მთავარი,სიახლეები

„რაც მოხდა რუსეთში, ვერ მოხდება საქართველოში“ – უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე რუსულ კანონზე

11.04.2024 • 3759
„რაც მოხდა რუსეთში, ვერ მოხდება საქართველოში“ – უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე რუსულ კანონზე

„ამერიკა გეუბნება, რომ არ ვარგა, ევროპა გეუბნება – არ ვარგა. ერთადერთი რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა არ გეუბნება იმავეს. ხომ უნდა მიხვდე, რომ ცუდია?“ – კითხულობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. „ბათუმელები“ მას რუსულ კანონზე ესაუბრა.

თამაზ ბაკურიძის აზრით, გაუგებარია, რატომ აწყობს რუსული კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებას, როცა „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც ევროპული მომავალი სურთ.

„ყველა კანონი უნდა იყოს საზოგადოებაზე მორგებული, რეალობაზე, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არის. მე პირადად, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, წლებია უცხოეთიდან დაფინანსება არ მიმიღია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე არ ვღელავდე. ამას განიცდის მთელი საზოგადოება.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და მათ ბევრ მომხრესაც ევროპაში უნდა. ხომ გაიმარჯვა ეროვნულმა ნაკრებმა და გაგვიხარდა? გაგვიხარდა ის, რომ ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპაში ითამაშებს.

იგივე გვინდა ჩვენ კულტურაში, ეკონომიკაში…

ჩემთვის გაუგებარია, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ კანონს იღებს გამჭვირვალობისთვის. მე სახელისუფლებო სტრუქტურაშიც მიმუშავია და კარგად ვიცი, თითოეული თეთრი როგორ კონტროლდება, რა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა? გრანტები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, თუ არ გაიწერა თითოეული თეთრი, გრანტს ვერ მიიღებენ“ – უთხრა თამაზ ბაკურიძემ „ბათუმელებს“.

თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონი მისთვის მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონს ექნება დათქმა: რომელი ქვეყნიდან მიღებულ დაფინანსებას ეხება?

„თუ მტრულად განწყობილ ქვეყნებზეა ლაპარაკი, მივუთითოთ კი, რომ არ გვინდა ჩვენ ამ კონკრეტული ქვეყნებიდან დაფინანსების მიღება,“- დასძინა თამაზ ბაკურიძემ.

უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ვერ მოხდება ის, რაც რუსეთში მოხდა – ქვეყანა კრიტიკული აზრის და კრიტიკული მედიის გარეშე.

„ის, რაც მოხდა რუსეთში, არ მოხდება საქართველოში. შესაძლებელია, რუსეთში შესაძლებელი გახდა პროტესტის ჩახშობა, ანტიეროვნული, ანტიხალხური კანონების მიღება, მაგრამ საქართველოში ეს ვერ მოხდება, საქართველო ბევრად წინ არის, ჩვენ უკვე არ შევდივართ იმ ქვეყნების ოჯახთა სიაში, სადაც დიქტატურა, ან ავტორიტარიზმი შეიძლება დამკვიდრდეს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

—————

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

ამავე თემაზე: 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: