ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 32 948 540 ლარია.
ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ძაღლების თავშესაფარი და იპოდრომი, ასევე სარეკრეაციო სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება.
მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
სატენდერო პირობის მიხედვით „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე [2023 წლის 21 სექტემბრამდე] უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 40 მილიონი ლარის ღირებულებით;
მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით“.
სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს მშენებლობისთვის საჭირო დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.