მთავარი,სიახლეები

22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიუსაჯეს

12.04.2024
22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით მიზნად ლაზარეს დისკრედიტაციას ისახავდა.

ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ამბობდა, რომ „ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია ჰქონდა არეული“, ირაკლი ღარიბაშვილი კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ამბობდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი „უნდა დაისაჯოს“.

ხელისუფლების წარმომადგენლების ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გამო ლაზარე გრიგორიადისის მხარე კობახიძისა და ღარიბაშვილისთვის სასამართლოში ჩივილსაც გეგმავდა, თუმცა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო, რის მიზეზსაც ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები ლაზარეს დასჯის მცდელობითა და იმ ნაბიჯებისთვის დაბრკოლებების შექმნის სურვილით ხსნიდნენ, რაც დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უნდა გადაედგა.

საბოლოოდ, მხარეების დასკვნითი სიტყვები მოსამართლემ 8 აპრილს მოისმინა და გადაწყვეტილების მისაღებად, სათათბიროდ გავიდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: