მთავარი,სიახლეები

სკვერი და შადრევანი ბათუმში, რაშიც მერიამ 309 778 ლარი დახარჯა

03.05.2023 • 3877
სკვერი და შადრევანი ბათუმში, რაშიც მერიამ 309 778 ლარი დახარჯა

„ეს შადრევანი არასდროს ჩართულა,“ – გადმოგვძახეს თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა, როცა ვიკითხეთ: ბოლოს როდის ჩართეს ახალი შადრევანი?

ბათუმში, თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე სკვერისა და შადრევნის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ბოლოს ჩაიბარა მერიამ, თუმცა შადრევანი არ მუშაობს – აქ შადრევნის აუზში გამდინარე წყალში ჩაყრილი და ერთმანეთში ახლართული ელექტროსადენები დაგხვდებათ. შადრევანშია ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელიც.

ასე გამოიყურება შადრევანი 2 მაისს. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

ახალი შადრევანი ბათუმის რელიგიის მუზეუმთან

„თომა, გამოიწიე აქეთ“ – ქალი პატარა ბიჭს მიმართავს, რომელიც შადრევნის ირგვლივ დარბის. ქალს ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა ამბობს, რომ თბილისის ინციდენტის შემდეგ, როცა შადრევანში ბავშვი დაიღუპა, ახალ შადრევანს შიშით უყურებს.

„როცა აწყობდნენ შადრევანს, მაშინ გასინჯეს და ჩართეს, ხელოსნებიც აქ იყვნენ. ეს გასული წლის შემოდგომაზე იყო. მერე შადრევანი არ ჩართულა,“ – ამბობს ქალი და თომასთან ერთად შადრევნის ტერიტორიას ტოვებს.

„მახსოვს, ბოლოს ახალი წლის დღეებში ჩართეს, მერე არ ჩაურთავთ, არ ვიცი, რატომ“, – გვიყვება ნანული კუნჭულია, რომელმაც შადრევანთან ახლოს მდებარე კორპუსიდან გადმოგვხედა.

„მგონი, არც არის დასრულებული, მე მაქ ფანტანი არ მინახავს,“ – ამატებს კიდევ ერთი ქალი, რომელიც სადარბაზოდან გამოდის.

შადრევანთან ახლოს ახალი ფილები დაუგიათ, აქ რამდენიმე ახალი სკამიც ჩაუდგამთ, რომელთა ზედაპირიც უკვე დაბრეცილია. გამოკეტილია თავად რელიგიის მუზეუმიც.

სკამი რელიგიის მუზეუმთან არსებულ სკვერში / 2.05.2023

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბათუმის მერიამ, კონკრეტულად კი კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველომ, 309 778 ლარი დახარჯა რელიგიის მუზეუმთან ახალი სკვერისა და შადრევნის მოსაწყობად. სამუშაოები გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – „ჯიზი გროუფმა“ შეასრულა.

მერიის სამმართველოს ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია თანხის დეტალური ხარჯვის შესახებ. გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, „შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს“.

მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი, აკაკი ბერიძე ამტკიცებს, რომ „შადრევანი მუშაობს ჩვეულებრივად“. თუმცა ბათუმის მერიის სხვა თანამშრომლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნის ნათქვამი სიმართლე არ არის.

„შადრევანი მუშაობს ჩვეულებრივად, თუ ახლა გათიშულია, ესე იგი, რაღაც მოვლა-შენახვის სამუშაოებს აწარმოებენ… სერვისების მართვის სააგენტოსთვის არის გადაცემული მოვლა-შენახვაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აკაკი ბერიძემ, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა.

სერვისების მართვის სააგენტოში კი,  გვითხრეს, რომ რელიგიის მუზეუმის წინ მდებარე შადრევანი სააგენტოსთვის მართვაში ჯერ არ გადაუციათ. ეს სააგენტო უვლის საზოგადოებრივ სივრცეებში არსებულ შადრევნებს.

რატომ არ მუშაობს შადრევანი? – ვკითხეთ ბათუმის მერიის თამარის დასახლების ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს, თეიმურაზ ბაკურიძესაც.

„არ არის ჩართული, რადგან უსაფრთხოების ტესტი ჯერ არ არის ჩატარებული. ამ კვირის ბოლომდე მაქსიმუმ ჩაირთვება. გადმობარება უნდა მოხდეს სერვისცენტრზე. ტესტირება ჩასატარებელია უსაფრთხოებაზე,“ – გვითხრა თეიმურაზ ბაკურიძემ.

ბიზნესმენი კი, რომელმაც შადრევანი მოაწყო, აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ შადრევანი შემკვეთს ჩააბარა.

„ჩაიბარეს ეს სამუშაოები ჩვეულებრივად, რამე პრობლემა რომ ყოფილიყო, დაგვირეკავდნენ, საგარანტიო აქვს, შადრევანი ჩაბარდა და ფუნქციონირებდა,“ – გვიპასუხა ზურაბ ცეცხლაძემ, კომპანიის „ჯიზი გროუფის“ ხელმძღვანელმა.

კომპანიის ხელმძღვანელს ვკითხეთ: რამდენად სწორია ელექტროსადენი პირდაპირ, შეფუთვის გარეშე იყოს ჩაყრილი შადრევნის აუზში?

„…თურქეთიდან მყავდა სპეციალისტები ჩამოყვანილი, გავერკვევი, თუ რამე პრობლემები არის“, – აღნიშნა ზურაბ ცეცხლაძემ.

პროექტის მიხედვით, ასეთი შადრევანი უნდა მოწყობილიყო რელიგიის მუზეუმთან / ესკიზი პროექტიდან

ახალი შადრევანი ბათუმის რელიგიის მუზეუმის წინ / 2.05.2023

„მოსახლეობასთან ერთად მაქვს მე ეს შადრევანი გახსნილი, წელსაც ჩართული იყო, მოგწერთ ყველაფერზე წერილობით, ობიექტზე ვარ გასული,“ – გვიპასუხა აკაკი ბერიძემ.

„ბათუმელებმა“ რელიგიის მუზეუმის წინ და „მეგრულ-ლაზურ რესტორანთან“ მდებარე სკვერებზე სტატია 26 აპრილს მოამზადა. მაშინაც კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ და საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა.

სტატიაში ვწერდით, რომ ორი სკვერის მოსაწყობად მერიას ხელშეკრულება 1 მილიონ 21 ათას 260 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც ნახევარ მილიონზე მეტი – 524 257 ლარი ჩაურიცხეს კომპანია „ჯიზი გროუფს“, იმ დროს, როცა „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანთან არსებულ სკვერში გავლაც კი რთულია, ნაწილი კი, დაჭაობებულია.

ამ ნახევარი მილიონიდან, სულ ცოტა, 309 778 ლარი რელიგიის მუზეუმთან არსებული სკვერისთვის დაიხარჯა.

კომპანია „ჯიზი გროუფთან“ ხელშეკრულება შეწყდა 2022 წლის 23 დეკემბერს – ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. რატომ გადაუხადეთ კომპანიას 2022 წლის დეკემბერში 195 750 ლარი [ჯამში კომპანიისთვის გადახდილია 524 257 ლარი], როცა დეკემბერშივე იცოდით, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რაც საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ კეთილმოწყობის სამმართველოდან. საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

„დღეს საღამოს იქნება, მაგალითად, ჩართული შადრევანი?“ – ვკითხეთ აკაკი ბერიძეს.

„ცუდად მესმის, მომწერეთ და ისე გიპასუხებთ,“ – გვიპასუხა ბათუმის მერიის მაღალჩინოსანმა.

ასე გამოიყურება შადრევნის აუზი რეაბილიტაციის შემდეგ, ბათუმში, რელიგიის მუზეუმთან / 2.05.2023

„მივმართავთ მერიას, რომ ჩართონ შადრევანი, რადგან ახლოვდება ზღვის სეზონი,“ – ეს უკვე სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა, თეონა ზოიძემ გვითხრა. ამ გაერთიანების ნაწილია რელიგიის მუზეუმიც, რომელიც დღეს, 2 მაისს, დაკეტილი დაგვხვდა.

თეონა ზოიძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ რელიგიის მუზეუმი არ გახსნილა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.

„…რადგანაც მუზეუმი იყო სარემონტო, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, მაგრამ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა… რადგან ზაფხულის სეზონი ახლოვდება, გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით ჩავატაროთ ეს სარემონტო სამუშაოები, მუზეუმი გაიხსნება სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში, შადრევანი კი ჩვენზე არაა დამოკიდებული,“- აღნიშნა თეონა ზოიძემ.

სამუზეუმო გაერთიანებას ხელშეკრულება კომპანია „დიდ გზასთან“ 47 774 ლარზე გაუფორმებია 2022 წელს. სამუშაოების შესრულების ვადა – 2 თვე.

რაც შეეხება სკვერს „მეგრულ-ლაზურთან“, კომპანია „ჯიზი გროუფის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ცეცხლაძემ გვითხრა, რომ ვალდებულებები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ ვერ შეასრულა. ბიზნესმენს არ ახსოვს, ქვეკონტრაქტორის სახელწოდება ან მიზეზი, რის გამოც სკვერი ვერ მოეწყო.

ზურაბ ცეცხლაძემ განმარტა, რომ მას მხოლოდ ის თანხა ჩაურიცხეს, რა სამუშაოებიც შეასრულა. „დაახლოებით 120 ათასამდე ჯარიმა გადავიხადეთ, თავისთავად პირგასამტეხლო გამოაკლდა ფაქტობრივ სამუშაოებს,“ – დასძინა ზურაბ ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელების“ წინა სტატიას, სადაც „მეგრულ-ლაზურ რესტორანთან“ მდებარე სკვერში არსებული მდგომარეობა იყო აღწერილი, განხილვა მოჰყვა ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე.

29 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. „ოცნების“ ფრაქციამ შესრულება დადებითად შეაფასა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე აკაკი გვიანიძემ ბიუჯეტის შესრულების ეჭვქვეშ დაყენების საილუსტრაციოდ „ბათუმელების“ სტატიები არ გამოიყენა.

ამას მოჰყვა საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსის ვრცელი განმარტება, რომელიც ასე დასრულდა:„ არც ერთი თეთრი არ წაუღია იმ კომპანიას იმ შეუსრულებელ სამუშაოებზე.“

„რაც შეასრულა, ის ჩავრიცხეთ და რაც არა – არა“ – განმარტა კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმაც. ის კი არა და, „შავ სიაშიც“ გავუშვითო. შესრულებულ ნაწილში აკაკი ბერიძემ რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ არსებული სკვერი დაასახელა: „შადრევანი მოეწყო და ახალი განათებაც დამონტაჟდა“.

„ხომ ვამბობდი, „ბათუმელები“ ტყუის“ – თქვა მინდია გოგუაძემ „ოცნებიდან“, მან ამ თემაზე ხუთი წუთი ილაპარაკა, პათოსით – „ბათუმელები“ მოსახლეობას ატყუებს.

როგორც იქნა, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესაც მიეცა ამ თემაზე სიტყვის თქმის საშუალება: „.. აღმოჩნდა, რომ ტყუილია, „ბათუმელების“ ინფორმაცია, რაც წაიკითხა და რაც  გააჟღერა… ახლა მე მინდა ბოლომდე მივაწვე ამ ჩემს პირველ ჩვენებას, უამრავი ასეთი ქეისი დამისახელეთ რა, ველოდები ჩამონათვალს ფოსტაზე “ – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.

___

ამავე თემაზე:

დაჭაობებული სკვერი ბათუმში, რაშიც მერიამ ნახევარი მილიონი დახარჯა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: