კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

რას ცვლის ხელისუფლება ფარული მიყურადების კუთხით

07.06.2016 •
რას ცვლის ხელისუფლება ფარული მიყურადების კუთხით

ზუსტად 101 შემთხვევაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ბათუმში 2015 წელს. ფარულ მოსმენებზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას 14-ჯერ უთხრა უარი, 1 საქმეზე კი მასალის განადგურება მოსთხოვა. წინა წლებთან შედარებით, ფარული სატელეფონო მოსმენის მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაში შემცირებულია, თუმცა პარლამენტს აუცილებლად მოუწევს ფარული მოსმენების გასაღების ჩამორთმევა საგამოძიებო ორგანოებისთვის – 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია არსებული მოდელი.

დღევანდელი მოდელით, საგამოძიებო ორგანომ უნდა დაასაბუთოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა, მაგალითად, სატელეფონო მიყურადებაზე და მიმართოს სასამართლოს. მოსამართლის თანხმობის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია შევიდეს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მოქალაქეს მოუსმინოს. მის კანონიერებაზე კონტროლის უფლება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. მას შეუძლია შეუწყვიტოს ზარი გამომძიებელს, თუკი, მაგალითად, ის სასამართლო განჩინებაში მითითებულ დროზე მეტხანს, სხვა დროს, ან სხვა პირს მოუსმენს.

გასულ წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან სატელეფონო მიყურადებაზე 658 დოკუმენტი შევიდა, აქედან 43 შემთხვევაში პროკურორებმა ინსპექტორისგან უარი მიიღეს. სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენის გარდა, სხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვერ აკონტროლებს.

სასამართლოსგან თანხმობა საგამოძიებო ორგანომ შესაძლოა ფარული მოსმენის განხორციელების შემდეგ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურამ გადაუდებელი აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს.

2015 წელს პროკურატურის გადაუდებელი აუცილებლობით 61 პირისთვის მოუსმენია, აქედან 26 შემთხვევაში სასამართლოს მასალის განადგურება მოუთხოვია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით: „გამოვლინდა 26 შემთხვევა, როცა დროულად არ იქნა წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედების საფუძველზე მოპოვებული და უკანონოდ ცნობილი მასალის განადგურების ოქმები.“
ბათუმის საქალაქო სასამართლოს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ 2014 წელთან [პროკურატურის 60 შუამდგომლობიდან 55 დაკმაყოფილდა] შედარებით 2015 წელს [17-დან დაკმაყოფილდა 14] სატელეფონო მოსმენის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

„ნაკლებად ველოდები უმრავლესობამ კანონპროექტს დაუჭიროს მხარი, რასაც ვთავაზობთ“, – გვითხრა შალვა შავგულიძემ, პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მდივანმა. ის და დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე დღეში დაარეგისტრირებენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული საგამოძიებო მოქმედების უფლება აღარ ექნება. კანონპროექტის მიხედვით, ამ სერვისს საგამოძიებო ორგანოებს სპეციალური სააგენტო გაუწევს, რომელსაც პარლამენტი დააკომპლექტებს. „მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს სააგენტო იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და არ ჰქონდეს საგამოძიებო ინტერესი. ეს ორგანო მთლიანად უნდა იყოს დისტანცირებული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას პროცესის ზედამხედველობისთვის საპარლამენტო საბჭო, რომელსაც ექნება ტექნიკური აუდიტის შესაძლებლობა“, – ამბობს სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის ახალი მოდელი 2017 წლის 31 მარტამდე უნდა შემუშავდეს და გასაღებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს პროფესიულად დაინტერესებულ მხარეს. „ეს მოცემულობა აიძულებს უმრავლესობას, გადაწყვეტილება მიიღოს. არ ვიცი, შეიძლება, სხვაგვარად აუარონ გვერდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო ორგანოს ეს გასაღები არ უნდა ჰქონდეს. უმრავლესობამ გაკეთებული საქმე უკვე გააფუჭა“, – ამბობს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე.

დეპუტატი თავად იყო იმ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც საგამოძიებო ორგანოებისთვის განუსაზღვრელი ფარული საგამოძიებო მოქმედებების უფლება შეზღუდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით. „2014 წლის პირველ აგვისტოს, როცა კანონში ეს ცვლილებები შევიდა, ღია დარჩა მხოლოდ გასაღების ნაწილი, რადგან ეს უკავშირდებოდა ბევრ ტექნიკურ მომენტს, რაც შესწავლილი არ იყო. მივლინებით აშშ-ში ვიმყოფებოდი, როცა მოულოდნელად ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით კანონში შევიდა ცვლილება და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე წვდომის უფლება, ანუ გასაღები დაინტერესებულ მხარეს – უსაფრთხოების სამსახურს ჩააბარეს. ასეთი აბსურდი მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება“, – გვიყვება შალვა შავგულიძე.

რას ფიქრობენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე ან ირაკლი სესიაშვილი სპეციალური სააგენტოს შექმნაზე? – კითხვაზე საპასუხოდ დეპუტატებმა ორი კვირის განმავლობაში ვერ მოიცალეს. რა პწოზიცია აქვს მეორე გასაღების მფლობელს, ანუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს – „ბათუმელებმა“ ასევე ვერ შეძლო პასუხის მიღება თამარ ქალდანის უწყებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით საგამოძიებო ორგანოებმა სასამართლო სისტემას ფარული საგამოძიებო მოქმედების უფლების მისაღებად მიმართეს 2719-ჯერ, აქედან 2098 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ლიდერობს თბილისი = 1854 შემთხვევით, ბათუმი კი მეოთხე ადგილზეა მაჩვენებლით – 115. ფარული მიყურადებით გასულ წელს მხოლოდ თეთრიწყაროს საგამოძიებო ორგანოებს არ უსარგებლიათ. მოთხოვნა მათ ერთხელ დაუყენებიათ, მაგრამ სასამართლოს უარი უთქვამს. იმავე მოთხოვნით ხელვაჩაურის სასამართლოში 2015 წელს 10 შუამდგომლობა შესულა, აქედან 5 დაკმაყოფილდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: