მთავარი,სიახლეები

მობილიზება ბათუმში რუსული კანონის მხარდასაჭერ კონტრაქციაზე წასასვლელად

29.04.2024
მობილიზება ბათუმში რუსული კანონის მხარდასაჭერ კონტრაქციაზე წასასვლელად

დღეს, 29 აპრილს, დილის 7 საათიდან საჯარო მოხელეების და „ოცნების“ აქტივისტების მობილიზებაა ბათუმის სტადიონთან, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისის აქციაზე მიმავალი მმართველი პარტიის მხარდამჭერები იკრიბებიან.

დღეს, საღამოს, თბილისში „ოცნების“ კონტრაქციაა დაანონსებული, რომელიც აქციის – „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას“ – საპირწონედ იმართება.

ადგილზე 15-მდე მიკროავტობუსია. მიკროავტობუსების ნაწილი ბათუმის სამარშრუტო ხაზებიდანაა მოხსნილი.

აქვე იმყოფება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი.

„მე ვაფინანსებ, თვითონ“ – ასე უპასუხა ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელების“ კითხვას, ვინ აფინანსებს მოქალაქეების ტრანსპორტირებას თბილისში.

ადგილზეა ასევე გიორგი გიორგაძე, ბათუმის მერიის შპს-ს თანამშრომელი, სამთავრობო აქტივისტი, რომელიც 2019 წლიდან დღემდე პერიოდულად ჩნდება საპროტესტო აქციებზე და აგრესიულობით გამოირჩევა.

აქციაზე მიმავალი ადამიანების ნაწილს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

„არაფრის გასაპროტესტებლად არ მივდივარ, მივალ უბრალოდ ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად, ამდენი ორომტრიალი არ შეიძლება, სიმშვიდეა საჭირო. მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ვარ, არავის დაფინანსება არ მჭირდება“, – უთხრა ჟურნალისტებს დავით მამულაძემ, რომელიც დღეს აქციაზე წასასვლელად ემზადება.

„ენა, მამული, სარწმუნოება“ რომ დავიცვა, ამისთვის მივდივარ“ – უთხრა ჟურნალისტებს აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

„ბათუმელებმა“ ქალაქის სხვადასხვა უბანშიც შენიშნა სამარშრუტო მიკროავტობუსების მობილიზება. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსი გავიდა „ოცნების ქალაქიდან“, ასევე, თბილისისკენ მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსების სიმრავლე შეინიშნება ბათუმი-ახალციხის გზაზე.

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განახლდება, საღამოს კი „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: