მთავარი,სიახლეები

რატომ არ დგამენ სკამებს სკვერში, რომლის რეაბილიტაცია 1 თვის წინ დასრულდა

28.07.2023
რატომ არ დგამენ სკამებს სკვერში, რომლის რეაბილიტაცია 1 თვის წინ დასრულდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა, თუმცა სკვერში სკამები და სანაგვე ურნები დღემდე არ დაუდგამთ.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ნიუ სთაილთან“ ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მიღება-ჩაბარების აქტი [სამუშაოების დასრულებაზე] 2023 წლის 26 ივნისს გააფორმა.

„ახალი სკამები უკვე მზად არის, ჩვენი სურვილია, ისინი ამ შაბათ-კვირას [29-30 ივლისს] განათავსონ სკვერში, თუმცა ამინდზეც არის ეს დამოკიდებული. ამასთან, კომპანიას ხელშეკრულებით ჯერ ვადა აქვს და მიუხედავად ჩვენი სურვილისა, ვერ მოვთხოვთ. სკამებთან ერთად სკვერში ნაგვის ურნებიც დაიდგმება“, – გვითხრეს 27 ივლისს მერიის სამმართველოში.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა / ამ სკვერში სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა, თუმცა აქ სკამები დღემდე არ დაუდგამთ/ სკამების დასადგამად კომპანიას კიდევ ერთი თვე აქვს / 26.07.2023

აღნიშნულ სკვერში და ასევე კიდევ 7 სკვერის მოწყობაზე მერიის სამმართველოს ტენდერი 2 275 853 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი, შპს „ნიუ სთაილთან“ 1 788 791 ლარზე გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები კომპანიამ ყველა ლოკაციაზე 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაასრულოს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, ჯამში 869 637 ლარი – სახელშეკრულებო თანხის 49 პროცენტია გადარიცხული.

ამავე თემაზე:

2,2 მილიონი ლარი სკვერების მოსაწყობად ბათუმში – რა მისამართები შეარჩია მერიამ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: