მთავარი,სიახლეები

„კორუფციის ხსენებამ გააღიზიანათ“ – დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

24.11.2023 •
„კორუფციის ხსენებამ გააღიზიანათ“ – დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

დღეს, 24 ნოემბერს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციის განცხადებებს მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ.

როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გელა შაქარიშვილმა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეს, სოლომონ ბაჯელიძეს ხელი ჰკრა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლამ რამდენიმე წუთს გასტანა, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომა გაგრძელდა. 

ოპოზიციის დეპუტატმა, სოლომონ ბაჯელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ოცნება“ საკრებულოში კორუფციის ხსენებამ გააღიზიანა და ეს გახდა კონკრეტული დაპირისპირების მიზეზი.

„შესრულებულ ბიუჯეტზე იყო საუბარი, ვახსენე შესავალ სიტყვაში კორუფციული გარიგებები და ამაზე გაღიზიანდნენ, როგორც ყოველთვის. ხელი მკრა, ასე რომ ვთქვათ. დღეს მეორე შემთხვევაც იყო მსგავსი, რომელიც ასევე მოხდა კორუფციის შეხსენებისას, უბრალოდ ამ დროს კამერები არ იყო. ანალოგიურად, ქუჩური მეთოდებით ცდილობდნენ გაეცათ პასუხი.

აქ მთავარი აგრესიაა და არასწორი ოპონირება, ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციაზე“, – უთხრა სოლომონ ბაჯელიძემ „ბათუმელებს“.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ გელა შაქარიშვილის კომენტარი აღნიშნულ დაპირისპირებაზე ვერ მიიღო.

დღეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ ისაუბრა მდინარე კინტრიშის კალაპოტიდან ინერტული მასალის ამოღების და ამასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც.

საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლაშა კომახიძემ კინტრიშის ხეობაში ინერტული მასალის ამოღების ამსახველი ფოტო წარადგინა პრობლემის საილუსტრაციოდ.

„ეს არის კინტრიშის ხეობა, სოფელ ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის ტერიტორია, ის, რასაც უკეთებთ თქვენ ადგილობრივებს. არ გამოგადგებათ ის არგუმენტი, რომ თურმე მთავრობის განკარგულებით ხდება ინერტული მასალის ამოღება და გასწორხაზოვნება მიმდინარეობს მდინარის… ამაზე რეაგირება როგორ არ შეიძლება მოხდეს?! რომელ 70 000 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაზეა საუბარი, როცა ასი ათასობით კუბურ მეტრ ინერტულ მასალას იღებენ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში?! რა 70 000 ხალხო, მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალაა ამოღებული, რუსის ვასალი ღარიბაშვილი და მისი ნათესავები ისქელებენ ჯიბეებს და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს თვალში ვაყრით ნაცარს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

სხდომაზე ოპოზიციის წევრებს სხვა შენიშვნებიც ჰქონდათ.

„ამისთვის არსებობს მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები, სადაც შესაძლებელია საკითხი განვიხილოთ და ვიმუშაოთ“, – ასე გამოეპასუხა ოპოზიციას „ოცნების“ დეპუტატი გიორგი გოგიტიძე და ოპოზიციას მოუწოდა თავი შეიკავონ „დეზინფორმაციის გავრცელებისგან“.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ენმ-ის წევრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, საკრებულოს სხდომაზე კითხვები დაისვა კორუფციასთან და ასევე, მერიის შეუსრულებელ დაპირებებთან დაკავშირებით:

„კონკრეტულ დაპირებებზეა აქ საუბარი, მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და ა.შ. წელიწადზე მეტია გასული დაპირებიდან და მოსახლეობა ვერ იღებს შედეგს. სწორედ ამ კითხვებმა გამოიყვანა წყობიდან „ქართული ოცნება“. როცა ისინი პასუხს ვერ სცემენ კითხვებს, გადადიან მუშტი-კრივზე. მათგან ეს ჩვენ არ გვიკვირს, მაგრამ ერთი თუ მოხვდება „ნაციონალურ მოძრაობას“, ათმაგს მიიღებენ პასუხად. პოლიტიკური პაექრობის დროს ხელების ქნევა არავის არ შერჩება“.

მისივე თქმით, მდინარე კინტრიშის ხეობაში, საიდანაც ინერტულ მასალას იღებენ, სიტუაცია უფრო გართულდა.

„დღეს გაცილებით რთულ ეტაპზეა საქმე, რადგან იქ მცხოვრებლების სავარგულები, მიწის ნაკვეთების ნაწილი და განათების ბოძებიც აქვს წყალს წაღებული“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან, მდინარე კინტრიშის კალაპოტში, ქვიშა-ხრეშს  კომპანია „მაინინგ გრუპი“ სველი წესით მოიპოვებს. ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება კომპანიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მიიღო. კომპანია ლიცენზიისგან გათავისუფლებულია.

შპს „მაინინგ გრუპი“ 2017 წლის 13 ივლისსაა დაფუძნებული. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ჯონი გოგიტიძეა, კომპანიის დირექტორი კი – გურამ თამაზაშვილი.

_______________

ფოტოზე: კადრი ქობულეთის საკრებულოში დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრებიდან 

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/492089/?fbclid=IwAR2Puialw8p2bGoy3NghcBQYgEGXb4fM9ZK48GeSOCFoBrFB7iFDEBvrAxM

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: