მთავარი,სიახლეები

„პროკურატურაში ცალ-ცალკე გვიბარებენ“ – რა ხდება გომის მთის მიწებზე

18.05.2023 •
„პროკურატურაში ცალ-ცალკე გვიბარებენ“ – რა ხდება გომის მთის მიწებზე

„ან პირობითი, ან ჯარიმა 5 ათასი ლარიო,“ – რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აქამდე კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები იყვნენ და სახლებიც აუშენებიათ, ერთნაირად აღწერს, რა უთხრეს პროკურატურაში. მესაკუთრეების დაბარება პროკურატურაში გრძელდება.

ათეულობით ადამიანს პროკურატურა კურორტ გომისმთაზე თაღლითობის ჩადენას ედავება – ბოლო მონაცემებით, 19 ოჯახს ედავება პროკურატურა კურორტ გომისმთაზე 2021 წელს მიწების თაღლითური გზით გაფორმებას: პროკურატურის ვერსიით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს…“

მიწების მასობრივი რეგისტრაცია გომისმთაზე 2020 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მაშინ აქ იუსტიციის მაშინდელი მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოჩნდა და თქვა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები იწყება.

„…ყავას ვსვამდით იმ დღეს მეზობლებთან ერთად, 4 კაცი რომ მოვიდა ჩვენთან, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ვართ და მიწებს ვაფორმებთო. გაგვიხარდა, რადგან  ყველამ იცის, რომ მანამდე  მიწების რეგისტრაცია არ ხდებოდა, ვერაფერს გააკეთებდი,“ –  იხსენებს 2020 წლის ამბავს ირმა ირემაძე, როცა საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ადგილზე დაიწყეს საკუთრების რეგისტრაცია და მონაცემების შეგროვება.

ირმა ირემაძეს და მის ქმარს – რევაზ დევაძეს სახლი 2018 წელს იმ მიწის ნაკვეთზე აუშენებიათ, სადაც, ირმას თქმით, თავის წინაპრებს საძოვარი ჰქონდათ და „ჭალა იყო შეღობილი“. ძველი სახლის ტერიტორიის დარეგისტრირება სადავო არაა, თუმცა ამ სახლის გვერდით აშენებული ახალი სახლი საჯარო რეესტრს 2021 წელს რევაზ დევაძის საკუთრებად დაურეგისტრირებია.

„…ჩემი დიდი ბებიაც დადიოდა აქ, მემთეური ქალი იყო. ამას ყველა მეზობელი გეტყვით და დაუდასტურეს კიდეც ეს რეესტრის თანამშრომლებს. იმ ძველი სახლის გვერდით ავაშენეთ სახლი, მოდავე არავინ გვყავდა,“ – ამბობს ირმა ირემაძე.

„მე არც მაშინ მითქვამს, როცა რეესტრის თანამშრომლები თავისით მოვიდნენ ჩვენთან, რომ ეს სახლი ძველი იყო და 2007 წლამდე აშენებული. პროკურატურაში კი მითხრეს, რომ თქვენ სახელმწიფო შეცდომაში შეიყვანეთო,“ – ამბობს რევაზ დევაძე, რომელიც პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ დაიბარეს და განუმარტეს, რომ თაღლითობას ედავებიან და შეუძლია სასამართლოში წავიდეს, ან შეთანხმება უნდა შედგეს: პირობითი მსჯავრი, ან ჯარიმა 5 ათასი ლარი.

„გამომიკითხეს, როგორ ააშენე სახლი, როგორ მოხდაო,“ – გვიყვება რევაზ დევაძე. – „ვუთხარი, რომ სიმამრის ოჯახს ჰქონდა ძველი სახლი და მეც დამითმეს 350 კვადრატი, რომ სახლი ამეშენებინა…

ჩემი კითხვა არის ეს: რას ექვემდებარებოდა ჯერ გაფორმება და შემდეგ ჩამორთმევა? როგორც გამიფორმეს, ისე წამიშალონ… მათ შეცდომაში მე უნდა ვიხადო ფული?

მითხრეს, რომ შემიძლია ვიდავო სასამართლოში, მაგრამ შეიძლება 3 წელი პატიმრობა მოგიწიოს, ეგ გაითვალისწინეო. ბოლოს 3 ათას ლარზე შევთანხმდით. მითხრეს, რომ სახლს არ შეეხებიან. არ ვიცი, ვიკითხე იქ: მიწას რომ წამართმევთ, სახლი რა იქნება-მეთქი და სახლს არ დაგიშლიანო,“ – ამბობს რევაზ დევაძე. მისი თქმით, იგი ბათუმის იუსტიციის სახლში გამომძიებელ თემურ გურამიშვილს შეხვდა.

საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში საქმეს არსებითად მოსამართლე აღარ განიხილავს, თუმცა მოსამართლემ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერად გაფორმდება შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის. საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებული პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აღიარებს.

რევაზ დევაძე არ არის ერთადერთი, ვისი თქმითაც, პროკურატურაში გამომძიებელი დაჰპირდა, რომ „სახლს არავინ შეეხება“ და შეუძლია იცხოვროს. საუბარია სახლზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენებული გამოდის, როცა საპროცესო შეთანხმება ფორმდება და დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი ადამიანს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული.

„სახლს არ შეეხებიან, ალბათ უნდა შევისყიდოთ. გაურკვეველი საკითხია, მაგრამ მითხრეს, რომ სახლს არ შეეხებიან,“ – უყვება „ბათუმელებს“ გომისმთაზე თაღლითობისთვის გასამართლებული კიდევ ერთი კაცი – ბადრი ვერულიძე.

ბადრი ვერულიძეს პირობითი მსჯავრი აქვს 2 წელი. ისიც ამბობს, რომ პროკურატურაში შესთავაზეს: პირობითი აჯობებს მისთვის, თუ ჯარიმა 5 ათასი ლარი?

„ვისაც არ უნდა ჰკითხოთ იმ გორაზე, ყველა გეტყვით, რომ ჩვენი ძველი სახლი იდგა იქ… 2010 წელს ავედი ბიძაშვილებთან ერთად და სახლი აღარ დაგვხვდა, მხოლოდ ბოძები იყო. გეცოდინებათ, წინა წლებში როგორი ყაჩაღობაც იყო…

შემოქმედში ვიკითხეთ დოკუმენტი და გვითხრეს, არქივი დაიწვაო. ბაბუას თავისი დოკუმენტიც ჰქონდა ამ სახლზე, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ბაბუას ვინც მიჰყიდა ეს ადგილი, იმ კაცის შვილიშვილიც იქ ცხოვრობს. ის იყო ერთ-ერთი მოწმე, სხვა მოწმეებთან ერთად, როცა მიწა 2021 წელს გამიფორმეს სისტემური რეგისტრაციის დროს.

ვერ ვამტკიცებდი ვერაფერს, ამიტომ გასაჩივრებას შეთანხმება ვარჩიე,“ – გვითხრა ბადრი ვერულიძემ.

„დიდი სახლი გვედგა 1970 წლიდან,“ – ამბობს ნონა ვერულიძე, ბადრის მეუღლე.- „ოთხი ოთახი იყო და ოთხი ოჯახი ინაწილებდა… ჩვენ ჩვენი წილი რაც იყო, იმ ნაკვეთზე ავაშენეთ ახალი სახლი, რაც დაგვირეგისტრირეს.

ახლა არ ვიცი, რა მოხდება, ყოველწლიურ გადასახადს დაგვიწესებენ და გამოვისყიდით, ან რა იქნება, სახლს არ ეხებიან,“ – აღნიშნა ნონა ვერულიძემ „ბათუმელებთან“.

„გაგვიფორმეს და შემდეგ ჩამოგვართვეს, მე 4 ათასი ლარი შევიტანე“ – მოგვწერა სოციალურ ქსელში კიდევ ერთმა მოქალაქემ, ლია ართმელაძემ, რომელიც  ფეისბუქჯგუფში  -„გომისმთა“აპროტესტებდა მიწების ჩამორთმევას. მან ჩვენს სხვა კითხვებს აღარ უპასუხა.

კიდევ ორმა ადამიანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მათაც იდენტური ისტორია აქვთ – ახალი სახლები დაურეგისტრირა რეესტრმა და ახლა ართმევენ – ღიად საუბარი არ სურთ, რადგან მიიჩნევენ, რომ თუ პრობლემაზე ისაუბრებენ, შესაძლოა „მთავრობა გადაეკიდოს“ და სახლები დაუნგრიოს, სადაც ისინი ამ ზაფხულსაც აპირებენ ცხოვრებას.

ეს ადამიანები მიანიშნებენ, რომ არჩევნები წინაა და გარანტიები სურთ, რომ სახლებს  ხელი არავინ ახლოს.

პროკურატურის პრესცენტრში ამ თემაზე განმარტებას არ აკეთებენ. ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრეს საჯარო რეესტრის პრესსამსახურშიც, სადაც ჩვენი ერთ-ერთი კითხვა ეს იყო: როგორ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი კურორტ გომისმთაზე ათეულობით ადამიანმა, ვისაც პროკურატურა ახლა თაღლითობის მუხლით ედავება?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: