მთავარი,სიახლეები

როგორ ხედავდნენ ქართველი ინტელექტუალები ევროპას – რას წერდნენ ილია და სხვები

30.07.2024 •
როგორ ხედავდნენ ქართველი ინტელექტუალები ევროპას – რას წერდნენ ილია და სხვები

„ქართველებს, მიუხედავად მათი ბევრი ხარვეზებისა, ერთი იშვიათი თვისება მოსდგამთ: რასობრივი განსაკუთრებულობის, შთამომავლობითი უპირატესობის არ არსებობა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებისადმი უდავო პატივისცემა,“ – წერდა იაკობ გოგებაშვილი საუკუნეზე მეტი ხნის წინ.

„განათლებული ევროპა, მთელნი დიდებული მესვეურნი კაცობრიობის წარმატებისა – იღვწიან, სისხლსა ღვრიან, რომ მიწა, ეგ მუქთი ბუნებისაგან მონიჭებული კუთვნილება ყოველი ადამიანისა, შეძლებისამებრ – თანასწორად მორიგებული ჰქონდეს ყოველს მკვიდრს მცხოვრებსა,“ – ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია.

„ახალი საქართველო, რომელიც არის საგანი ჩვენი პატრიოტების მოქმედებისა და ნატვრისა, მიქცეულ უნდა იქნას არა უკან, აზიისაკენ, არამედ წინ ევროპისაკენ,“ – ეს სიტყვებიც იაკობ გოგებაშვილს ეკუთვნის.

კულტურის მკვლევარმა მიხეილ მეფარიშვილმა ქართველი ინტელექტუალების 1860-1918 წლებში გამოქვეყნებული წერილები შეისწავლა. როგორც მკვლევარი ამბობს, წერილების ანალიზით ნათელი ხდება, რომ ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, სერგეი მესხმა, ნიკო ნიკოლაძემ, ანტონ ფურცელაძემ, გრიგოლ ვოლსკიმ და სხვა ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს მე-19 საუკუნეში საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან დაახლოების კუთხით.

მათი წყალობით ერთი საუკუნის წინ ქვეყანაში შემოიტანეს ტოლერანტობის ცნება, დაუპირისპირდნენ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას და საქართველო დასავლურ/ლიბერალურ ღირებულებებს დაუკავშირეს.

„სინამდვილეში ეროვნული ევროპულია,“ – ამბობს კულტურის მკვლევარი და ამის დასადასტურებლად ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოჰყავს.

„ყმაწვილკაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითისა და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება,“ – წერდა ილია ჭავჭავაძე „შინაურ მიმოხილვაში“ 1881 წელს.

„ეროვნული ევროპულია“, ასე ჰქვია ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილ კვლევით პროექტს, რომლის ფარგლებშიც მკვლევარმა ათობით სტატია გაანალიზა.

„ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ნიკოლაძემ პატრიოტობა დაუკავშირეს ევროპულ, ლიბერალურ ღირებულებებს. მაგალითად, ევროპული ყაიდის პროფესიული და დაწყებითი განათლება იაკობ გოგებაშვილისთვის იყო საფუძველი ეროვნული აღორძინებისთვის.

ჩემი მიზანი იყო ამ პროექტით მეჩვენებინა, რომ ჩვენი ეროვნული საფუძვლები, რომელიც მოდის 1860-იანი წლებიდან, თანამედროვე ქართველი ერის ფორმირების ეტაპიდანვე ჩვენი იდენტობა იყო ევროპული. დაეფუძნა ევროპულ გამოცდილებებს, ევროპულ ღირებულებებს.

ამ პროექტის ადრესატები არიან ის ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ეროვნული ევროპული არ არის.

ვისაც ეშინია იმის, რომ საქართველო თუ გახდება ევროკავშირის წევრი, დავკარგავთ ქართველობას ან დავკარგავთ ქართულ ღირებულებებს და რაღაც სხვაგან წავალთ.

ვისაც ჰგონია, რომ ევროინტეგრაცია, ევროპულ სივრცესთან დაახლოება იქნება რაღაცა ხელოვნური,“ – ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.

კულტურის მკვლევრის თქმით, თერგდალეულების მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის სწორად გააზრებული და აღქმული.

„ამ პერიოდის საზოგადო მოღვაწეების მიგნება და ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ უნდა შექმნილიყო დასავლური ყაიდის საზოგადოება, რომელიც დაეფუძნებოდა შეწყნარების დოქტრინას. შეწყნარება, ეს იყო ერთი მხრივ დასავლური გამოცდილება და მეორე მხრივ, შეწყნარება, როგორც ქართველების ისტორიულად განპირობებული თვისება.

აქცენტი იმაზე კი არ კეთდებოდა, რომ ყველას ყველა ეყვარებოდა და ყველასთვის ყველა მისაღები იქნებოდა, არა. მთავარი აზრი იყო, თუ როგორი იქნებოდა ურთიერთობები საზოგადოების ჯგუფებს შორის და როგორი იქნებოდა ურთიერთობები მოქალაქეებს შორის.

მიუხედავად განსხვავებებისა, განსხვავებული აღმსარებლობისა, განსხვავებული კულტურული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, ყველას უნდა ეცხოვრა ერთ საზოგადოებაში და უნდა ესარგებლა თანასწორი უფლებებით.

ყველა უნდა ყოფილიყო ადამიანად დაფასებული. ეს სულისკვეთება ჩანს მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძე ილაშქრებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. როცა ილია ილაშქრებს ცრუ მორწმუნეობის წინააღმდეგ და რწმენის წინააღმდეგ, რომ მაგალითად, ებრაელები იყენებდნენ ქრისტიანი ბავშვების სისხლს რიტუალური მიზნებისთვის.

ეს დამოკიდებულება ჩანს სერგეი მესხის დაუღალავ მცდელობებში, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ იგივე სისხლის გამოყენების რიტუალზე არსებული წარმოდგენები, დაუსაბუთებელი და მოგონილი ამბები იყო და არ შეიძლებოდა ამ ცრურწმენას გადაჰყოლოდა ადამიანების ცხოვრება.

ეს მცდელობები ჩანს მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი არწმუნებენ საზოგადოებას, რომ რელიგიური უფლებები არის ხელშეუხებელი, ეს არის სინდისის საქმე და არანაირად არ შეიძლებოდა რელიგიური პროზელიტიზმი ქართველი მუსლიმების მიმართ, რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ ახლადშემოერთებულ საქართველოში, როგორც მაშინ უწოდებდნენ ბათუმს, ზემო აჭარას თუ ართვინის მხარეს.

არწმუნებდნენ მთავრობას, რომ დაენიშნათ ისეთი საჯარო მოხელეები, რომლებსაც ეცოდინებოდათ ქართული ენა, ეცოდინებოდათ ადგილობრივი ადამიანების რწმენა-წარმოდგენები, ადათ-წესები და ასევე ექნებოდათ ისლამის შესახებ ცოდნა, რომ ნდობა დამყარებულიყო ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

პატრიოტობა ამ ადამიანებისთვის მიწის სიყვარული კი არ იყო, არამედ ეს იყო ადამიანების სიყვარული,“- ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.

კულტურის მკვლევრის თქმით, როდესაც აჭარა საქართველოს შემოუერთდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში, მაშინდელმა საზოგადო მოღვაწეებმა დიდი როლი შეასრულეს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

„ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, სერგეი მესხი და კიდევ სხვა მრავალი ინტელექტუალი, განსაკუთრებული სახელებია. ისინი ამკვიდრებენ შემწყნარებლობის პრაქტიკას, შემწყნარებლობის დოქტრინას, როგორც პოლიტიკას. მათ არავითარი თანამდებობა არ ჰქონდათ. ეს ადამიანები არაფრიდან ცდილობდნენ შეექმნათ პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენ ცხოვრებას. ეს იქნებოდა ევროპულ, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული, სადაც განსხვავებების მიუხედავად ყველა ერთად თანაცხოვრობს, ყველა იბრძვის, საერთო სამშობლოს წინსვლისთვის,“ – ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.

„ყოველი სენი რუსეთისა ჩვენც უსათუოდ გადმოგვედება ხოლმე, ყოველი მისი ჭირი ჩვენ ჭირადაც იქცევა ხოლმე. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, იგივე არ ითქმის სიკეთის შესახებ. ბევრი სიკეთე რუსეთისა ჩვენ სიკეთედ არ ქცეულა, ბევრი რეფორმა კავკასიონის ქედს ვერ გადმოსცილებია. ეს ქედი, ადვილი გადმოსალახავი ყოველი ცუდისთვის, გამოუვალ საზღვრად შეიქმნება ხოლმე სიკეთის გადმონერგვისთვის,“- ეს სიტყვები იაკობ გოგებაშვილმა დაწერა, 1905 წელს თავის სტატიაში „უდიდესი დღის ვარმები“.

კულტურის მკვლევრის თქმით, საუკუნეზე მეტი გავიდა ამ ტექსტის დაწერიდან და კავკასიონის ქედი, ისევ ვერ გადმოლახა „ვერანაირმა სიკეთემ“ რუსეთის მხრიდან.

„ეს სტატია ეხება  რუსეთის იმპერიაში პარლამენტის დაარსების საკითხს და მის გარშემო მსჯელობის ნაწილია. იაკობ გოგებაშვილი ცდილობს, გარკვეული საზღვარი გაავლოს საქართველო რუსეთს შორის. რუსეთი, რუსი ჩინოსნების აზრით, იყო კავკასიის მშვიდობის გარანტი და ცივილიზაციის შემომტანი. თუმცა იმპერიის როლი ქართველ ინტელექტუალებს, მათ შორის იაკობ გოგებაშვილს, წარმოჩენილი აქვს უარყოფითად.

ქართველი ინტელექტუალები იბრძოდნენ იმ ნარატივების წინააღმდეგ, რომელიც ქართველებს და მთლიანად კავკასიის მცხოვრებლებს უნერგავდა, რომ რუსეთის გარეშე არაფერს წარმოადგენდნენ. თითქოს რომ არ ყოფილიყო რუსეთი, კავკასიელები ერთმანეთს ამოხოცავდნენ.

იაკობ გოგებაშვილი კი ამბობდა, რომ პირიქით, რუსეთს არც თუ ისე სახარბიელო როლი აქვს, რომ რუსეთის გარეშე ქართველები და კავკასიელები ძალიან კარგად ცხოვრობენ და ერთმანეთს პატივს სცემენ,“ – ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.

კულტურის მკვლევრის თქმით, როდესაც ვამბობთ, რომ ის, რაც ეროვნულია, არის ევროპული, პირველ რიგში ამაზე მიუთითებს სიტყვა „თვითმოქმედება“ და მისი მნიშვნელობა მე-19 საუკუნის საქართველოში.

„ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთობაშია… ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით, თუ ხორცით,“ – წერდა ილია ჭავჭავაძე.

„თვითმოქმედება“ – ეს სიტყვა მოქალაქეების აქტიურობასთან, თვითორგანიზებასთან იყო დაკავშირებული და ეს იდეა აძლევდა მე-19 საუკუნის ქართველს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელია, სასურველია და მათი მიღწევა შესაძლებელია მოქალაქეების აქტიურობით.

ეს აქტიურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ვთქვათ ეყიდათ ქართული გაზეთი, ყოფილიყვნენ გამომწერები. რომ ქართულ გაზეთებს ჰქონოდათ შემოსავალი და ის იდეები, რომელიც ვრცელდებოდა გაზეთების საშუალებით, გავრცელებულიყო მოსახლეობაში.

ევროპული ერები ასე  ჩამოყალიბდა. გაზეთებით და საგამომცემლო საქმიანობით ნაციონალიზმის იდეები, ერის ეროვნულობის იდეები გავრცელდა ფართო ფენებში. ამ იდეებს, როგორც წესი, ერის ინტელექტუალები ქმნიდნენ.

ისეთები, როგორიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი და სხვები. ამათი იდეებიც, გაზეთების საშუალებით ვრცელდებოდა. ესეც ასევე ევროპული გამოცდილებაა, რომელიც გადმოიღეს ქართველმა ინტელექტუალებმა.

საქართველო სულ ცდილობდა, რომ ევროპისთვის ფეხი შეეწყო. სწორედ თვითმოქმედება, თვითორგანიზება იყო საშუალება, რითაც შეეძლო საქართველოს თავი დაეღწია რუსეთის იმპერიაზე დამოკიდებულებისგან. ამიტომ ამბობს ილია ჭავჭავაძე, „სხვის იმედად ყოფნა, არის ქვიშაზე აშენებული სახლი, რომელსაც არ აქვს საძირკველი და რომელსაც უმცირესი გამოწვევაც კი დაანგრევსო“.

მე-19 საუკუნის ბოლოს ილია ამბობდა, რომ ბოლო „იმ 80 წლის განმავლობაში, საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ჩვენი მდგომარეობა არ შეცვლილა. არ გაუმჯობესებულაო. ჩვენ არ გვქონია უკეთესი განათლება, არ მოგვიგვარებია ბევრი პრობლემა, ეს იმიტომ, რომ ჩვენ მივიძინეთ, რუსეთის იმედად ვართ“.

ილიას აზრით, თვითმოქმედება იყო გასაღები იმისთვის, რომ ერი აღორძინებულიყო. ეს თვითმოქმედების მაგალითები ზუსტად ევროპიდან გადმოჰქონდათ. აიღეს ჩეხეთის მაგალითი, რომლებმაც დააარსეს საისტორიო საზოგადოება, ლატვიელების მაგალითი, რომლებმაც დააარსეს გაზეთები და ჟურნალები. შოტლანდიელები, რომლებმაც დააარსეს სკოლები და იზრუნეს საგანმანათლებლო სისტემის გამართვაზე.

ეროვნული ენის დაცვაც სრულად დაკავშირებული იყო ევროპულ გამოცდილებასთან. იმიტომ, რომ ევროპაში მცხოვრები მცირე ერები, რომლებიც ცხოვრობდნენ იმ პერიოდში და იბრძოდნენ თვითგადარჩენისთვის, მაგალითი იყო ქართველებისთვის.

ეროვნული ენისთვის ბრძოლა ჩვენ გვგონია, რომ ეს აქ დაიწყო და სხვას არავის არ ჰქონია პრობლემა. ყველა დაპყრობილ ერს, რომელიც ასევე ევროპაში ცხოვრობდა, ჰქონდა ენის გადარჩენის საკითხი.

ამიტომ ისეთი ეროვნული საქმე, როგორიც იყო ენის გადარჩენა და ენის განვითარება, იყო სრულიად ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებული. რომ არ ყოფილიყო ეს ევროპული მაგალითები, აქ მოუწევდათ მოგონება ან რაღაც სხვა გამოსავლის ძიება.

მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი როდესაც იცავს ქართული ენის ინტერესებს, ასაბუთებს, რომ სკოლებში დაწყებითი განათლება უნდა მიიღონ ბავშვებმა ქართულად, ქართულ ენაზე. ის იშველიებს ევროპული პედაგოგიკის პრინციპებს, ევროპულ ცოდნას ეფუძნება და ამბობს, რომ თუკი ეროვნულ ენაზე დაფუძნებული განათლება წარმატებულია შოტლანდიის მაგალითზე, საქართველოში, სადაც რუსულს იზეპირებენ მოსწავლეები, არავითარ სარგებელს არ იძლევა. იმიტომ, რომ ეს ცოდნა, რასაც იღებენ თავს მოხვეული ენით, არის უსარგებლო და არ ახდენს გავლენას მოზარდ თაობაზე“, – ამბობს მიხეილ მეფარიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: