ავტორი: ვაკო გოგუაძე, მასწავლებელი
ჩემს 15 წლიანი კარიერაში იყო ბევრი დაცემა, აღმავლობა, წარმატება, წარუმატებლობა და უპირობო მიზანი, ვყოფილიყავი კარგი პედაგოგი. ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული სპეციალისტი ვარ, პარალელურად სან-დიეგოს უნივერსიტეტისთვის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ.
მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს საქართველოში და ყველა ახალგაზრდას გამოვუცხადო თანადგომა. რაც დღეს ხდება დაუჯერებელი რეალობაა, თუმცა ერთიანობა და თანადგომა იმედს მიტოვებს, რომ ჩვენ მალე გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რუსული კანონი ნამდვილად დამღუპველია ქვეყნისთვის, რადგან იგი ჩაძირავს სიტყვის თავისუფლებას და გააქრობს არაერთ ორგანიზაციას.
ასევე მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში, კერძოდ ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფს, სახელად – „დაიტოვე“, სადაც გამოქვეყნებული პოსტები სიხარულის ცრემლს მგვრის. მეამაყება ყველა ქართველი, ვინც აპროტესეტებს რუსულ კანონს და სიყვარულით აკეთებს სიკეთეს. სწორედ ახალგაზრდების ასეთი შემართება გადაარჩენს საქართველოს. სასწაულია იმის ხილვა, თუ რაოდენ ერთიანია ახალგაზრდების მუხტი.
ასევე სოლიდარობას ვუცხადებ ლადო აფხაზავას, რომელიც სამაგალითო მასწავლებელია ქართულ რეალობაში. მინდა ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა. დიდი მადლობა სამშობლოს სიყვარულისთვის. ლადო მასწავლებელი ეროვნულ ჯილდოზე მეტს იმსახურებს. ჩემთვის ლადო გმირი მასწავლებელია.
ემეგრაციას, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, ახლავს თავისი სევდა, უსამშობლობისა და შენს საყვარელ ადამიანებთან ვერ ყოფნის სევდა. ჩემი მზიანი ბათუმიდან ცივ ტალინში გადაცხოვრების კონტრასტი სულ ერთ აზრთან მაბრუნებს – „არც რაი ყოფილა სამშობლოზე უტკბილესი…“
მიუხედავად იმისა, რომ ტალინში ჩამოსვლიდან სამ დღეში დავსაქმდი, სამშობლოს ნოსტალგია სულს მიმღვრევდა. შრომით მიგრაციასთან ადაპტაციის რთულ გზას ისევ ქართულ კულტურასთან ჩემებური კავშირით ვიამებდი. ამ განცდით დატვირთულმა ქართველ და ესტონელ მეგობართან ერთად არასმთავრობო ორგანიზაცია „ქართული ენისა და კულტურის ცენტრი“ დავაფუძნე. იდეა უცხოელებისათვის ქართული კულტურის, ტრადიციების, ენის და სამზარეულოს გაცნობა იყო, რისთვისაც სხვადასხვა ტიპის საჩვენებელ გაკვეთილებს ვატარებდით.
ასევე, განვახორციელე პროექტი – „გაიცანი საქართველო ხუთი გრძნობით“. პროექტი ერთი კვირა გაგრძელდა და საკამოდ წარმატებული აღმოჩნდა. იგეგმება აქტივობების გამრავალფეროვნება. ვიმედოვნებ, ქართული ენა და კულტურა კიდევ უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული ადამიანებისათვის.
ამ ეტაპზე ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ესტონურ-ქართული ოჯახებისთვის პროგრამა „ირბახით“ ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება.
ეს პროცესი ისეთი ენთუზიაზმით მავსებს, რომ გონებრივად სულ საქართველოს განცდაში ვარ. ჩემი ემიგრაციის 10-წლიან გზაზე ჩემი წილი სამშობლო ასეთი რუდუნებით ვატარე, რადგან „ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება-ფესვებიდან!“
ჩემი ფესვები კი საქართველოშია.
ჩემი პირველი სამსახური საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლებში ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში დაიწყო. მაშინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე კურსს ვხურავდი და მხოლოდ ის ვიცოდი , რომ ეს სკოლები ბათუმიდან საკმაოდ შორს იყო. თუმცა, უარის თქმა არ მიფიქრია.
ჩემი მოტივაციის მთავარი მიზეზი პროექტის სახელად ქცეული ორი სიტყვა – „ასწავლე საქართველოსთვის“ იყო. კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე გატარებულმა სამმა წელმა სამშობლოსა და პროფესიის სიყვარული კიდევ უფრო გამიმძაფრა, ვგრძნობდი, რომ იქ ვიყავი, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად ვჭირდებოდი და ნამდვილად საქართველოსთვის ვასწავლიდი… პროექტის ფარგლებში, როგორც წარმატებული პედაგოგი საერთაშორისო ვიზიტორის ლიდერების პროგრამით „მასწავლებლის განვითარება ამერიკაში“ სასწავლო კურსზე მოვხვდი, ასე ახდა ჩემი ამერიკული ოცნება.
რიგში სხვა ოცნებებიც იდგნენ…
მსურდა კარიერა მშობლიურ ბათუმში გამეგრძელებია. ეს ოცნება იმთავითვე განწირული აღმოჩნდა. მასწავლებლის სასერთიპიკატო გამოცდების ჩაბარების შემდეგ რამდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილობა, თუმცა ჩემი ადგილი ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზეც კი არსად მოიძებნა. ამ დროს მომიწია ფიქრი ჩემი ქალაქიდან წავსულიყავი. იმედგაცრუებულმა გზის გაკვლევა დედაქალაქში გავაგრძელე.
თბილისში სასწავლო ცენტრ „ანიკას“, ოქსფორდის ენების სკოლის და ნიუტონის თავისუფალი სკოლის პედაგოგად ვიმუშავე. იქ გატარებულმა ხუთმა წელმა ახალი მოტივაცია გამიჩინა. საკუთარი პროფესიული სტანდარტები გავზარდე, გადავწყვიტე მაგისტრატურის ხარისხი ევროპაში მიმეღო.
მჯერა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.
მჯერა, რომ ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიღებული სრული დაფინასება, სტიპენდია და ის შესაძლებლობები, რაც ამ ქვეყანამ მომცა, შემთხვევითი არ ყოფილა.
მჯერა, რომ ჩემი საქართველოდან წამოსვლის დღე, 28 აგვისტო, არის ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასთან უწყვეტი კავშირის ნიშანი.
ახლა მთავარი ოცნების ჯერია.
დაბრუნების, სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების დრო დადგა.
ესაა ძახილი ახალი თაობის, რომელსაც მინდა მთელი ჩემი გამოცდილება გავუზიარო. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე სწავლების ფინურ მოდელს საუკეთესოდ მივიჩნევ. ვისურვებდი საქართველოს განათლების სიტემა კიდევ უფრო დაიხვეწოს და ამაში გარკვეული წვლილის შეტანის საშუალება მეც მომეცეს. სამომავლოდ, ალბათ საქართლოში უფრო საჭირო ვიქნები.
ესაა ძახილი ჩემი ყოფილი მოსწავლეების, რომლებიც ბოლო შეხვედრაზე თვალცრემლიანი დავტოვე, რომელთა უმრავლესობაც მასწავლებელი გახდა, რომელთა ცხოვრებაში პატარა სიკეთის მარცვალი მეც ჩავდე.
ძახილი ჩემი წარმატებული კოლეგებისა და მეგობრების, რომლებიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ცერემონიალის დასრულების შემდეგ ყოველთვის მირეკავენ და მარწმუნებენ, რომ ჩემი ადგილი საქართველოშია.
ძახილი ჩემი გამორჩეული ლექტორის – ბათუმის სახელმწიფო-პედაგოგიური კოლეჯიდან, ქალბატონი თეა ხვიჩიასი, რომელიც ჩემი პროფესიული შთაგონების წყაროა და რომლის სტანდარტებითაც დღემდე ვხელმძღვანელობ. რომელთან ურთიერთობამაც შთამაგონა, რომ მასწავლებლებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ძახილი ინგლისური ენის იმ პედაგოგის, რომელიც თვლიდა, რომ ჩემი ენის დონით მასწავლებელი ვერასდროს გავხდებოდი, რომელიც არასდროს დაფიქრებულა ჩემს ფსიქო-ემოციურ ფონზე და იმ ფაქტზე, რომ უმეტესად ნათხოვარი წიგნებით ვმეცადინეობდი, რადგან ჩემს მარტოხელა დედას სოფელ ფერიაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობა ჰქონდა.
და ბოლოს, მესმის უწყვეტი ძახილი ჩემი მთავრი გულშემატკივრის და ყოვლისშემძლე, უკვე ხანშიშესული დედის, რომელმაც მომცა ძალა მიზნამდე მივსულიყავი.
დიახ, დედა! ჩვენ ეს შევძელით და გპირდები, რომ დავბრუნდები.