მთავარი,სიახლეები

სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქალები ქვეყნიდან არ გადაიხვეწონ სამუდამოდ – აქცია თბილისში

04.02.2024
სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქალები ქვეყნიდან არ გადაიხვეწონ სამუდამოდ – აქცია თბილისში

„საცხოვრებელი სტუდენტებს“, „საცხოვრებელი ყველას“, „არა გამოსახლებებს“ – ამ სლოგანებით მიმდინარეობს აქცია დღეს, 4 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ.

დაგეგმილია მსვლელობაც. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „ხმა“.

„გამოსახლების პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა და ყველას სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ქალები არ გადაიხვეწონ სამუდამოდ ამ ქვეყნიდან, იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი.

გამოსახლების შეჩერება და თავზე ჭერი გვჭირდება იმისთვის, რომ ქალებს არ სჭირდებოდეთ მიმართონ სუროგაციას იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი. საბინაო პოლიტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ მიწის ნაგლეჯებზე, იქნება ეს „აფრიკის დასახლება“, ლილოს დასახლება თუ ვერეს ხეობა, არ გვიწევდეს, რომ სახელდახელო ბარაკები ვაშენოთ ყველანაირი ღირსეული კომუნიკაციის მიღმა. იქნება ეს გზა, წყალი თუ შუქი.

სახლი ყველასთვის გულისხმობს სტუდენტურ საცხოვრებელსაც, რომ სტუდენტებს შეეძლოთ განათლების მიღება და არა მხოლოდ იმაზე ფიქრი, როგორ იშოვონ ბინის, წამლის ან საკვების ფული.

ჩვენ გვინდა, რომ ყოველდღიურობა, რომელიც დღეს ჩვენი ძარცვით და გაღატაკებითაა მოცული, ღირსეული დღით შეიცვალოს და ის ჰორიზონტი, რომელიც ამ ბოლო ათ დღეში დავსახეთ, ერთმანეთის თანადგომით და გაძლიერებით, ამის იმედს იძლევა.

ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყნის მასშტაბით, უკანასკნელ საცხოვრებელზე“, – ამბობს მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელი თათა ვერულაშვილი აქციაზე.

არა გამოსახლებას – აქცია თბილისში.
ფოტო: თამთა კახაბერიძე

ძალადობრივ აქციაზე, რომლის დროსაც პოლიციამ შტურმით აიღო საცხოვრებელი სახლი, მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა დააკავეს. მათ აღსრულების ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება გამოძიება.

თუმცა ისინი 3 თებერვალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 3000-3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არა გამოსახლებებს – აქცია თბილისში

აქციას უერთდებიან: ჭიათურელი მაღაროელები, მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და სტუდენტები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: