„კარგად გეცოდინება, რაშიც მყოფნის“ – გვპასუხობს პენსიონერი ანზორ გოგრაჭაძე კითხვაზე – რაში გყოფნით პენსია.
მან ჯერ გვითხრა, რომ პენსია მცირეა და არ ჰყოფნის, მას შემდეგ კი, როცა ვთხოვეთ, მოეყოლა დანახარჯების შესახებ პენსიიდან, ასე გვიპასუხა.
ამის შემდეგ ანზორ გოგრაჭაძემ გვითხრა, რომ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია, ამიტომ „მთავრობა არ უნდა შეიცვალოს“, თუმცა უკმაყოფილოა წამლების ფასებით და პენსიის ოდენობით:
„წამლები უნდა გაიაფდეს, პენსია გაიზარდოს. კერძო სექტორია და ვერ ჩაერევა? – რაცხა ვერ დავიჯერებ მაგას, მთავრობა ყოველთვის მეერევა. მე ძველი სტილის კაცი ვარ და ევროპაში სიკეთეს ვერაფერს ვხედავ, ძველებური მომწონს მაინც. ევროპაში მაქვს ნამსახურები, გერმანიაში და ვიცი რაცხაა. რა არ მომწონდა? – დისციპლინა მომწონდა. დიახ, დიდებული იყო.
მთავრობის შეცვლას არ ვისურვებდი, მაგრამ დისციპლინა უნდა დაამყაროს. რა კუთხით და მაღაზიებში დღეს შეხვალ ერთი ფასია, ხვალ – მეორე ფასი. ასე როგორ შეძლება, ძალიან სიძვირეა, ხელფასები – დაბალი. პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი, აბა, რისთვის გვყავს? “ – ამბობს ზაურ გოგრაჭაძე [სტილი დაცულია].
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გზების დეპარტამენტისა და დასაქმების სააგენტოს წინ არსებულ სკვერში ხანდაზმულები ნარდს თამაშობენ. ბაბუები ვართო – ასე თავად გაგეცვნენ. ზაურ გოგრაჭაძეც მათ შორისაა. „ბაბუებმა“ – ჯანდაცვის პროგრამებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ მთავრობამ ფასების დარეგულირებაზეც იფიქროსო.
ერთმა უკმაყოფილება გამოთქვა:
„დაფინანსებისთვის გავაგზავნე და ჯერ პასუხი არ მოსულა, ექიმმა სასწრაფო ჩამიწერა და ერთი თვეა გასული. როდის მოვა? – რომ მოვკვდები მერე, ალბათ“. მან სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა: „რად გინდა ერთი, არაა საჭირო“.
ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებს თუ შემოივლით, მიხვდებით, რომ აქ საჯარო სივრცეების ათვისება- განაწილებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული, შესასვლელებსა და კერძო სახლებზეც ხშირად შეხვდებით წარწერას: „მანქანა არ გააჩეროთ“, ნახავთ საბურავებით შემოსაზღვრულ ადგილებსაც.
აქ ზოგი იმაზე დარდობს, რომ ბავშვებისთვის ეზოში თამაში უსაფრთხო არ არის, ზოგი ჩივის, რომ ყველა სახლს ეზო არ აქვს და ბავშვები ერთ ეზოში იყრიან თავს, რაც აქ მცხოვრებლებისთვის დისკომფორტი ყოფილა.
ვალერიან კირკიტაძე სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში შვილიშვილს ასეირნებს, ის „ოცნებაზე“ გაბრაზებულია – რაც დაგვპირდნენ, არ შეგვისრულეს და მაგათ ხმას აქ არავინ მისცემსო – ამბობს, თუმცა საუბრის დასაწყისში ისიც გვითხრა, რომ რაც კეთდება, ყველაფრით კმაყოფილია:
„წინა არჩევნებზე და იმის წინა არჩევნებზეც მერიას ჩვენი სახლის ფასადი თუნუქით უნდა შეეფუთა, ჭადრაკის ჩემპიონატი რომ იყო ხომ გახსოვთ, გვერდითა სახლები შეფუთეს, რომ სპორტული კომპლექსიდან კარგად გამოჩენილიყო. ჩვენი სახლი კი არ შეფუთეს და სეტკა აგვაფარეს. უსაფრთხოების საკითხები სულ დაივიწყეს, მანქანები ისე დაქრიან, ბავშვს ვერ გამოიყვან გარეთ“ – გვიყვება ვალერიან კირკიტაძე. ის ფერაძის ქუჩაზე, კორპუსში ცხოვრობს.
სკვერში ურნები გადავსებული დაგხვდა, სკამები – დამტვრეული, ონკანები დაზიანებული. ადგილზე „მწვანე ბათუმის“ თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ისინი ნარგავების წამოზრდილი ბალახისგან გასუფთავებას ცდილობდნენ. დიქტოფონთან საუბარი არ მოინდომეს, პირად საუბრებში კი გვითხრეს, რომ გული სწყდებათ, რომ ზოგი არსებულ გარემოს უდიერად ეპყრობა: „არ უვლიან, ჩვენ მათთვის ვალამაზებთ ამ ყველაფერს, ასე როგორ შეიძლება?!“
ამ სკვერში საპირფარეშოც იყო, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, 2-3 წელია რაც ის მერიას დაუკეტავს, რადგან „ვერ მოხერხდა მოწესრიგება“.
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მთავრობა „ავარიული სახლების პროგრამის“ ფარგლებში ახალ კორპუსს აშენებს, აქ ორსართულიანი ავარიული სახლები დაანგრიეს. მშენებარე სახლების წინ, ბარაკებში ცხოვრობენ, თუმცა მათ ამ დროისთვის არ იციან, მოუწევთ თუ არა ბინები ახალ კორპუსში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ვერ შეხვდით, არ ვიცოდით მოსვლას თუ გეგმავდაო – გვითხრეს აქ.
ბაგრატიონის ქუჩაზე კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმის ფილიალს აშენებს, ეს ამ უბანში მცხოვრებლებს მოსწონთ, ჩვენი უბანი უფრო პრესტიჟული გახდებაო, თუმცა პარკინგის ადგილების გამო სწუხან: „ისედაც არ არის ადგილი და უნივერსიტეტი რომ დაიწყებს ფუნქციონირებას, მერე რა იქნება?!“
ამ შენობის წინ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობაა, სადაც კოლეჯი „ბლექსი“ ფუნქციონირებს. აქ გვითხრეს, რომ კოლეჯი სხვა შენობაში უნდა გადავიდეს და აქაურები შიშობენ, რომ ამ ადგილსაც დიდი მასშტაბის შენობის ასაშენებლად გაყიდიან.
„კარგი იქნება აქ სკოლა ან საბავშვო ბაღი და სკვერი მოეწყოს, რადგან ბევრ კორპუსს არა აქვს ეზო, რომ ბავშვებმა ითამაშონ“ – ამბობს იამზე ბერიძე.
აქ გვითხრეს, რომ შეწუხებულები არიან ძველი მანქანებითაც, რომლებიც პატრონებს უკვე წლებია ერთ ადგილზე აქვთ განთავსებული:
„ეს ჯართი იმდენია, არავინ არაფერში იყენებს, ისედაც არ არის ადგილები და ტყუილად ადგილებს იკავებს, არც ვიცით, რამე თუ არეგულირებს ამას“.
სამაგიეროდ აქ კარგად უვლიან ეზოს ძაღლებს და ფისოებს, რომლებიც მოიშინაურეს