თანხა არ აქვს. არ ვიცი ამხელა თანხა საიდან მოვიტანო, რომ ვუშველო ჩემს შვილსო, – უთხრა ბავშვის დედამ „ბათუმელებს“.

ნინი ბავშვთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად წალენჯიხაში ცხოვრობს. ოჯახს არ აქვს იმის რესურსი, რომ ბავშვის ოპერაცია დამოუკიდებლად დააფინანსოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს გადაუდებლად სჭირდება ოპერაცია, დედა აპირებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს მხარდაჭერის თხოვნით, თუმცა არ იცის, რამდენად მიიღებს ამ მხარდაჭერას, ამიტომ საზოგადოებას მიმართავს დახმარების თხოვნით.

„ბათუმშიც მყავდა ბავშვი ექიმთან, ზუგდიდშიც და თბილისშიც, არც ერთმა ქირურგმა თავზე არ აიღო. არ კეთდება ოპერაცია საქართველოში, საბუთიც მოგვცა ექიმმა. ჩემი შვილი ორი წლის ხდება და ამ დრომდე გიფსებს ატარებს, არც ზაფხული უნახავს, არც წყალი და არც სხვა არაფერი. მარტო წელს ზევით ვბანთ, გიფსები რომ არ დაუსველდეს და კვირაში ორჯერ ვუცვლით.

გიფსები იმიტომ აქვს, რომ ძვალმა ცოტა ფორმა მიიღოს, ოპერაცია მარტივი რომ იყოს, ფეხები კოჭიდან აქვს ამოტრიალებული – ტერფი მთლიანად, ფეხის გული აქვს ზევით.

თურქეთში ოპერაცია უკვე ჩანიშნულია.

არ ვიცი რა გავაკეთო, ვის მივმართო საშველად. იქნებ თქვენი კეთილი გულით შეძლოთ ჩემი შვილის დახმარება, თუნდაც მცირედით. ძალიან გთხოვთ, მიიტანოთ ჩემი შვილის პრობლემა გულთან და გვიშველოთ“, – მიმართავს ნინი საზოგადოებას.

„ძირითადი დიაგნოზი – ტერფის ექვინო ვარუსული დეფორმაცია. პაციენტი დაბადებულია ორმხრივი ტერფმრუდობით“ – წერია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ფორმა 100-ში, რომელიც 2 წლის ლაზარე მებონიას ეკუთვნის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: