მთავარი,სიახლეები

პოლიცია ერთდროულად იყენებს გაზსა და წყლის ჭავლს – საიას განცხადება

09.03.2023
პოლიცია ერთდროულად იყენებს გაზსა და წყლის ჭავლს – საიას განცხადება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 9 მარტს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევასთან დაკავშირებით და შს სამინისტოს მოუწოდებს შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით.

„ამ წუთებში [2:50 სთ] რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება.

როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს.

ამასთან, ადგილი აქვს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიურად, დროში შემჭიდროვებულ შუალედებსა და დიდი რაოდენობით გამოყენებას, რასაც, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, აქვს მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის ტოლფასი ეფექტი.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით;
  • შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების მყისიერი და ეფექტიანი წარმოება“ – წერს საია.

  • რა ხდება?

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 და 8 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

________________________________

ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: