მთავარი,სიახლეები

„ვფიქრობ, ეს უკრაინელების შეტევის პრელუდიაა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

12.05.2023 • 1422
„ვფიქრობ, ეს უკრაინელების შეტევის პრელუდიაა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„მაინც მგონია, რომ ეს უფრო შეტევის პრელუდიაა – უკრაინელები ცდილობენ კონკრეტულ მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ე.წ. სუსტი წერტილები გამოავლინონ, შემდეგ დაიწყება ძირითადი დარტყმები,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერალი ვარაუდობს, რომ უკრაინელები რუსების ყურადღების გადატანას ეფექტურად შეძლებენ.

ვახტანგ კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს კატერებზეც, დნეპრის დელტაში რომ გამოჩნდნენ უკვე: „არაა გამორიცხული, უკრაინელები შეეცადონ მცირე ჯგუფებით კუნძულებზე კონტროლი მოიპოვონ“, – ამბობს გადამდგარი გენერალი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ერთიანი კონტრშეტევისთვის უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა სჭირდება და ამის საშუალება ჯერ კიდევ არ აქვს.

„უკრაინელები ცდილობენ, რომ კონცენტრაცია მოახდინონ დაახლოებით 24-72 საათის განმავლობაში, რომ რუსებმა ვერ შეძლონ მათზე დარტყმების განხორციელება…ფაქტია, რომ უკრაინელებს ნამდვილად აკლიათ საჰაერო მხარდაჭერა. თანაც, როგორც ამინდის პროგნოზიდან ჩანს, წვიმა დაიწყება მალე. შესაძლოა, ისევ შეფერხდეს შეტევები“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი.

ვახტანგ კაპანაძეს პრიგოჟინზეც ვკითხეთ, რომელმა დღეს, 12 მაისს, ბახმუტში შოიგუ მიიწვია.

„მე მგონია, რომ პრიგოჟინმა აიღო ბილეთი ერთი მიმართულებით, არ ვიცი, უკან როგორ უნდა დაბრუნდეს?“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, გვითხარით ბოლო მონაცემები ბახმუტზე – თქვენი დაკვირვებით, დაანონსებული კონტრშეტევისთვის რამდენად ეფექტური დასაწყისი აქვს უკრაინას?

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელებს აქვთ დარტყმები ძირითადად იმ მარწუხებზე, რომლითაც რუსები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ცდილობდნენ სრულ ალყაში მოექციათ ბახმუტი.

უკრაინელებს განსაკუთრებით წარმატება აქვთ სამხრეთ მიმართულებაზე, სადაც იყვნენ არამხოლოდ „ვაგნერელები“, არამედ იყო რუსეთის ჯარის რეგულარული ნაწილი. იქ რამდენიმე კილომეტრზე დატოვეს რუსებმა პოზიციები.

  • 2 კილომეტრით დაიხიეს უკანო, სირსკი აცხადებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური…

ამას ამბობენ უკრაინელები. ფაქტია, რომ უკან დაიხიეს რუსებმა არა ბახმუტში, არამედ მის შემოგარენში გარკვეული მიმართულებით, თუმცა „ვაგნერელებმა“ შეძლეს რაღაც ნაწილში უკრაინელების შეჩერება. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი უკრაინელებს გაკეთებული აქვთ იმაზე, რომ როგორმე შეძლონ და გახსნან ლოჯისტიკური ხაზი – მომარაგების გზა ბახმუტში მყოფი დანაყოფებისთვის.

ამავე დროს, „ვაგნერი“ ბახმუტის შიგნით განაგრძობს შეტევას. ჩამოყალიბდა შემდეგი ვითარება: უკრაინელების აქცენტია, ბახმუტს მოხსნან ბლოკადა. ასევე უკრაინელები ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიმართულებაზე განახორციელონ შეტევები, რათა რუსებმა ვერ შეძლონ კონცენტრირება რომელიმე ერთ მიმართულებაზე. თავის მხრივ, რუსები ჯიუტად ცდილობენ ბახმუტის საბოლოოდ აღებას, დარჩენილია რამოდენიმე ქუჩა, ამიტომ ჩქარობენ უკრაინელები.

ბახმუტის სამხრეთ მიმართულებაზე უკრაინელები ძირითადად იყენებენ დრონებს. მძიმე ტექნიკას ისინი იყენებენ შედარებით ნაკლები რაოდენობით მაშინ, როდესაც ხარკოვის და სევერსკის მიმართულებაზე შეიმჩნევა უკრაინელების ჯავშანტექნიკის დიდი კონცენტრაცია. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო კონტრ-შეტევის პრელუდიაა – უკრაინელები ცდილობენ კონკრეტულ მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ე.წ. სუსტი წერტილები გამოავლინონ.

ასევე გამოჩნდა მონაცემები, რომ რეზინის კატერების კონცენტრაცია ხდება ხერსონის რაიონთან – არ არის გამორიცხული, უკრაინელები შეეცადონ, მცირე ჯგუფებით დნეპრის დელტაში კუნძულებზე კონტროლი მოიპოვონ.

უკრაინელებს კონცენტრაციის სამი მიმართულება აქვთ ახლა აღებული: გააქტიურებულია ხარკოვის მიმართულება, ბახმუტის მიმართულება და ზაპოროჟიე. უკრაინელები ცდილობენ, რომ პირველ წარმატებას მიაღწიონ ბახმუტში, რომ ბახმუტი ამ ზეწოლიდან გამოიყვანონ, შემდეგ კი, ეცდებიან, რომ როგორც შემოდგომის კონტრშეტევის დროს მოხდა – სხვადასხვა მიმართულებიდან შეარჩიონ ის მიმართულება, სადაც წარმატება ექნება და ამ მიმართულებით განხორციელდება შემდეგ მთავარი დარტყმები.

  • ხარკოვის რაიონში რა ხდება, აქ რა სახის აქტივობა აქვთ უკრაინელებს? 

საინტერესოა, რომ შეიმჩნევა მძიმე ტექნიკის გადადგილება რუსეთის საზღვრის მიმართულებით. ეს შეიძლება ცრუ მანევრი
იყოს, ან სულაც რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის მიმართულებას დაარტყან და რუსები აქეთ გადმოიყვანონ. ასევე, არაა გამორიცხული, კუპიანსკი-სევერსკის მიმართულებაზე განახორციელონ უკრაინელებმა დარტყმა, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად იქნება ძირითადი. უფრო მგონია, რომ ეს იქნება ყურადღების გადამტანი, რადგან ეს რთულია რაიონებია ლუგანსკის და დონეცკის, თან იქვე საზღვარია რუსების.

ასე რომ, ცოტა რთული ვითარებაა, თუმცა ამან შესაძლოა გამოიწვიოს რუსების ძალების დაბმა ამ მიმართულებაზე, რათა შესაძლებლობა მიეცეს შემდგომში ზაპოროჟიეს მიმართულებაზე შეტევის განვითარების.

  • შესაძლებელია ამ მოცემულობაში უკრაინელებმა შეძლონ ყურადღების გადატანა?

დიახ, შესაძლებელია ყურადღების გადატანა. ყოველ შემთხვევაში ერთი, დიდი, კონცენტრირებული დარტყმა უკრაინელების მხრიდან არ ხორციელდება. არის მხოლოდ მცირე შეტევები, რაც კეთდება, ჩემი აზრით, მოწინააღმდეგის სუსტი მხარის აღმოჩენისთვის. შემდეგ მოხდება უკვე ძირითადი დარტყმა.

  • პრელუდია ახსენეთ თქვენ, ანუ კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა? 

კონტრშეტევა უკვე დაწყებულია, თუმცა ეს არ არის სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა. კონტრშეტევა დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებაზე.

ასევე, დაზვერვით ბრძოლებს აქვს ადგილი, რომლის მასშტაბიც თანდათან  იზრდება. ერთიან, კონცენტრირებულ დარტყმას ჯერ უკრაინელები ვერ ახერხებენ. მცირე მასშტაბის კონტრშეტევებით კი, უკრაინელები ცდილობენ გამოავლინონ რუსების სისუსტეები.

  • ზელენსკი ამბობს, რომ „უკრაინას სჭირდება მეტი დრო კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან ის ელოდება დაპირებული სამხედრო დახმარების მიწოდებას. 

რუსები იძახიან, ეშმაკობს ზელენსკიო. პრიგოჟინს თუ დაეჯერება, იძახის, რომ უკრაინელები უკვე მზად არიანო. ფაქტია, რომ უკრაინელებს ნამდვილად აკლიათ საჰაერო მხარდაჭერა. თანაც, როგორც ამინდის პროგნოზიდან ჩანს, წვიმა დაიწყება მალე. შესაძლოა, ისევ შეფერხდეს შეტევები…

  • ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცა Storm Shadow, ფრთოსანი რაკეტები, რომელიც 250 კმ-მდე მანძილზე მოქმედებს. ეს არ გაზრდის უკრაინის საჰაერო მხარდაჭერას? 

ეს საჰაერო მხარდაჭერას უფრო ნაკლებად ეხება, ეს არის სიღრმეში მეორე ეშელონების მოკვეთის და თავმოყრის რაიონებზე დარტყმის შესაძლებლობა, 450 კილოგრამი ასაფეთქებელი საშუალება გადააქვს, საკმაოდ მძლავრი იარაღია და ამავდროულად ბრიტანელებმა მიიღეს გარანტია, რომ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იქნება ეს გამოყენებული.

არ არის გამორიცხული, რომ ეს იარაღი ძირითადად გამოიყენონ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის და საშუალებების გაუვნებელსაყოფად.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსი რაკეტა საიდან უნდა გაუშვან: ასეთი უკრაინელებს აქვთ მხოლოდ „სუ 24“, ბომბდამშენი, საიდანაც ამ რაკეტის გაშვება არის შესაძლებელი, რუსების მონაცემებით მსგავსი ბომდამშენი უკრაინელებს 10 ცალის ფარგლებში აქვთ დარჩენილი, თუმცა პოლონეთში განხორციელდა „სუ 24“-ების მოდერნიზება მოახდინეს, რათა ზუსტად ამ shadow-ებთან ადაპტირება
მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთმა განაგრძოს უკრაინის დახმარება და ეს თვითმფრინავებიც მიაწოდოს..

უკრაინელები ამერიკულ „აბრამსებს“ ელიან შემოდგომის შემდგომ. თვითმფრინავებზეც იყო საუბარი, რომ აი, წლის ბოლომდე მოახერხებენ მათ მიწოდებას.

  • უკრაინას ისევ გადასცეს ტანკები, მათ შორის, პოლონეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა… ეს რამდენად ზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს? 

რა თქმა უნდა, ცვლის დადებითად, მაგრამ პოლონეთმა გადასცა უკრაინას T-72 – ების გაუმჯობესებული, მოდერნიზებული ვარიანტი, ასევე „ჩელენჯერები“ აქვთ ერთ ბრიგადაში თავმოყრილი. სხვათა შორის, ეხლახან დასრულდა ესპანეთში სატანკო შეჯიბრი და „ჩელენჯერმა“ პირველი ადგილი დაიკავა, მეორე „ლეოპარდი“ იყო ესპანური ეკიპაჟით. თუ არ ვცდები საერთო ჯამში 230 უცხოურ ტანკზე იყო საუბარი, რომ მიიღეს, თუმცა ითხოვდნენ 300-ს.

ერთია, რომ არის ტანკი და მეორეა, რამდენად კარგად მოხერხდება მისი გამოყენება. ფაქტია ისაა, რომ მოტივაციით და მომზადებით უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები სჯობიან რუსებს. ეს გამოჩნდა ბოლო მომენტებშიც, როცა რუსებმა ბრძოლის გარეშე მიატოვეს პოზიციები.

  • პრიგოჟინზეც მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, რატომ ეპატიჟება პრიგოჟინი შოიგუს ბახმუტში? „გთხოვთ, მობრძანდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ იმყოფება“, – ამბობს პრიგოჟინი.

იცის პრიგოჟინმა, რომ შოიგუ არ ჩავა იქ, ჯერ ერთი, პრიგოჟინის მიპატიჟებით… იმაზეა ისევ საუბარი, რომ პრიგოჟინს არ აწვდიან შეიარაღებას და ფაქტია, რომ პრიგოჟინს ისეთი გამოხტომები აქვს, არც უნდა დაელაპარაკო.

წარმოუდგენელ რეალობაში არიან, ამ რეალობაში როგორ უნდა მოხერხდეს ჯარების მართვა და კონტროლი, არ მესმის, ან როგორ უნდა ბედავდეს ამას ერთი მხარე და არ ისჯებოდეს ერთი, ან მეორე მხარე. საერთოდ სადაა უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი ამ დაპირისპირებაში?

  • წინა ინტერვიუებში თქვენ აღნიშნავდით, რომ შესაძლოა, ეს იყოს პუტინის ტაქტიკა, ხან ერთი წამოწიოს წინა პლანზე, ხან – მეორე. ახლა ხომ არ ჩანს, რომ უმართავი გახდა პროცესი? 

მე მგონია, რომ პრიგოჟინმა აიღო ბილეთი ერთი მიმართულებით, არ ვიცი, უკან როგორ უნდა დაბრუნდეს… როგორ განვითარდება მოვლენები: ან პრიგოჟინმა უნდა გაიმარჯვოს, რომელსაც აქვს ფული, შეიარაღებული ფორმირება და თავხედობა, სახელი და ცდილობს, თავისი ამბიციები დაიკმაყოფილოს; მეორე საკითხია, პუტინი როგორ იმოქმედებს: მოძებნის რამე „ნოვიჩოკს“ ან
გამოიგონებს რამე „სტარიჩოკს“, ან სხვა რომელიმე საწამლავს… შესაძლოა, საერთოდ გაურკვეველი მიმართულებით გადმოგდებული
ხელყუმბარის აფეთქებით დაიღუპოს პრიგოჟინი, რადგან მან უკან დასახევი გზა მოიჭრა.

  • შოიგუ რა სტრატეგიით მოქმედებს ამ დროს? 

რუსეთი ცდილობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის რაიონები გამოავლინოს, შემდეგ კი, განახორციელოს დარტყმები. დარტყმები ისევ ძირითადად ხორციელდება საარტილერიო და პლანირებადი, საავიაციო ბომბებით.

მათ ასევე მოწყობილი აქვთ თავდაცვითი ზღუდეები. ცდილობენ, რომ არ დაუშვან უკრაინელების მხრიდან იგივე დელტაში კუნძულების დაკავება, რომ არ მიეცეთ საშუალება, შექმნან პლაცდარმი. რთულია რაიმე სტრატეგიაზე საუბარი.

  • რას გვეტყვით მესამე მოიერიშე ბრიგადის შესახებ, რომელიც 2023 წლის იანვარში შეიქმნა და ცნობილი აზოვის პოლკის ახალი სახელწოდებაა. როგორია ამ ბრიგადის დატვირთვა დღეს?

ისინი გამოჩნდნენ ბახმუტთან და ყველაზე მოტივირებული არიან, ფაქტია, რომ ეს იდეოლოგიურად ყველაზე მომზადებულია დანაყოფია. მათი საბრძოლო სულისკვეთება ძალიან მაღალია.

  • ამ ეტაპზე რა არის უკრაინელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: სამხედრო ხელოვნება, ყურადღების გადატანა ეფექტურად, საჰაერო მხარდაჭერა… 

უკრაინელების შეტევაზე გადასვლის სულისკვეთება არის ძალიან მაღალი, რაც მათ აძლევს საშუალებას, მოტივირებული იყვნენ. უკრაინელების მომზადების ხარისხი არის რუსებზე ბევრად მაღალი.

უკრაინელებისთვის ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანია საჰაერო მხარდაჭერა. უკრაინელები ცდილობენ, რომ რაღაც მიმართულებით კონცენტრაცია მოახდინონ დაახლოებით 24 – 72 საათის განმავლობაში, რომ რუსებმა ვერ შეძლონ მათზე დარტყმების განხორციელება. უკრაინელები ასე აჩქარებული კონცენტრაციით დიდი რაოდენობით თავმოყრას ერიდებიან.

საჰაერო მხარდაჭერის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ როგორც მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების მოგერიებას, ასევე უშუალოდ საჰაერო ახლო მხარდაჭერას შემტევი დანაყოფებისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: