მთავარი,სიახლეები

„ჩვენ ვაძლევთ დასტურს იმას, რამაც დაამახინჯა ბათუმი“ – სამშენებლო ამნისტიის პროექტი

12.05.2023 • 2433
„ჩვენ ვაძლევთ დასტურს იმას, რამაც დაამახინჯა ბათუმი“ – სამშენებლო ამნისტიის პროექტი

ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტზე თავისი შენიშვნები საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ორმა ორგანიზაციამ წარუდგინა. მათ შორის არის „სითი ინსტიტუტი საქართველო“, კომპანია, რომელიც ბათუმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე, განაშენიანების გენერალურ გეგმაზე [გენგეგმა] მუშაობს.

შენიშვნები და რეკომენდაციები კანონპროექტთან დაკავშირებით „ურბანული განვითარების ინსტიტუტმაც მოამზადა“.  ამ ორგანიზაციამ კანონპროექტის განხილვისა და რეკომენდაციების  მოსამზადებლად 8 აპრილს არქიტექტორებისა და ურბანისტების შეხვედრაც მოაწყო. როგორც  წერილშია განმარტებული, წარდგენილი  რეკომენდაციები სპეციალისტებთან ერთად არის შეჯერებული და არ წარმოადგენს ერთი ორგანიზაციის შეფასებას.

ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების მიზნით სამშენებლო კოდექსში ცვლილების პროექტს  საქართველოს პარლამენტი აჭარის წარმომადგენლების ინიცირებით განიხილავს. პროექტის ავტორები არიან დეპუტატები აჭარიდან: ბათუმის მაჟორიტარი რესან კონცელიძე, ქობულეთის მაჟორიტარი ზაალ მიქელაძე და ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე.

ინიცირებული პროექტით ავტორები ითხოვენ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს.

ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.

პროექტის პირველი ვარიანტის შესახებ ინფორმაციას დეტალურად გაეცანით აქ. 

სპეციალისტები შიშობენ, რომ პროექტის იმ ფორმით დამტკიცება, რა ფორმითაც ის არის ინიცირებული, სერიოზულ რისკებს შეიცავს და დიდია ალბათობა იმისა, რომ ის უკანონო და ქაოსურ მშენებლობებს ქალაქში კიდევ უფრო წაახალისებს.

„ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი, არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აქცენტს აკეთებს კორუფციულ რისკებზეც, რასაც, მისი განმარტებით, პროექტის ბევრი ნაწილი შეიცავს.

„ჩვენ გვქონდა დახურული შეხვედრა. ამ შეხვედრაზე მე ვუთხარი, რომ მათ არ აქვთ უფლება, აირჩიონ ერთი კორპუსის მცხოვრებმა იცხოვროს კარგად და მეორემ არა, ერთს ჩამოეფაროს კედელი და მეორეს – არა. ერთი ადამიანის უფლებები არ შეილახოს და მეორის შეილახოს. ამ კანონში ასეთი ჩანაწერი არსებობს“. 

პროექტის პირველი რედაქცია ორ მუხლში ცვლილებით საქართველოს დარგობრივმა კომიტეტმა  2023 წლის 8 მაისს მეორე მოსმენით მიიღო.  სხდომა არც თუ ისე კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. განხილვას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი ირმა ზოიძე, რომელსაც კრიტიკული პოზიციების დაფიქსირებისა და საკითხის მომხსენებელთან პოლემიკის გამწვავების შემდეგ სხდომა დაატოვებინეს.

ირმა ზოიძე ითხოვდა მისთვის განემარტათ, რატომ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ, როცა მზადდება გენგეგმა, რომელშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი იხარჯება; რატომ იღებენ კანონს ბათუმისთვის და რატომ არ ვსარგებლობთ ერთიანი წესით; რატომ არ განიხილეს სპეციალისტების მოსაზრებები. მან თქვა, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც ორგანიზაციებმა წარადგინეს, თანხვედრაშია სამოქალაქო საზოგადოების პოზიციებთან:

„და როცა თქვენ საუბრობთ მოსახლეობის სახელით, ეს არის პოპულიზმი. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი“ – მიმართა მან რესან კონცელიძეს.

რესან კონცელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ვერ შეხვდა დაინტერესებულ მხარეს, იმიტომ, რომ თბილისშია და ბათუმში არ ჩასულა.

დარგობრივი კომისიის სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა ზოგადად განმარტა პროექტის არსის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ დაზუსტდა პროექტის მეცხრე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დოკუმენტების მიღების პროცესი გაიყოფა ორ ეტაპად და ამ პროცესში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი დოკუმენტების დახარვეზება. ასევე, ხარვეზის დადგენა იქნება შესაძლებელი ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების დროს.  რესან კონცელიძის განმარტებით, „ეს საჭიროა იმისთვის, რომ პროცედურა დროში არ გაიწელოს, რომელიმე დაინტერესებული მხარის მხრიდან“.

კომისიის სხდომაზე საკუთარი პოზიცია მწვავედ დააფიქსირა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა. მისი თქმით, საკითხის განხილვა იმ დრომდე უნდა გადადებულიყო, ვიდრე ავტორები პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჯგუფს არ შეხვდებოდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ შევხვდი კანონპროექტის ავტორებს, სადაც ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა საკითხის განხილვა გადადებულიყო და მომხდარიყო შეხვედრა იმ ჯგუფებთან, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ამ საკითხის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ გვესაუბრა გარკვეულ შეთანხმებაზე,  დღეს მაინც განიხილება საკითხი.

ჩემთვის ეს გაუგებარია.

მე ვიცი, რომ თქვენ ამის თაობაზე წერილიც მიიღეთ ანა ბიბილაშვილისგან.

და რას განვიხილავთ ახლა ჩვენ?  – მე კარგად ვხვდები, რომ მაშინ, როცა ქალაქის თვითმმართველობა არის იმ დღეში, რა დღეშიც არის, მას შეიძლება აკადრო ასეთი რამ, ისე, რომ ბათუმში არავის არაფერს ვეკითხებით, ვიღებთ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანეს, ყველაზე პრინციპულ საკითხზე.

იმას, რაც წლების განმავლობაში უკანონოდ აშენდა, რამაც დაამახინჯა ჩემი ქალაქი, მთლიანად უცვალა ბათუმს იერ-სახე, სადაც გვაქვს ყველანაირი ეჭვი, რომ არაერთგზის იყო კორუფციული გარიგება, ჩვენ ახლა ვაძლევთ საკანონმდებლო დასტურს და ვამბობთ, რომ არა უშავს.“

საკითხის განხილვა სხდომაზე მწვავე დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა, სხდომაზე ძირითადად დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი და დავით ხაჯიშვილი აქტიურობდნენ.

დავით ხაჯიშვილმა რესან კონცელიძე სიცრუეში დაადანაშაულა, მან თქვა, რომ კონცელიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოატყუა, დაჰპირდა მათ შეხვედრას, მაგრამ არ შეხვდა.

წარდგენილი რეკომენდაციების მიხედვით სპეციალისტები თანხმდებიან, რომ  განსახილველი პროექტი პრაქტიკულად სრულად იმეორებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  დედაქალაქისთვის დადგენილ სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებით წესს.

„ბათუმისთვის შემოთავაზებული რეგულირება პრაქტიკულად არ შეიცავს დედაქალაქისგან განსხვავებულ მიდგომებს, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ვარგისად აღიარების საკითხისა.  იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის იდენტურმა წესმა უკვე დაიმსახურა საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა დედაქალაქთან მიმართებით,  ბათუმში წარმოებული ქაოსური მშენებლობების იურიდიული მოწესრიგების კანონპროექტში გამოხატული მიდგომების დეტალური შეფასება ვერ ჩაითვლება მიზანშეწონილად:

„სანებართვო პირობების დარღვევა, როგორც ფაქტი, დაკავშირებული უნდა იყოს უნივერსალურ მიდგომებთან“ – ვკითხულობთ რეკომენდაციებში.

„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ თავის წერილში კონკრეტულ დაზუსტებებს სთავაზობს პროექტის ავტორებს. გარდა ამისა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საკითხის განხილვა გენგეგმის მომზადების პარალელურად კვლევით მიღებული ინფორმაციის სიზუსტეზე იქონიებს გავლენას:

„კანონპროექტის მიღება იგეგმება ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის შემუშავების პარალელურად, რაც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის მონაცემების სიზუსტეზე, ცვლის ფაქტობრივ სამართლებრივ მდგომარეობას და არარელევანტურს ხდის კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობის მიმართ ქალაქგეგმარებითი პროექტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს“.

სხდომაზე საკითხის მომხსენებელი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ადამიანებს უწევთ დაურეგისტრირებელ ფართობებში ცხოვრება, იმის გამო, რომ ისინი უკანონოდ, პროექტის დარღვევით არის აშენებული და ეს აქ მცხოვრებლების ბრალი არ არის, მათ სჭირდებათ, რომ ეს სახლები მერიამ ექსპლუატაციაში მიიღოს. ამ საკითხს ცალკე განხილვა სჭირდება, რადგან  ჩვენ ვიცით ბევრი შემთხვევის შესახებ, როცა რეესტრმა უკანონოდ აშენებული ფართობები დაარეგისტრირა, შეზღუდვა მხოლოდ  2022 წელს ამოქმედდა.

კომიტეტის სხდომაზე რესან კონცელიძემ თქვა, რომ  ორგანიზაციების წერილებს ჯერ არ გაცნობია.

სპეციალისტები ითხოვენ, რომ ეს საკითხი პარლამენტმა „ერთი ხელის მოსმით არ განიხილოს“. იმავეს ითხოვდა სხდომაზე არმაზ ახვლედიანიც:

„ახლა საკითხის განხილვა და მით უმეტეს, მისი მიღება არის დაუშვებელი… ნურავინ ჩათვლის, იმიტომ, რომ ახლა, ამ თემაზე საპროტესტო აქციები არ არის, თქვენ, როგორც ჩანს, ვერ დაინახეთ ბათუმელების პროტესტი, ამან შეიძლება ასე გადაიაროს.

მე გპირდებით ყველას, ვინც ეს მოიფიქრა, ვისაც გამოგაქვთ, ბატონო რესან, მიუხედავად ჩვენი საუბრებისა და მიუხედავად იმ უხერხული მდგომარეობისა, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, თქვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით… მე ამას შევეწინააღმდეგები ყველა გზით და საშუალებით“.

გადაბეჭდვის წესი