მთავარი,სიახლეები

რუსეთიდან საკრუიზო გემი ბათუმში ისევ მოდის

28.07.2023 • 1932
რუსეთიდან საკრუიზო გემი ბათუმში ისევ მოდის

საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ მორიგი ტურის ფარგლებში, რომელიც რუსეთიდან, სოჭის პორტიდან დაიწყება, ბათუმის ნავსადგურში შემოსვლას ისევ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია გემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ASTORIA GRANDE“ ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს, დილითაც შემოვიდა და ბათუმი იმავე დღეს, საღამოს, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.

„ASTORIA GRANDE“-ს ვებგვერდის მიხედვით, მორიგი ტური დაგეგმილია შემდეგი მარშრუტით: სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, გემი სოჭიდან 2023 წლის 29 ივლისს გამოვა, ხოლო ბათუმის პორტში შემოვა 31 ივლისს, დილით და იმავე საღამოს დატოვებს ბათუმს.

ფოტოები „ASTORIA GRANDE“-ს ვებგვერდიდან

ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ეს არის „ვარსკვლავური კრუიზი ტელეარხ RU.TV-სთან ერთად“ [Звёздный круиз с телеканалом RU.TV]

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან „ბათუმელებმა“ ამ დრომდე ვერ მიიღო ინფორმაცია, აღნიშნული საკრუიზო გემი ნამდვილად შემოვა თუ არა ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს.

25 ივლისს, საკრუიზო გემის ბათუმში შემოსვლამდე 2 დღით ადრე კი, სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საკრუიზო გემ „ASTORIA GRANDE“-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited“-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.“

27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერით – „ASTORIA GRANDE“ ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, რომელიც 27 ივლისს ბათუმში, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი, ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. ეს ინფორმაცია მაშინ ქართულმა მხარემ უარყო.

განახლება: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან დღეს საღამოს 9 საათზე მოგვწერეს, რომ მომართვა გემის ბათუმის ნავსადგურში შემოსვლაზე არ მიუღიათ: 31 ივლისს რუსეთიდან გემის ბათუმში შემოსვლაზე მომართვა არ მიგვიღია – სააგენტო

ამავე თემაზე:

ბათუმის ნავსადგური დატოვა საკრუიზო გემმა, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: