მთავარი,სიახლეები

რა ელით ბათუმის ნაგავსაყარზე მცხოვრებლებს და როდის გაიხსნება ახალი – ინტერვიუ

12.05.2023 • 1511
რა ელით ბათუმის ნაგავსაყარზე მცხოვრებლებს და როდის გაიხსნება ახალი – ინტერვიუ

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, მას ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია.

თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ ახალი ნაგავსაყარი 2022  წლის ივნისში უნდა ამოქმედებულიყო. მალე 2023 წლის ივნისი მოვა, ნარჩენები კი ისევ ძველ ნაგავსაყარზე მიაქვთ.

როგორც „ბათუმელებს“ „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ უთხრეს, მიზეზი, რის გამოც აქამდე ნაგავსაყარმა ოპერირება ვერ დაიწყო, საერთაშორისო ტენდერია, რომელიც გასულ წელს ჩაიშალა. მიმდინარე წელს ტენდერი თავიდან გამოაცხადეს. ახალი გეგმით ახალმა ნაგავსაყარმა მუშაობა 2023 წლის შემოდგომაზე უნდა დაიწყოს.

როდის გაიხსნება ახალი ნაგავსაყარი, რა ელის ძველს და რა გეგმა აქვს სახელმწიფოს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობენ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელს ნოდარ კონცელიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ნოდარ, ახალი ნაგავსაყარი აჭარაში 2022 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო. რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი და როდის გაიხსნება?

როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალი ნაგავსაყარის პოლიგონის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში ცალკეული ტექნიკური საშუალების გაშვება, ოპერირებისთვის მომზადება. დასრულდა მწვანესაფარიანი ზონების მოწყობა. პერიოდულად ვრგავთ მწვანე ხე-მცენარეებს.

როგორც კი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, მობილური ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად სპეციფიკაციები შევიმუშავეთ. 2022 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ვერ შედგა.

ეს ობიექტი [ნაგავსაყარი] არის საკმაოდ რთული და ექსპლუატაციისთვის საჭიროა სპეციფიკური ტექნიკური საშუალების შეძენა.

ამიტომ განვაახლეთ სპეციფიკაციები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან [EBRD] განვიხილეთ ცალკეული ნიუანსები, შევათანხმეთ და 2023 წლის იანვარში განმეორებითი ტენდერი გამოვაცხადეთ.

ნოდარ კონცელიძე

  • რატომ ვერ შედგა ტენდერი? როცა ამბობთ, რომ „კონკრეტული სპეციფიკაციები გაქვთ“, რას გულისხმობთ? რა ტიპის ტექნიკა გჭირდებათ?

გვჭირდება შევიძინოთ კომპაქტორი, რომელიც არის საკმაოდ რთული მექანიზმი. ეს კომპაქტორი ამუშავებს უშუალოდ ნარჩენებს უჯრედში, პრესავს და ასწორებს.

საქართველოში ასეთი ტექნიკა ახალია და არ არის. ჩვენ ორი ერთეული კომპაქტორი უნდა ვიყიდოთ,  რომლებიც ძვირადღირებულია. ეს ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკაა. აქედან გამომდინარე, ამ კომპაქტორის გარეშე ვერ დავიწყებთ ნაგავსაყარის ექსპლუატაციას.

ასევე უნდა შევიძინოთ მუხლუხა ექსკავატორი და სხვა ტიპის ექსკავატორები, მტვირთავები და ა.შ. დაახლოებით 13-14 დასახელების სხვადასხვა ტექნიკური საშუალებაა, რომლებმაც უნდა გადაამუშაონ ნარჩენი უჯრედში.

ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც მექანიკურ-ბიოლოგიურად დაამუშავებს ნარჩენებს. ორგანული ნარჩენი ცალკე წავა, აი, მეორადი რესურსის გამოსაყენებელი კი ცალკე იქნება. ეს დასაწყობდება, დაიპრესება და გადამამუშავებელ საწარმოს მიეწოდება.

  • ამ ეტაპზე რა ხდება?

2023 წლის იანვარში შედგა საერთაშორისო ტენდერი. მიიღება დადებითი გადაწყვეტილება. ჩვენ მიმოწერა გვაქვს და ანგარიში წარდგენილია შეფასებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. ბანკმა უნდა შეაფასოს და დაადასტუროს.

შესაბამისად, როგორც კი დადასტურება გვექნება, გავაფორმებთ ხელშეკრულებას მომწოდებელთან, მომწოდებელი კი მოგვაწვდის მობილურ-ტექნიკურ საშუალებას.

მოწოდებიდან ერთ თვეში ექსპლუატაციის საკითხი დადგება და დავიწყებთ. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას სადღაც  შემოდგომაზე, წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ.

  • როდის დაკონსერვდება ძველი ნაგავსაყარები?

ახალი ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღების პარალელურად დავიწყებთ ბათუმისა და ქობულეთის ორი, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყარის დახურვის ღონისძიებებს.

ამჟამად [ძველი ნაგავსაყარების] დახურვის კონცეფცია მუშავდება. ზაფხულში, დაახლოებით ივლისში, გვექნება საბოლოო კონცეფცია, რომელსაც ამუშავებს საერთაშორისო კომპანია.  მოგვაწოდეს სამუშაო ვერსია და გავდივართ კონსულტაციებს.

ვფიქრობ, რომ როგორც კი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი, პოლიგონი ექსპლუატაციაში შევა, ასევე დაიწყება დახურვის ღონისძიებები. ევროსტანდარტის შესაბამისად მოეწყობა მეთანის დაჭერის ღონისძიებები, მოეწყობა ზედაპირული წყლების შემკრები და გამწმენდი.

სრულიად ევრო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურება ძველი ნაგავსაყარი.

  • რა ელით ბათუმის ნაგავსაყარზე მცხოვრებლებს? ამ ადამიანების ბედი თუ არის სადმე პროექტში გათვალისწინებული?

25 მოქალაქე, მომუშავე პირი გვყავს აღრიცხული. ჩატარდა გამოკითხვა. „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ თანამშრომელი და ძველი ნაგავსაყარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ამონიტორინგებს, ეს ხალხი ნამდვილად თუ ეწევა იქ სამეურნეო საქმიანობას, დადიან თუ არა და ა.შ. იმიტომ, რომ როდესაც დახურვის საკითხი დადგება, მათზე გაიცემა კომპენსაცია.

კომპენსაცია გაიცემა მინიმალური ხელფასის შესაბამისად. ეს არის სტანდარტი განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

ეს ყველაფერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთანაა შეთანხმებული. კომპენსაცია გაიცემა  დახურვის შემდეგ. ჯერ ვერ გეტყვით რა და როგორ. ჯერჯერობით არის მონახაზი, იქნება დაცული ის სტანდარტები და პროცედურა, რაც საერთაშორისო პროექტებს ახლავს.

_______________

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ახორციელებს.

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო.

პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი დაასახელეს, ამჯერად კი – 2023 წლის ბოლო.

ამავე თემაზე:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

გადაბეჭდვის წესი