ივლისის ბოლოს ტრადიციულად იზრდება მოთხოვნა მთის კურორტებზე და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – რა თანხად შეიძლება თანამედროვე კოტეჯის თუ უფრო ძველი აშენებული სახლის დაქირავება? – „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს დასვენება აჭარასა და გურიაში ყველაზე პოპულარულ საზაფხულო კურორტებზე – გომის მთაზე, ბახმაროსა და ბეშუმში.
ბეშუმი აჭარის ყველაზე პოპულარული მთის კურორტია. აქ ხშირად მიდიან დასასვენებლად ბავშვებით. სეზონი, სხვა კურორტების მსგავსად, პიკს აგვისტოში აღწევს, როცა ბათუმში ჰაერის ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა იზრდება.
ბეშუმში ამბობენ, რომ სწორედ აგვისტოში ელოდებიან დამსვენებლების რაოდენობის გაზრდას.
რაც შეეხება ფასებს ბეშუმში, ისევე, როგორც სხვა კურორტებზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილმოწყობილია კონკრეტული სახლი.
„ახლა არის ხალხი, მაგრამ ძალიან ცოტა. შარშან უფრო მეტი იყო, წელს არ არის. შესაძლოა ამინდის გამოც. ცუდი ამინდები იყო აქამდე. კოტეჯი ერთი ღამით 50 – 60 ლარი ღირს, გააჩნია პირობებს”, – გვითხრა ერთ-ერთი კოტეჯის მფლობელმა.
ფეისბუქჯგუფებში ბეშუმში დასვენების ფასებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კეთილმოწყობილი კოტეჯების ფასი დღეში 100-160 ლარი და მეტიც შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, ასეთ კოტეჯებში 4-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, სახლები აღჭურვილია აუცილებელი ტექნიკით, არის სველი წერტილები.
სხვა ფასებია, თუ ნაკლებად კეთილმოწყობილი სახლის დაქირავებაზეც ხართ თანახმა.
მაგალითად, შედარებით ძველი ხის სახლი, რომელშიც 3 ოთახია და 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, აგვისტოში დღეში 50 ლარადაც შეგიძლიათ დაიქირაოთ, მაგრამ ასეთ სახლებში ძირითადად არ არის შეყვანილი წყალი და მისი ამოტანა სახლში ეზოდან მოგიწევთ.

ბეშუმი
„ბათუმელები“ ესაუბრა კურორტ „ბეშუმის“ დირექტორს, ემზარ ბოლქვაძეს. მან გვითხრა, რომ ივლისის ბოლო დღეებში ბეშუმში უკვე მოიმატა დამსვენებლების რაოდენობამ და კიდევ ელიან ზრდას.
ემზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბეშუმს 24-საათის განმავლობაში მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. მისი თქმით, მოკლე დროით შუქი ქრება მხოლოდ მაშინ, როცა „ენერგო-პრო“ სამუშაოებს აწარმოებს.
კურორტის დირექტორმა გვითხრა, რომ წელს ბეშუმს 4 უბანი შემოემატა, ეს აქამდე არსებული უბნებია, რომელიც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით კურორტს შემოუერთდა.
ბეშუმში 1, 2 და 3 აგვისტოს გასართობ ღონისძიებასაც გეგმავენ, ცენტრში ტერიტორია ტენტით გადაიხურება და აქ ბათუმიდან ბენდს ელოდებიან, ხოლო 4 აგვისტოს, შუამთობაზე, ტრადიციული დოღი და სხვა სპორტული ღონისძიებები იგეგმება.
დამსვენებლების რაოდენობის ზრდას აგვისტოში ელიან გომის მთაზეც. კეთილმოწყობილი კოტეჯების ფასები აქ ოდნავ უფრო მაღალია.
„ბათუმელები“ გომის მთაზე რამდენიმე კოტეჯის მფლობელს დაუკავშირდა. საშუალო ფასი ერთ ადამიანზე 30-35 ლარია. ასეთ კოტეჯებში არის წყალი, ელექტროენერგია და საშუალოდ 10-14 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
„რვა კაცს იტევს სულ ჩემი სახლი, ორი ოთახია. მისაღებში მაქვს გასაშლელი დივანიც. სახლს აქვს აივანიც. ცხელი წყალი, გაზი, დენი, სველი წერტილი – ეს ყველაფერი მაქვს, როგორც გომის მთას შეეფერება ისეთ მდგომარეობაში. ყველაფერი სუფთა და ლამაზია. ერთი საწოლი, ანუ ერთი ადამიანის დარჩენა 30 ლარი ღირს.
აგვისტოს თვის იმედი გვაქვს და გვგონია, რომ აგვისტოში უფრო იქნება ხალხი, რადგან ახლა ნაკლებადაა. ახლა გზაც მოწესრიგდა ჩვენთან, მაგრამ რატომღაც ხალხის ნაკადი ნაკლებია. კოტეჯების მფლობელებიც ნაკლებად არიან წელს ამოსულები. აგვისტოში თუ ამოვლენ და გახსნიან დაკეტილ კოტეჯებს, არ ვიცი”, – გვეუბნება ერთ-ერთი გამქირავებელი გომის მთაზე და დასძენს, რომ აქ კოტეჯების ფასი მზარდია.
მისი თქმით, ძირითადად დამსვენებელი ჰყავთ თბილისიდან და ქუთაისიდან. არიან უკრაინელები, რუსები და ასევე, თბილისში მცხოვრები სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

გომისმთა
დამსვენებლების სიმცირეს უჩივიან ჯერ ბახმაროშიც.
აქ გვითხრეს, რომ დამსვენებლების რიცხვის გაზრდას აგვისტოსთვის ელოდებიან.
„კარგი ამინდებია, ძირითადად ამ თვის 20-ს შემდეგ ველოდებით ხალხს. აგვისტოშია მთავარი სეზონი.
მე მაქვს კოტეჯი, ორსართულიანი, 6 ადამიანს შეუძლია მოთავსება. გვაქვს აივანი, აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკით, ჭურჭლით და მთლიანი კოტეჯის ერთი დღის ფასი 250 ლარია”, – გვითხრა ერთ-ერთი კოტეჯის მფლობელმა ბახმაროში. მისი თქმით, კოტეჯების ფასი აქ ძირითადად დღეში 200-დან 250 ლარამდე [დღეში] მერყეობს, თუმცა შეიძლება უფრო იაფად დაქირავებაც.
ბახმაროში ბევრია ძველი სახლი, რომელშიც არ არის სველი წერტილები და ნაკლებად კეთილმოწყობილია. ასეთი სახლები გაცილებით იაფია და 20-25 დღით დაქირავება აგვისტოში საშუალოდ 500-600 ლარი ღირს, ფასი მოლაპარაკების საგანია.
ბახმაროში სეზონი პიკს 19 აგვისტოს აღწევს, როცა კურორტზე, ტრადიციულად, დოღი იმართება. ამის შემდეგ ბახმაროში დამსვენებლების რაოდენობა იკლებს, თუმცა ბოლო წლებში ტენდენცია იცვლება, ბახმაროში დამსვენებლებს სექტემბერშიც შეხვდებით.
________________
სტატიაზე მუშაობდნენ: ნინო ართმელაძე, ნანა კვაჭაძე