განათლება,მთავარი,სიახლეები

ინგლისურის მასწავლებელი შუახევის სკოლიდან – „მანამდე ამ სკოლაში ინგლისური არ ისწავლებოდა“

14.05.2023 • 2035
ინგლისურის მასწავლებელი შუახევის სკოლიდან – „მანამდე ამ სკოლაში ინგლისური არ ისწავლებოდა“

ინგლისური ენის მასწავლებელი, 42 წლის ხათუნა ფარტენაძე უკვე 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის. ხათუნა ამ სკოლის პირველი ინგლისური ენის მასწავლებელია.

ხათუნა ამბობს, რომ  სკოლის ასაკშივე ზუსტად იცოდა, მისი მომავალი პროფესია მასწავლებლობა რომ უნდა ყოფილიყო და არჩევანი არც ერთხელ არ უნანია.

ის ინგლისურისა და ფრანგული ენების სერტიფიცირებული მასწავლებელია. მისი თქმით, ორივე ენასთან ღრმა ემოციური კავშირი აქვს და აპირებს კიდევ ერთი უცხოური ენა შეისწავლოს.

ხათუნასთვის მასწავლებლობა ნიშნავს „გიყვარდეს შენი მოსწავლე და მოსწავლემ იცოდეს, შენ ყოველთვის მის გვერდით ხარ“.

მან დანამდვილებით არ იცის, შემდეგ წლებშიც თუ იმუშავებს ახალდაბის საჯარო სკოლაში, მაგრამ საკუთარ თავს მომავალშიც აქტიურ მასწავლებლად ხედავს.

„მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ და მოსწავლეების წარმატებები ორმაგ მოტივაციას მაძლევს. თუ შენი საქმე გიყვარს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობ.

აუცილებლად უნდა წავიდეთ მასწავლებლები მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში. თუკი გიყვარს შენი საქმე, რა მნიშვნელობა აქვს, სად აკეთებ. ქალაქი, სოფელი…  გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გინდოდეს მასწავლებლობა. თუ ხარ გულით მასწავლებელი, გიყვარს მოსწავლე, რა თქმა უნდა, უნდა წახვიდე სოფელშიც და ასწავლო. ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ განვითარდე, გაიზარდო და შედგე. ყოველდღიური ურთიერთობა მოსწავლეებთან აგავსებს, საოცარი ხალასია“, – გვითხრა ხათუნამ.

ხათუნა ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში ცხოვრობს, თუმცა შუახევში, ახალდაბაში მუშაობს. მასწავლებლის თქმით, თავიდან არც თვითონ არ ფიქრობდა სოფლის სკოლაში ესწავლებინა. პროგრამაში – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ მაშინ გადაწყვიტა მონაწილეობა, როდესაც პროგრამას და მის მიზანს გაეცნო – მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში დეფიციტური საგნის მასწავლებლების პრობლემის გადაჭრას რომ ემსახურებოდა.

„2012 წელს მივიღე პროგრამაში მონაწილეობა და ასე აღმოვჩნდი ახალდაბის საჯარო სკოლაში, თუმცა ამდენ ხანს თუ შემოვრჩებოდი, ნამდვილად არ მეგონა“, – გვეუბნება ხათუნა.

მისი თქმით, მისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ეპიზოდია მისი პირველად ასვლა ახალდაბის საჯარო სკოლაში, სადაც მის დასახვედრად მთელი სოფელი შეიკრიბა.

„დიდი მოლოდინი ჰქონდა ყველას. ძალიან თბილი დამოკიდებულება დამხვდა. სწავლას იყვნენ მოწყურებულები და აი, ორი წლის თავზე უკვე თავისუფლად აბარებდნენ მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებს ინგლისურ ენაში საკმაოდ მაღალ ქულებზე. დღემდე ასე გრძელდება. რა თქმა უნდა, მოსწავლეები რეპეტიტორთან არ დადიოდნენ. მანამდე ამ სკოლაში ინგლისური ენა არ ისწავლებოდა და მოსწავლეებიც მისაღებ გამოცდაზე რუსულს აბარებდნენ.

აი, ამაზე დიდი სიამაყე რა უნდა იყოს, როცა, ვთქვათ, მშობელი გეტყვის, არსად მომიმზადებია შვილი და თქვენი დამსახურებაა, უნივერსიტეტში რომ ჩააბარაო.“

ახალდაბის საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყების პირველ წელიწადს ხათუნას მხოლოდ ფრანგული ენის სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი ჰქონდა, თუმცა იმ წელსვე გაიარა სერტიფიცირება ინგლისურ ენაშიც.

„სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და კარგი თანამშრომლობის დამსახურებაა, რომ შემდეგ აქ გავხდი წამყვანი და მენტორი მასწავლებელი“, – ამბობს ხათუნა.

მასწავლებელი სკოლის სათანადო აღჭურვილობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საშუალებას აძლევს, საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვნად წარმართოს:

„2012 წელსაც, აბსოლუტურად ყველა საკლასო ოთახი იყო აღჭურვილი კომპიუტერით და სხვა ტექნიკით, გვქონდა პროექტორი და ყველა ის რესურსი, რაც მჭირდებოდა საგაკვეთილო პროცესის ნორმალურად, მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარმართვისთვის.

რომ ავედი,  განათლების სამინისტრომ მაშინ ბევრი ინგლისურენოვანი ლიტერატურა გამოაგზავნა. ზოგადად, ამ სკოლას ძალიან დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს მხატვრული ლიტერატურის თვალსაზრისით, მაგრამ რადგან იქამდე ინგლისური არ ისწავლებოდა, დამატებით გამოგვიგზავნეს ინგლისურენოვანი ლიტერატურაც“.

მასწავლებელი იხსენებს, რომ ახალდაბის საჯარო სკოლაში როცა დაიწყო მუშაობა, 50-55 მოსწავლე ჰყავდათ. მოსწავლეების რიცხვი ახლა 29-მდე შემცირდა.

ხათუნას ახრით,  მცირეკონტინგენტიან სკოლებს გარკვეული უპირატესობებიც აქვთ.

„ყველაზე დიდი პლუსია, რომ კლასში მაქსიმუმ 5-7 მოსწავლეა. ყველა მოსწავლესთან ინდივიდუალურად გიწევს მუშაობა, რაც ამარტივებს [პროცესს]. მოსწავლეები ყველა აქტივობაში ერთვებიან,  ყველა გამოკითხულია და არ რჩება არაფერი გაურკვეველი. დიდ დროს ვუთმობთ თითოეულ მოსწავლეს, მათ ეს ფუფუნება აქვთ. ქალაქის, დიდკონტინგენტიან სკოლებში ეს პრობლემაა.

ძალიან ბევრი მოსწავლე, აბიტურიენტი, ახლა უკვე პროფესიონალები არიან და ეს მეამაყება“, – გვითხრა ხათუნამ.

ახალდაბის საჯარო სკოლა 2-3 კილომეტრის დაშორებითაა ცენტრალური გზიდან, რამაც ხათუნას გადაადგილება გაუმარტივა. მისი თქმით, ალბათ ამიტომაა, რომ უკვე 12 წელია ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისურს ასწავლის.

მისი თქმით, „აქამდე ბოლომდე რომ არ დაიცალა სკოლები, ამას დეფიციტური საგნის მასწავლებლების შევსებამაც შეუწყო ხელი.“

ის აქტიური მიგრაციის მიზეზად მაღალმთიან სოფლებში ხანგრძლივ და მკაცრ ზამთარს ასახელებს.

„ალბათ ყველას არ შეუძლია მკაცრ ზამთარში აქ ცხოვრება.  თოვლში სიარული მარტივი საქმე არ არის. ეს შეიძლება იყოს შემაფერხებელი მასწავლებლებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში რომ ასწავლონ. ასევე, სოფლების დიდი მანძილით დაშორება ცენტრალური გზიდან. “

ინგლისური ენის მასწავლებელი ახალდაბაში ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობს. მისი თქმით, ძალიან გაუმართლა, რადგან მზრუნველი და სტუმართმოყვარე მასპინძლები შეხვდა.

მასწავლებელი ინგლისური ენის კლუბის შესახებ გვიყვება შუახევის მუნიციპალიტეტში, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იდეით შეიქმნა გასული წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრში და დეკემბერში დასრულდა. კლუბმა ორი ასაკობრივი კატეგორიის, სასწავლო და საბაზო საფეხურის 64 მონაწილე გააერთიანა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომლებიც ონლაინტესტირების შედეგად შეირჩნენ. კლუბის წევრები ინგლისურ ენაზე ეცნობოდნენ მათი ენის ცოდნის შესაფერის და ინტერესების შესაბამის მხატვრულ ლიტერატურას, ფილმებს და შემდეგ მათ განხილვებს აწყობდნენ.

კლუბს სამი მასწავლებელი ჰყავდა, კურატორი მასწავლებელი კი ხათუნა იყო. მისი თქმით, კლუბში ახალ მიღებას სექტემბერში გამოაცხადებენ.

„ეს ძალიან ეხმარება მოსწავლეებს. შესაძლოა სულაც ერთი მოსწავლე იყოს კლასში. ასეთი კლასიც მყავს. მსგავსი აქტივობის დროს მოსწავლეები თანამშრომლობით სწავლების მეთოდებს ეცნობიან. კლუბის მიზანი მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება, დახვეწა, ლექსიკური მარაგის განვითარება, კრიტიკული, შემოქმედებითი, სააზროვნო, ანალიტიკური უნარების განვითარება იყო.  კლუბური მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს ყველა ამ უნარის გაუმჯობესებაში და ვფიქრობ, ამ შედეგებს მივაღწიეთ.

სხვა მუნიციპალიტეტებშიც თუ იქნება მსგავსი ტიპის კლუბები, ძალიან კარგად იმოქმედებს მოსწავლეების შემოქმედებით უნარებზე. გააუმჯობესებს შედარების ანალიზის უნარს და ა.შ. კლუბის წევრები ირგებდნენ როლებს. ვთქვათ, რომ ყოფილიყვნენ ავტორები, როგორ დაასრულებდნენ ნაწარმოებს, სხვადასხვა პერსონაჟის გადმოსახედიდან როგორ გადაჭრიდნენ პრობლემას და ა.შ“ – ამბობს ხათუნა ფარტენაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: