რეკლამა,სიახლეები

გადაწყვეტილებები ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევაზე

23.07.2024
გადაწყვეტილებები ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევაზე

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ  ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ,  ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და  ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს.

ქარტიის საბჭომ გიორგი კალანდარიშვილის მიმართვის საფუძველზე იმსჯელა. ტელეკომპანია „პირველის“ შემთხვევაში, ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „საბჭომ იმსჯელა სიუჟეტში აღწერილ გარემოებებზე, გასაჯაროებულ ფაქტებზე და ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ერთობლიობაში არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული“.

საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელიც შეეხება ინფორმაციის სიზუსტეს (პირველი), ინფორმაციის შესწორებას (მე-5), დისკრიმინაციის თავიდან აცილებას (მე-7) და ბავშვთა უფლებების დაცვას (მე-8).

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული ტექსტების, სიუჟეტის მანიპულაციური წყობით, სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, მასალის ავტორებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას, სათანადოდ არ გადაამოწმეს ფაქტები და ქარტიის პრინციპები დაარღვიეს.  საგამოძიებო პროდუქტში მსგავსი საეჭვო და გადაუმოწმებელი ფაქტის ერთგვარ ბრალდებაზე მინიშნების ფორმით ჩვენება მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტს არ შეესაბამება და ისევ მანიპულაციას და საზოგადოების უპატივცემულობას წარმოადგენს.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ 2024 წლის 2 მარტს გავიდა და ეხებოდა გიორგი კალანდარიშვილისა და მისი ოჯახის ქონებას.

გადაწყვეტილება 2024 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე. იხილეთ ბმული:

https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/98151-gadatsyvetileba-saqmeze-giorgi-kalandarishvili-zhurnalistebis-nodar-meladzisa-da-maka-chikhladzis-tsinaaghmdeg

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია ამავე თემაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გიორგი კალანდარიშვილთან მიმართებაში ასევე დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები.  ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 2 აპრილს გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ჟურნალისტმა ცესკოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით ცესკომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“  რვაჯერ მიმართა. ექვს შემთხვევაში ორგანიზაციამ დაადგინა, რომ რეპორტაჟებში დარღვეული იყო ქარტიის პრინციპები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: