ხულოს მუნიციპალიტეტმა კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფცია გამოაქვეყნა. გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს.
დაგეგმილია ბეშუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობა-მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტურული პროექტები – კანალიზაცია, წყალი, გზები, საზოგადოებრივი სივრცეები და ა.შ.
„აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ გასაწევი ხარჯის ძირითად ნაწილს წარმოადგენს თანამონაწილეობა სამთო სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობაში. სახელმწიფოს ხარჯვითი წილი იქნება, სავარაუდოდ, 35 მილიონი აშშ დოლარი.
[ცალკე აღებული საბაგირო და სათხილამურო ტრასების შემოსავლით კერძო ინვესტორი ვერ შეძლებს გაწეული სრული დანახარჯების ამოღებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ღონისძიება შეადგენს კურორტის მთავარ მასტიმულირებელ ღონისძიებას, მიზანშეწონილია სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა]. სახელმწიფოს მხრიდან გასაწევი მთლიანი ხარჯი 46,9 მილიონი აშშ დოლარი იქნება“ – აღნიშნულია კონცეფციაში.
კონცეფციაში მოყვანილი გათვლებით, მხოლოდ სასტუმროებისა და საცხოვრებლების, მშენებლობისა და შემდგომი განვითარების დროს, სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავლები იქნება – ერთჯერადი შემოსულობის სახით – 7 460 000 დოლარი; ყოველწლიური შემოსულობები კი, მიახლოებით – 4 700 000 დოლარი, მათ შორის 994 000 დოლარი ქონების გადასახადის სახით მუნიციპალურ ბიუჯეტში.
„აქ არ არის გათვალისწინებული სხვა მცირე ბიზნესებიდან მიღებული შემოსულობების (რესტორნები, კაფე, მაღაზიები, აგრარული ბაზარი და ა.შ). ასევე, სასტუმროების და აპარტამენტების მშენებლობა-განვითარება, რაც გათვლილია დაახლოებით 3 500 საწოლზე. კურორტის სწორი განვითარებისა და მიმზიდველობის გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ციფრის მნიშვნელოვნად გაზრდა (თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება სხვა ხელშემშლელი ფაქტორები)“ – წერია კონცეფციაში.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ „ზოგიერთი ობიექტისთვის [მემთეურების საზაფხულო კარ-მიდამო] გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭებაც.
ტურიზმის სფეროს დივერსიფიკაციის თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვანია ასევე ბეშუმში სამოყვარულო ობსერვატორიის მოწყობა, რისთვისაც შერჩეულია სათანადო ადგილი“.
„სადღეისოდ, სათანადო სამკურნალო-საპროფილაქტიკო ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო, ბეშუმი კანონმდებლობით განსაზღვრულ „კურორტის“ სტატუსს ვერ აკმაყოფილებს. არსებითად, ის მხოლოდ „საკურორტო ადგილის“ სტატუსის მოთხოვნებს პასუხობს. „კურორტის“ სტატუსის დასაბრუნებლად და განსამტკიცებლად სათანადო ღონისძიებებია გასატარებელი, რის ფუნქციურ-გეგმარებით წინაპირობებს შემოთავაზებული ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტები შექმნის.“ – აღნიშნულია კონცეფციაში.
კონცეფციის შედგენაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც შპს „ნიუ სითი დეველოფმენთმა“ გაიმარჯვა.
„გეგმარებითი ერთეულის გენერალური გეგმის კონცეფცია“ სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა. გეგმარებითი ერთეული კი მოიცავს – უშუალოდ კურორტ ბეშუმს – მიმდებარე იაილებით, შქერნალის უბანს და გოდერძის უღელტეხილს [ხულოს მუნიციპალიტეტში].

„საპროექტო ტერიტორიას არ გააჩნია კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაცია, ამდენად, მისი განვითარება ხდება არაგეგმიურად და უსისტემოდ, რაც ზღუდავს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, აფერხებს დამსვენებელთა და ტურისტული ნაკადის ზრდას.“ – აღნიშნულია კონცეფციაში.
გენგეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ამ გეგმის მოქმედების ფარგლებში მოქცეული/რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ ამ გეგმის, ძირითადი დებულებებისა და შესაბამისი უბნის/სამეზობლოს გდგ-ს [განაშენიანების დეტალური გეგმის] მოთხოვნათა შესაბამისად.
გენგეგმა საბოლოოდ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ბეშუმის განაშენიანების გენგეგმაზე საუბარი აჭარის მთავრობამ 4 წლის წინ დაიწყო. კონცეფცია კი 2023 წლის მარტში მომზადდა და ზოგიერთი ღონისძიების განხორციელებისთვის ბოლო ვადად 2027 წელია მითითებული.
როდის დაამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტი გენგეგმას და როდის დაიწყება მისი განხორციელება, უცნობია. შესაბამისად, უცნობია იმ დროისთვის რამდენად რეალური იქნება დღევანდელი გათვლები და რა თანხა იქნება საჭირო ბიუჯეტიდან პროექტის რეალიზებისთვის.
[toggle title=”ზოგიერთი დეტალის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
განსახილველად გამოტანილი კონცეფციის მიხედვით:
- „დარგობრივი რეჟიმების (გეგმაზე – ზონა/ზოლი) მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმავე რეჟიმებით დადგენილი პირობების დაცვით, მათ შორის, სატყეო/გამწვანებულ ტერიტორიაზე მოქცეული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ შეუსაბამოდ დაკავებულ/რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს და დაუშვებელია გაფართოება/დაყოფა/გაერთიანება სამშენებლოდ გამოყენების მიზნებისთვის.
- სამშენებლო ტერიტორიებზე მოქცეული მიწის ნაკვეთების გამოყენების მინიმალური დასაშვები ფართობი და/ან ზომები განისაზღვრება შესაბამისი უბნის სამეზობლოს გდგ, რომელიც არ უნდა იყოს 250 კვ.მ-ზე ნაკლები.
- დაუშვებელია შენობის/ნაგებობის სახურავზე ნებისმიერი ფორმის/პროფილის შემდეგი გადახურვის მასალების დაგეგმარება:
ა) მოთუთიებული თუნუქი, გარდა შეღებილისა ან სხვაგვარი დაფარულობისა;
ბ) აზბესტ-ბეტონის სახურავი, ნაკეთობა (ფილა, შიფერი და სხვა), მათ შორის, შეღებილი ან სხვაგვარი დაფარულობისა. - სახურავზე მასალების ფერების შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მიმდებარე გარემო (ბუნებრივი თუ ესთეტიკური თვალსაზრისით ღირებული განაშენიანება). ფერთა რეკომენდებული ტონალობაა დაბალი სიმკვეთრის რუხი, პასტელური (ნებისმიერი ფერის შერჩევისას) ტონალობა.
- საინჟინრო/სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიები და/ან ობიექტი (გარდა ხაზოვანი ნაგებობისა) უნდა დაგეგმარდეს იმგვარად, რომ მომსახურების პროცესი არ აღიქმებოდეს საჯარო გზიდან/ქუჩიდან. ამ მიზნით დასაშვებია ეკრანების, ჟალუზების და/ან სხვა მსგავსი ელემენტების გამოყენება ფასადზე.
- ანტენების (სატელიტური, რადიო და სხვა) განთავსება უნდა დაგეგმარდეს შენობის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე.
- სამშენებლო ტერიტორიებზე კაპიტალური, ყრუ ღობის მოწყობა დაუშვებელია. შემოღობვა დასაშვებია მსუბუქი, არა ყრუ კონსტრუქციით (ბადე, მინა, ცხაური და მსგავსი) ან გამწვანებით, რომლის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ უნდა იყოს 1 მეტრზე მეტი.
- მშენებლობისას ხის ჭრა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სფეროს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, თუ ხე არის დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი (ფუტურო), გადაბერებული (ამორტიზებული) და/ან არამდგრადი. საკომპენსაციო რგვის და/ან მოსაკრებლის საკითხები წესრიგდება ხულოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი დადგენილებებით.“
ამავე კონცეფციის მიხედვით, ბეშუმი მიეკუთვნება „დასავლეთ საქართველოს შუამთიანეთის საკურორტო რაიონს“ შემდეგი მახასიათებლებით: პროფილი – პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური – რეკომენდებულია სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებების, სისხლნაკლებობის, ბავშვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.
ბეშუმი ისტორიულად სამ ფუნქციურ-გეგმარებით ნაწილად ჩამოყალიბდა:
- მემთეურთა საკარმიდამო განაშენიანების არეალი
- „კურორტ ბეშუმის“ უბანი
- სხვა სააგარაკე-დასასვენებელი სახლების ტერიტორია
ანგარიშგასაწევია კურორტ ბეშუმის გარკვეული ნაწილის მდებარეობა საქართველოს სასაზღვრო ზონაში [5 კმ საზღვრის ხაზიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში], რაც კურორტის ზონირებისას და რეგლამენტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.
კონცეფციის მიხედვით:
[checklist]
- მემთეურთა საკარმიდამო განაშენიანების არეალი უძველესია. ეს არის აჭარის მეცხოველეების საზაფხულო იალაღების ალპური ზონა, რომლის საძოვრები საქართველოში საუკეთესოდ მიიჩნევა. ამ არეალშია განთავსებული ტრადიციული საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაგებობები. საგულისხმოა, რომ ეს არეალი ბუნებრივი გეოგრაფიული ობიექტებით მკაფიოდაა გამიჯნული ბეშუმის დანარჩენი ორი ნაწილისგან და უშუალო გასასვლელი აქვს ალპური საძოვრების მიმართულებით, რაც ბეშუმის ორ წამყვან ფუნქციას – სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი და მსხვილფეხა მესაქონლეობა – ტერიტორიულად მკაფიოდ მიჯნავს.
- შქერნალის უბნის სახელწოდებით ცნობილია სეზონური დასახლება ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილს შორის საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მხარეს. ამ უბანს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია – ის არ მოიხსენიება ხულოს მუნიციპალიტეტის 78 სოფელს შორის; მის დასახელებაში „უბნის“ კომპონენტი გულისხმობს უფრო მსხვილი დასახლების სისტემაში მის მოაზრებას. ასეთი დასახლება კი, უთუოდ, ბეშუმია, რომლისგან მას 3-4 კმ აშორებს.
- ხაზგასასმელია, რომ ტურისტულ-საინფორმაციო გამოცემებსა და ინტერნეტრესურსებში ფიგურირებს „გოდერძის ალპური (ბოტანიკური) ბაღი“, რომელიც, როგორც ავტორები მიიჩნევენ, „კურორტ გოდერძის ახლოს მდებარეობს“ (მაგ., – Georgian Travel Guide). თუმცაღა, სხვა ავტორიტეტული რესურსები აზუსტებენ, რომ ის მდებარეობს „შქერნალის“ ტერიტორიაზე. ამ ბოტანიკური ბაღის გოდერძთან, ზოგჯერ, სულაც, „გოდერძის კურორტთან“ მენტალურ რუკაზე „მიბმა“, სავარაუდოდ, მარკეტინგულად მომგებიანი ხერხია, მაგრამ ის რეალურ ვითარებას არ შეესაბამება – კურორტი გოდერძი საკმაოდ შორსაა ბოტანიკური ბაღიდან.
[/checklist]
[/toggle]
ბეშუმის განვითარების კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, უთუო სიკეთეებთან ერთად, კურორტს და მის მიმდებარე ტერიტორიას ობიექტური თუ სუბიექტური ნაკლოვანებები და ხარვეზებიც ახასიათებს.
„უწინარესად, ეს არის მოკლე ტურისტული/სააგარაკე სეზონი, რომელიც 4 თვეს არ აღემატება. ამ თვალსაზრისით, სურათის რადიკალურად შეცვლა შესაძლებელია საპროექტო ტერიტორიაზე ზამთრის ტურისტული ფუნქციის განვითარების გზით. ამთავითვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის სამთო-სათხილამურო ცენტრად განვითარებას აუცილებლად მოჰყვება მთელი რიგი რთული და ხარჯიანი ტექნიკურ-ტექნოლოგიური წინაპირობების შესრულების აუცილებლობა.
რაც შეეხება ზაფხულისა და ზამთრის სეზონთაშორის ტურიზმის განვითარებას, ის, თეორიულად და საყოველთაო პრაქტიკით, ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს ე.წ. MICE ტურიზმზე (Meetings, Incentives, Conferences, Exhibitions, ანუ – შეხვედრები, წამახალისებელი ღონისძიებები, კონფერენციები, გამოფენები). ტურიზმის ეს სახეობა კულტურული ინფრასტრუქტურითა და თანმხლები ღონისძიებებით უნდა იყოს გამაგრებული და, ამ მხრივ, წარმატებულ კონკურენციას უნდა უწევდეს ჩამოყალიბებულ ტურისტულ ცენტრებს, რომლებიც აჭარაში მრავლადაა.“
კონცეფციის მიხედვით საჭირო იქნება:
- „გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის“ უფრო აქტიური პოპულარიზება
- „ანდრია პირველწოდებულის ბილიკის“ კლასტერის მემორიალიზება და შესაბამისი მონაკვეთის მარკირება
- ადგილობრივი, „სხივური“ კონფიგურაციის ტურისტული მარშრუტების შეთავაზება
- ტრეილერების პარკინგის გათვალისწინება
- სხვადასხვა პროფილის საზაფხულო სკოლების მოწყობა
- სასპორტო მოედნების, მაუნთინ-ბაიკის, საცხენოსნო ტურიზმის ორგანიზება
- „შუამთობის“ ჩატარების ტრადიციასთან ერთად, სხვა სახისა და ფორმატების ღონისძიებების გათვალისწინება
- მაღალმთიანი აჭარის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ადგილზე არა მხოლოდ დემონსტრირება, არამედ პროდუქციის შეძენის შესაძლებლობაც
ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად განვითარება ორ, განსხვავებული თავისებურებების მქონე ნაწილადაა გასააზრებელი და ტურისტების/ ვიზიტორების სპეციფიკური მოთხოვნების კატეგორიებზეა მოსარგები. ეს ნაწილები და ამოცანებია:
- ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტის სრულფასოვანი ფუნქციონირება
- შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონების შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა, სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, აქტიური ორგანიზაციული ღონისძიებები და ეფექტიანი მენეჯმენტი. ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება შესაძლოა იყოს კაზინოც.
ხულოს მუნიციპალიტეტის განცხადებით, შემუშავებულია ბეშუმის [მიმდებარე ტერიტორიებით] გენერალური გეგმის კონცეფცია, რომლის საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 19 სექტემბერს, 12:00 საათზე დაბა ხულოში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №1-ში. მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში.“
ამავე თემაზე:
წყალი მაგისტრალზე მოედინება – ხულო-ადიგენის გზა სანიაღვრე არხების გარეშე