„მინდა, 26 ოქტომბრამდე ყველა რეგიონი მოვიარო და ჩემი შეხედულება გავაცნო ხალხს, ვუთხრა ადამიანებს, რომ საქართველოს მომავალი იყოს ახალგაზრდების მხარეს, ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს გზა ევროპისკენ… მე მინდა ევროპული გზა და ახალგაზრდების მხარდაჭერა,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ბორის სამსონაძემ.
83 წლის კაცი თავისი ძალებით აპირებს სხვა მოქალაქეებს შეხვდეს და დაარწმუნოს, რამდენად აუცილებელია არჩევნებზე წასვლა და აქტიურობა.
რას ნიშნავს საქართველოსთვის, თუ ევროპელი მეგობრების და აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე დავრჩებით? – ვეკითხები ბატონ ბორისს და ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკის წინ მდებარე პატარა სკვერში ვსხდებით.
„თუ დავკარგეთ ეს მხარდაჭერა, ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ – არ გვექნება უფლება, ჩვენი ჭკუით და აზრით ვიარსებოთ…
ამერიკა და ევროპა ცუდს არაფერს გვირჩევს. მათ უნდათ, რომ აქ იყოს წესრიგი და არა ჩაგვრა, როგორც ახლა ხდება – ახალგაზრდები არაფერს არ აშავებენ ისეთს, რომ ასე იძალადონ, ქართველმა ქართველს ურტყას, შეიძლება?“ – კითხულობს 83 წლის კაცი და მერე წუხილს გვიზიარებს, ევროპული განვითარება რომ იყოს საქართველოში, სიბერე როგორი სხვანაირი მექნებოდაო.
ბორის სამსონაძე სოციალურ უთანასწორობაზე და, ზოგადად, უსამართლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი დაკვირვებით აწყობს პრორუსულ ხელისუფლებას – თავად რომ იშოვოს მილიონებიო.
„ამერიკა და ევროპა გვეხმარება, მაგრამ ჩვენამდე არ მოდის – ამიტომაც გახდნენ თვითონ მილიონერები,“ – გვიყვება ბორის სამსონაძე. – „პენსიონერს 400 ლარი და პარლამენტარს – 10 ათასი ლარი, შეიძლება? ასეთი განსხვავება ევროპაში არ არის. ჩვენთან „ოცნების“ 28 წევრი მილიონერი გახდა, შენ კი უნდა იარსებო 400 ლარად.
მე როცა ახალგაზრდა ვიყავი, ევროპის 4-5 ქვეყანაში ვიყავი – წესრიგია ევროპაში სწავლის, ჯანმრთელობის დაცვის მხრივ. პენსიონერიც დაცულია. ევროპული წესრიგი ჩვენთან არსად არაა, არც სასამართლოში,“ – გვითხრა ბორის სამსონაძემ.
„არ არის სასამართლო დამოუკიდებელი?“ – ვეკითხებით მას.
„არა, არ არის,“ – კატეგორიულია 83 წლის კაცი. – „სამართალს ვერ პოულობს ქართველი ხალხი თავის მიწა წყალზე… მთავრობა რუსეთისკენ იყურება… მაგრამ ბევრი ფული არ არის ბედნიერება. მთავარია ხალხის ძალა და ხალხის ხმა, მთავარია ხალხის ერთობა.
მთავრობა რასაც გეტყვის, ისე კი არ უნდა იყოს, ხალხის ძალა უფრო მეტია, ვიდრე ფულები. არ მიყვება დღეს ხელისუფლება ხალხის ნებას,“ – გვითხრა მან.

ბორის სამსონაძე
ბორის სამსონაძეს განსაკუთრებით ახალგაზრდების იმედი აქვს – ფიცი დადეს 9 აპრილის მემორიალთან, გმირების სისხლით მორწყულ მიწაზე და არა მგონია, სიტყვას უღალატონო.
„ოპოზიციაც გაერთიანდება ალბათ ბოლო-ბოლო, პრეზიდენტიც გვერდში გვიდგას, ქართველი ხალხის მხარესაა… რუსეთს უნდა, რომ მის ჭკუაზე იყოს აქ ყველაფერი, როგორც წაგვართვეს ტერიტორიები. მათ უნდათ, საქართველო იყო მისი გავლენის და კარნახის ქვეშ. მე ბევრი რუსი მეგობარი მყავდა, მაგრამ თვითონ რუსული პოლიტიკა არ მომწონს. ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ განსაკუთრებულად გვიყვარს ჩვენი მიწა-წყალი…
ამერიკასთან უვიზო მიმოსვლაზეც უარი თქვეს – წავიდოდა ხალხი, იმუშავებდა, დროულად ბინებს იყიდდა და მოახერხებდა რაღაცას – უნდა დათანხმებულიყვნენ, ცხადია,“ – აღნიშნა ბორის სამსონაძემ და აბაშიძის მმართველობის დრო გაიხსენა, ენერგეტიკოსად რომ მუშაობდა ენერგოკომპანიაში და აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, ასლან აბაშიძემ დირექტორთან ერთად კაბინეტში რომ დაიბარა, რუსულ ბაზას ბათუმში შუქი არ უნდა გამოუთიშოთო.
„მერე მკითხა, რამდენი მილიონი გაქვს ახლა ხელფასიო. მაშინ კუპონობა იყო. ვუთხარი, 30 მილიონი-მეთქი. 6 დოლარი გქონიათო, დამცინა. თვითონ დატენა თვითმფრინავი დოლარებით და წავიდა… აბაშიძის რეზიდენცია პირველი კატეგორია იყო და ვერ გამოვურთავდით ვერასდროს შუქს, მეორე იყო პურის ქარხანა და საავადმყოფო. გაჭირვებული მოსახლეობა კი, ყოველთვის იჩაგრებოდა: დილას გამოვრთავდით, საღამოს ჩავრთავდით. ზოგჯერ ესეც არ იყო.
ბათუმი ძალიან შეიცვალა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს… მაინც არ დაუფასდა. ახლა კი, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი კეთდება,“ – მიიჩნევს ბორის სამსონაძე და ბათუმში ბევრი რუსი რომ ჩამოდის საცხოვრებლად, ამაზეც გვიზიარებს მოსაზრებას – ეგ აძვირებს ბაზარსო.
საუბრის ბოლოს, ბორის სამსონაძეს მეზღვაურის ქუდზე ვეკითხებით, რასაც თვითონ ატარებს:
„მე რომ ბათუმელი ვარ, ამას გამოხატავს, ხალხს ჰგონია, რომ კაპიტანი ვიყავი… ზღვასთან ასოცირდება და მომწონს, თუმცა სინამდვილეში არ გავხდი მეზღვაური, მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, ენერგეტიკოსი გავხდი,“ – გვიღიმის ბორის სამსონაძე.