პროკურატურამ „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა


შპს „ცენტრ პოინტი აჭარას“ ხელმძღვანელების დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის, შპს ,,ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ.

ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, და მასთან დაკავშირებული პირები მენაშენეებს მოუწოდებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა მათი კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია და არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, რითაც ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას.

ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მაია რჩეულიშვილი და შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სხვა წარმომადგენლები კვლავაც დამატებით ითხოვენ თანხებს მენაშენეებისაგან, რამაც კვლავაც შეიძლება დააზარალოს ისინი; ამავდროულად, მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ასევე ეუფლებიან შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს ბრალდებულად დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, ხოლო გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც დღეს 11 ივლისს, პროკუტარურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ამავე ინფორმაციაში პროკურატურა წერს: „ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა“.

პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ -სგან სარეკლამო კამპანიით 2005 წლის 2 მაისიდან – 2010 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში მოქალაქეებისგან მოზიდულ იქნა ფულადი სახსრები 64 219 606 ლარის ოდენობით. „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები უნდა მიმართულიყო მშენებლობისთვის, 2004 წლის 23 ივლისიდან – 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანმა სალაროდან, მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხა 3 756 017.41 ლარის ოდენობით არამიზნობრივად  გაფლანგა და თანხა არ მოხმარდა კონკრეტული ობიექტის მშენებლობას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფილიალის დირექტორად ირაკლი მინდელის დანიშვნის შემდეგ, მან 2006 წლის 28 ნოემბრიდან – 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში  არამიზნობრივად გაფლანგა შპს „ცენტრ პოინტ აჭარას“-ს მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის შეტანილი  თანხა  15 984 828.9 ლარის ოდენობით.
ამდენად, ერთობლიობაში მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com