მთავარი,სიახლეები

საქართველოს ეროვნული გმირი – გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა

18.08.2023 • 1201
საქართველოს ეროვნული გმირი – გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა. იგი 23 წლის ასაკში დაიღუპა ცხინვალში.

ოფიციალური ცნობებით, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 2003-2004 წლებში მან სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა.

2004 წელს გიორგი ანწუხელიძე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში, 2005- 2006 წლებში კი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა.

2008 წლის 17 აპრილიდან იგი IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.

ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

2013 წლის 15 აპრილს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ასევე, გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.

2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

2018 წლის ნოემბერში ახმეტაში მდებარე მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს. ანწუხელიძის სახელობის მწვერვალის სიმაღლე 3276,1 მეტრია.

____________

ფოტო: ვიკიპედია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: